შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყულალისელები [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23026 
 12 ივნისი 2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ყულალისი პამაჯის თემში შედის და მუნიციპალური ცენტრიდან ექვსი კილომეტრით არის დაშორებული. სოფელში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს, სულ 44 ოჯახი. სოფლის ადრინდელი სახელი არყისციხე ყოფილა, თუ რატომ ჰქვია ახლა სოფელს ყულალისი, ადგილობრივებმა არ იციან. ყულალისში ცხოვრობენ პეტროსიანები და ქრტიანები, აგრეთვე – მესამე გვარი გრიგორიანი, ერთი ოჯახი. სოფელში მცხოვრებნი ქრისტიანები არიან, თუმცა ამიხსნეს, რომ პეტროსიანები - სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნიან. ქრტიანები კი კათოლიკე სომხები არიან.ყულალისში უჩვეულო სიწყნარეა. ცარიელია სოფლის ორღობეებიც. სოფელში არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი. სკოლის მოსწავლეებიც და სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც საბავშვო ბაღსა და საჯარო სკოლაში პატარა პამაჯში დადიან. აქაურები ერთი სიტყვით რომ დაახასიათო, ეს სიტყვა იქნება „მშრომელი“. ირგვლივ ეზოებს, მიწის ნაკვეთებს გამრჯე გლეხის ხელი ამჩნევია. სწორად, რიგში დარგული ლობიო, თავისი ხის სარებით, მაჩვენებელია იმისა, რომ აქ შრომა უყვართ.კარტოფილის ყანებიც გასუფთავებულია სარეველებისგან. აქაურების ძირითადი შემოსავალი, რუსეთში წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი ფულის გარდა, მიწა და ძროხააა. ლენა პეტროსიანი 55 წლისაა, 35 წელია სოფელ ყულალისში ცხოვრობს.„ჩვენ სულ ვშრომობთ. დღე იწყება და სრულდება საქმით. დილის ექვსის საათიდან, ზამთარში კი შვიდიდან, ფეხზე ვართ. მივეჩვიეთ ასე ცხოვრებას. დღე ისე გარბის, ვერ ვიგებ. ამიტომ თავს გამოვუყავი დრო შუადღით და დავარქვი შესვენება, როცა ყავას ვსვამ. ამდენი წელიწადია ყოველდღიურად ვშრომობ. მხოლოდ ერთხელ ვიყავი ერევანში, ეგ იყო და ეგ“, – ამბობს ის.ლევონ ქრტიანი 86 წლისაა, ის 84 წლის მეუღლესთან, შუშანიკ ქრტიანთან ერთად ყულალისში ცხოვრობს. „დავბერდი, მთელი ახალგაზრდობა ვშრომობდი. ჰექტრობით ყანებს ვამუშავებდი, ძროხებს ვუვლიდი, რუსეთშიც დავდიოდი. ახლა პენსიონერი ვარ და გაჩერება მაინც არ შემიძლია. ხან რას გავაკეთებ, ხან რას. ცოცხალი თუ ხარ, უნდა იშრომო“, – ამბობს ლევონ ქრტიანი. ცოლ-ქმარს სამი ქალიშვილი ჰყავთ.„ერთი გოგო სჯობს ათ ბიჭს“, - გვეუბნება ლევონ ქრტიანი და გვიყვება, რომ სამივე შვილს უმაღლესი განათლება აქვს. ახლა სამივე გათხოვილია, ორი რუსეთში ცხოვრობს, ერთი ახალციხეში. მოხუცებს ისინი უვლიან, - „ჩვენი პენსია წამლებში იხარჯება. შვილები გვპატრონობენ“.„სამშობლო ყოველთვის გეძახის“, - ამბობს რიტა ქრტიანი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის ყულალისში, – „აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ დავამთავრე სკოლა. მინდა ვიცოდე ქართული, მაგრამ სკოლაში კვირაში ერთხელ, ერთი გაკვეთილი გვიტარდებოდა და ამიტომაც ვერ ვლაპარაკობ, თუმცა ყველაფერი მესმის “, – ამბობს რიტა.ქრტიანები და პეტროსიანები თანხმდებიან ერთ საკითხზე, რომ თუ იქნება დასაქმება და შესაბამისი ანაზღაურება, სოფლიდან რუსეთში სამუშაოდ არავინ წავა. სოფელში შემორჩენილია ციხესიმაგრის ნაშთი, რომლის ირგვლივ საცხოვრებელი სახლებია. „არყისციხე მდგარა ბორბოლისხევის მაღალ, კლდოვან ნაპირზე. ციხის აქ აშენებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან აქ გადადიოდა გზა ბორბოლისხევით ფოცხოვისა და არტაანისკენ. „მატიანე ქართლისა“ მოგვითხრობს, რომ XI საუკუნეში ბაგრატ IV-ის ერთგულმა სულა კალმახის ერისთავმა და გრიგოლ არტანუჯის ერისთავმა მეფეს ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ მოუხმეს. მათ მიემხრნენ სხვა მესხი აზნაურებიც. ბაგრატმა გადმოიარა რკინის ჯვრის უღელტეხილი (ზეკარი) იმერეთ-სამცხის საზღვრებზე და არყისციხეში შეხვდა მოკავშირეებს. 1047 წელს კახელებისა და ბერძენ-სომეხთა დამხმარე ლაშქრით ლიპარიტი მოულოდნელად თავს დაესხა მეფეს და არყისციხესთან ბრძოლაში დაამარცხა იგი. სულა კალმახის ერისთავი და გრიგოლ აბუსერისძე ტყვედ ჩავარდნენ. ამ გამარჯვებით ლიპარიტმა ზემო ქართლის დაპატრონება შეძლო. XII-XIII საუკუნეებში ერთი ხელნაწერის ანდერძი გვამცნობს, რომ წიგნი, თქმული გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ, წარმოუგზავნია მესხ აზნაურს, არყისციხელ გაბას, რომელიც არყისციხის პატრონი უნდა ყოფილიყო ამ დროს. წიგნი აღუწერია გაბას მამის ბიძას, საფარის წინამძღვარს ეფრემს. სოფ. არყისციხე „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (XVI ს.) მიხედვით, იხსენიება ახალციხის ლივის ჩილდირის რაიონში. ამ დროს ციხე აღარ ფუნქციონირებდა, ხოლო ბორბოლისხევის გზას ხევის ზედა წელში ჩადგმული ორალის ციხე აკონტროლებდა“.[გულო კოხოძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია