შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლება, რომელიც ფონს გასვლას სხვისი შავი პიარით ცდილობს, მალე და ცუდად დაამთავრებს - ლაგაზიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37652 
 13 აპრილი 2019

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც დღეს ფილარმონიაში "დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, აცხადებს, რომ "ხელისუფლება, რომელიც ფონს გასვლას სხვისი შავი პიარით ცდილობს, მალე და ცუდად დაამთავრებს".

როგორც ლაგაზიძემ "2020NEWS"-ს განუცხადა, სახეზეა სერიოზული სიმპტომი, რომ ხელისუფლების შეცვლა იწყება.

"დღეს დარბაზი იყო სავსე. მთავარი შთაბეჭდილება არის ის, რომ თბილისის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადადის ახალი პოლიტიკური ჯგუფის, ახალი ლიდერების ძიებაზე და მზად არის სერიოზული პროტესტი გამოხატოს მმართველი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია, იმიტომ რომ, ხელისუფლების ცვლილებები სწორედ ასე იწყებოდა. ეს უნდა აღმოჩნდეს სიგნალი "ქართული ოცნებისთვის". მე მათ ადგილზე გუნდიდან წასული და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისგან მტრებს არ გამოვჩეკავდი.

ხელისუფლება, რომელიც ფონს გასვლას სხვისი შავი პიარით ცდილობს, ის ხელისუფლება მალე და ცუდად დაამთავრებს. რაც შეეხება თავად "დაიცავი საქართველოს“ პერსპექტივას, ეს ბევრ რამეზე არის დამოკიდებული. ასპარეზზე ბევრი ახალი პოლიტიკური ჯგუფი გამოდის. მათ შორის, "ახალგაზრდა სოციალისტები“, დავით ჭიჭინაძემაც დააანონსა, რომ ახალი პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს, ანა დოლიძის მიმართ არის სერიოზული მოლოდინი...

მოხდება თუ არა ამ ადამიანების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება და აღმოჩნდება თუ არა "დაიცავი საქართველო“ შემკრები ძალა, ამაზე იქნება მისი პოლიტიკური მომავალი დამოკიდებული. თუ მოხდება ისე, რომ 5-6 ახალი პოლიტიკური ჯგუფი შემოვა ასპარეზზე და ისინი ვერ გამონახავენ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს, მათი პოლიტიკური წონა ძალიან სუსტი და მყიფე იქნება", - აცხადებს ლაგაზიძე.

მისივე თქმით, მონსტრთან გამკლავება ადვილი არ იქნება. "იმისათვის, რომ მონსტრს გაუმკლავდე და მისი ჩანაცვლება თუ არა, შევიწროება მაინც შეძლო, შენ თვითონ უნდა იყო ძლიერი და შემკრები ძალა. რამდენად შეასრულებენ ამ ფუნქციას და იქნებიან თუ არა მიმზიდველები სხვა მოთამაშეებისთვის, ამაზეა დამოკიდებული მათი პოლიტიკური მომავალი", - აცხადებს ექსპერტი.

შეგახსენებთ, დღეს პოეტ დავით მაღრაძის ინიციატივით, ფილარმონიაში "დაიცავი საქართველოს" შეკრება გაიმართა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება