შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შვიდი არანაცური ცოდვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40511 
 11 აგვისტო 2019

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შვიდი არანაცური ცოდვა. 

ამას წინათ ერთმა იუზერმა იკითხა, რა ქნა ამ ხელისუფლებამ ისეთი, წინას რომ არ უქნია უფრო უარესადო.

საინტერესო კითხვაა თავისთავად და შევეცდები ცოტა ვრცლად ვუპასუხო

სანამ ასეთი ცოდვების ჩამოთვლაზე გადავალ, იმასაც აღვნიშნავ, რომ ჯერ ერთი, ასეც რომ იყოს, ეს არანაირი შეღავათი ამ ხელისუფლებისთვის არაა. როცა სხვისი მიქარულის გამოსწორების დაპირებით მოდიხარ და მერე იგივე მიქარვებს იმეორებ (არა აქვს მნიშნელობა რა ინტენსივობით), უკვე ამიტომ არა ხარ არაფრით უკეთესი წინამორბედზე, თუ უარესი არა.

თუმცა, ამ ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ წინა ხელისუფლების ცოდვათა აბსოლუტური უმრავლესობა შესაშური გულმოდგინებით გაიმეორა, ასევე შემოგვთავაზა გარკვეული სიახლეებიც. კერძოდ:

1. "ხალხის რისხვის" იმიტაცია, ანუ პარტიული აქტივის, საჯარო მოსამსახურეებისა და დაქირავებული ზონდერების მიქსევა პოლიტიკურ ოპონენტებზე. ასეთ ფაქტს არაერთხელ ჰქონდა ადგილი და ეს ყოველთვის იმდენად თეთრი ძაფით იყო ნაკერი, რომ რეალურად არც არავის დაუჯერებია სპონტანური რისხვის.

2. ფაშისტური და ქსენოფობიური ჯგუფების დაფინანსება, ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში გააქტიურება. რა რა და სააკაშვილის ხელისუფლებას მსგავსი იდეოლოგიის ექსტრემისტული ჯგუფები ნამდვილად არ ჰყოლია.

3. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება. ასეთი ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროსაც კეთდებოდა და გამოიყენებოდა დაშანტაჟების მიზნით, მაგრამ მათი საჯაროდ გამოქვეყნება და ამით არასასურველი პირების დისკრედიტაციისა და მორალური განადგურების მცდელობა, ნამდვილად ამ ხელისუფლების ნოუჰაუა

4. გაუპატიურების კადრების საჯარო ჩვენებების მოწყობა კინოთეატრებსა და ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე წინა ხელისუფლების სისასტიკის საილუსტრაციოდ. მსგავსი მარაზმი სადმე მომხდარიყოს, მე პირადად არ გამიგია. ამ კინოჩვენებების ორგანიზატორი კი მერე გუბერნატორად დაინიშნა. დაუფასდა.

5. კორუფციისა და ნეპოტიმის აღზევება. შევარდნაძის ხელისუფლების მასშტაბებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, მაგრამ წინა ხელისუფლებასთან შედარებით სიტუაცია მკვეთრადაა გაუარესებული. პრინციპში როცა თანამდებობა პოლიტიკურ პასუხისმგებლობად კი არ აღიქმება არამედ ბატონი ბიძინას მიერ ბოძებულ ჯილდოდ, რომელიც უნდა "შეირგო", სხვანაირად ვერც მოხდება.

6. გადაწყვეტილების მიღების უუნარობა სახელმწიფო მართვის ყველა რგოლში. ეს მართლაც უნიკალური ამბავია. პირველ პირზე სწორება წინა ხელისუფლებების ბიუროკრატიებსაც ახასიათებდათ, მაგრამ ახლა მცირეოდენი გამონაკლისის გარდა საერთოდ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება პირადად ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე. ივანიშვილი არ ითხოვს გინდა თუ არა მე შემითანხმეთ ყველაფერიო, მაგრამ არ შეუთანხმებ და მერე რომ არ მოეწონოს სად მიდიხარ? ამიტომ შარის აცილების მიზნით არავინ არაფერს იღებს საკუთარ თავზე და მხოლოდ რუტინითაა დაკავებული.

7. უვიცი, უნიჭო და უსახური კადრების მომრავლება საჯარო და სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე. ამ მხრივ მგონი საზოგადოებაში სრული კონსენსუსია. ყველაზე ორთოდოქსი ქოციც კი არ დაობს იმაზე, რომ ამდენი დებილი ხელისუფლებაში არასდროს ყოფილა.

P. S. აქ შეგნებულად არ შევეხე რუსეთთან ურთიერთობას. ვფიქრობ ეს ცალკე თემაა და ცალკე ცოდვების ჩამონათვალი ეკუთვნის. თუმცა, ის მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართებით ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია უკიდურესად უთავმოყვარეო და სამარცხვინომდე უარესია წინასთან შედარებით. 

წერს ფეისბუქის პირად გვერდზე რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია