შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მანქანის გამონაბოლქვზე კონტროლი გამკაცრდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24461 
 07 ოქტომბერი 2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიზეზი და კანონის გამკაცრება, ქუჩებში მავნე გამონაბოლქვიანი ავტომანქანების მოძრაობის გახშირებამ განაპირობა.გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნელი კორკოტაძის თქმით, ინიციატივაზე მუშაობა ზედამხედველობის დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს. დეპარტამენტში ამბობენ, რომ კანონში ცვლილებების შემდეგ, ტრანსპორტს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის წარმომადგენლები და საპატრულო ეკიპაჟები სპეციალური ხელსაწყოთი ეჭვის საფუძველზე შეამოწმებენ.„ჩვენი და შსს–ს თანამშრომლები იმ შემთხვევაში შეამოწმებენ ტრანსპორტს როდესაც გამონაბოლქვი მუქი ფერის ექნება და გაზომავენ მის შემცველობას, ამის მიხედვით იქნება სანქციები“, – ამბობს ნელი კორკოტაძე.მძღოლებს, რა სახის რეგულაცია ექნებათ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ჯერ კანონპროექტი მუშავდება და ამაზე ჯერ ჩამოყალიბებულნი არ არიან.ინიციატივას, გამონაბოლქვის კონტროლთან დაკავშირებით დადებითად აფასებენ ახალციხელი მძღოლები.„ძალიან კარგი ინიციატივაა, ქალაქში ბევრი მანქანა დადის და გარემოს აბინძურებს, ზოგჯერ ისეთი სუნია ქუჩაში ვერ გახვალ. თან არის მანქანების კატეგორია, რომლებიც არც უნდა დაუშვან, რომ ქალაქში იარონ, მაგრამ ამას არავინ აკონტროლებს“, – გვეუბნება მძღოლი ოგანეს არუთინოვი.ადგილობრივების თქმით, გამონაბოლქვთან ერთად პირველ რიგში ის საწვავი უნდა გაკონტროლდეს რასაც ტრანსპორტში ასხამენ: „კაცმა არ იცის საიდან შემოდის საწვავი და რას ვიყენებთ, სწორედ მაგედან აქვს მავნე ნივთიერებებით სავსე გამონაბოლქვი და გარემოც ბინძურდება“.„ათას დაავადებას აჩენს, ისეც არ გვაკლია ახლა გამონაბოლქვმა დაგვაავადმყოფოს. რასაც ვხედავ ძირითადად ძველი ტრანსპორტი დადის და გამონაბოლქვით აბინძურებს, ესე არ შეიძლება ან უნდა აკრძალონ ძველი ტრანსპორტით სიარული ან რაღაცა რეგულაციები უნდა იყოს, უფრო სუფთა ქალაქი რომ გვქონდეს“, – გვეუბნება ტაქსის მძღოლი, რომელიც წლებია ახალციხის ქუჩებში მოძრაობს.ახალციხეში ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის დირექტორი ნუგზარ აღდგომელაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ყოველდღიურად ავტომობილებში გამონაბოლქვის გამო არაერთი ავტომობილი ვერ გადის ტექდათვალიერებას.„დღეს მაგალითად ხუთამდე მანქანა გავუშვი, იმიტომ რომ გამონაბოლქვში ზომაზე მეტი მავნე ნივთიერებები იყო და ყოველდღე ესეთი სიტუაციაა. მე კონკრეტულ მიზეზებს ვერ გეტყვით, რატომ არის ავტომობილის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი ძველი მანქანებია“, – გვიხსნის ნუგზარ აღდგომელაძე.როდის შევა ახალი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, კონკრეტული დრო ჯერ უცნობია, თუმცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გვიხსნიან, რომ ინიციატივას კანონპროექტის სახით, პარლამენტში მალე შეიტანენ, რათა საშემოდგომო სესიებზე მოხდეს მისი განხილვა.გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ნელი კორკოტაძის თქმით, ახალი რეგულაციები ჯერ დედაქალაქში განხორციელდება და შემდეგ უკვე ქვეყნის სხვა რეგიონებს მოიცავს. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი