შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ენზელ მკოიანის წინააღმდეგ პროკურატურას ძიება არ დაუწყია

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24474 
 08 ოქტომბერი 2019
პროკურატურაში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავენ, რომ ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების ყოფილი დირექტორის განცხადებაზე, რომელიც დეპუტატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ძიება არ დაწყებულა იმ მოტივით, რომ დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.პროკურატურაში ამბობენ, რომ გინოსიანის განცხადებაზე რეაგირებაც მოახდინეს და რაიონულ პროკურატურაში თავად ნარინე გინოსიანიც გამოიკითხა. ბაღების ყოფილი დირექტორის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე კი აცხადებს, რომ პროკურატურამ გინოსიანი მას შემდეგ გამოკითხა, რაც მათ სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა.„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, მათ რეაგირება არ ჰქონიათ არაფერი, ჩვენი განცხადება ხან ფინანსურ პოლიციას გადაუგზავნეს ხან გენინსპექციას, რომლებსაც ასევე რეაგირება არ მოუხდენიათ და შეწყვიტეს საქმის მოკვლევა. ბოლოს როცა სახალხო დამცველმა მიმართა პროკურატურას რეაგირება მოახდინეთო, ვითომ გამოკითხვაზე დაიბარეს“, – გვიხსნის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.მისივე თქმით, მათ განცხადებაზე, რეაგირება არ მოუხდენია საქართველოს პარლამენტსაც, რომელსაც კომიტეტებში, მკოიანის საქმის განხილვას და შესაბამისი რეაგირების მოხდენას ითხოვდნენ: „დავარეგისტრირეთ პარლამენტში წერილი და იქ დამთავრდა ყველაფერი, არც განუხილიათ, და არც რაიმე შეტყობინება მოგვსვლია ორი თვის განმავლობაში დგანან და უყურებენ წერილს თხა და გიგოსავით“.ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი ბუღალტერი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თანხების მითვისებასა და გაფლანგვისათვის, 19 ივლისს პასუხისგებაში მისცა, სასამართლომ კი ორივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლა.ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა, პირველად „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ძიებას, ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატ ენზელ მკოიანს უკავშირებდა, რადგან მკოიანი მასთან ინტიმური კავშირის დამყარებას ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო და დაემუქრა.„სამხრეთის კარიბჭეში“ მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, მკოიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და გინოსიანის ბრალდებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაგეგმილ ბინძურ კამპანიად შეაფასა. ნარინე გინოსიანის საქმით დაინტერსდა ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარი“, რომელიც ბაღების გაერთიანების დირექტორის უფლებებს იცავს.[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება