საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხრიდან არაერთი სიყალბე გვსმენია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 08 იანვარი 2019

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, კერძოდ საუბარია ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს მიერ სინოდისადმი გაგზავნილ წერილს, რომელიც მიტროპოლიტმა გუშინ გაასაჯაროვა და რომელსაც სასულიერო პირების მხრიდან სხვადასხვგვარი შეფასებები მოჰყვა.

„ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები დღითი დღე მძიმდება, რადგან საქმის კანონიკური განხილვის ნაცვლად მხოლოდ ცრუ ინფორმაციებს ვისმეთ სასულიერო პირების მხრიდან მასმედიის საშუალებით.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა), კანონის სრული დაცვითა და ქრისტესმიერი სიყვარულით მიმართა სინოდს, რათა განეხილათ ის ცილისწამებები, რაც მასზე სხვადასხვა დროს გამოითქვა ეკლესიის წევრთაგან. საეკლესიო სასამართლო შეთავსებული აქვს სინოდს, შესაბამისად როდესაც მოქმედი ეპისკოპოსი წარადგენს წერილს დარღვევების შესახებ, მსოფლიო კრების თანახმად მისი უგულვებელყოფა არ შეიძლება (შეად.მოც. 31,39, 55; IV მსოფ. 8; ტრულ. 34; ლაოდ. 57; კართ. 7).

საკითხების შერჩევით განხილვა ყოვლად დაუშვებელია, ამის მოქმედი იერარქები თუ მეორეჯერაც იგივენაირად იმოქმედებენ, კრების თანახმად თავად დადგებიან უმაღლესი მსჯავრის წინაშე. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ჩემთვის ცნობილია არცერთ სინოდზე მღვდელმთავრებმა წინასწარ არ იციან რომელი საკითხის გარშემო წარიმართება მსჯელობა, რაც თავისთავად დღემდე ქმნის უხერხულობას.

აკადემიის რექტორ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხრიდან არაერთი სიყალბე, ურთიერთსაწინააღმდეგო და დავალებით წარმოთქმული სიტყვა მოგვისმენია. სასულიეროში ასწავლიდა კანონიკურ სამართალს და ძნელი წარმოსადგენია მასშიც არ იწვევდეს შინაგან წინააღმდეგობას ის შეგნებული ტყუილი, რომელიც გააჟღერა ტელევიზიის საშუალებით. კარგი იქნება ახსოვდეს კრების განჩინება: ,,როდესაც მღვდლობის პატივში მყოფი მიიტაცებს მიტროპოლიტთა მსაჯულობას და მათ ბჭობაზე ადრე გამოუტანს განაჩენს ... ეპისკოპოსს, ის არ არის არც მღვდლობის პატივის, არც მღვდლის სახელის ღირსი.

ხოლო მის მიმდევრებს, თუ სამღვდელონი იქნებიან ისინი, უნდა წაერთვათ პატივი, ხოლო თუ მონაზვნები ან ერისკაცები იქნებიან, უზიარებელნი უნდა იყვნენ და ეკლესიიდან სრულიად უნდა განეყენონ, სანამ არ დაანებებენ თავს განხეთქილების მოქმედთა ერთობას...' (ორგზი. კრება, კან. 13). წმინდა მამები ბრძანებენ: ,,ზნეობათა დაცემა, აი, ეგ არის გამომწვევი, ეკლესიის, როგორც სულიერი მთლიანობის დაღუპვის'.

სასულიერო პირთაგან მოურიდებელი თავდასხმები განუსჯელად თუ დარჩა სინოდის მიერ, ეს მომავალში უფრო ღრმა დაცემამდე და კრიზისამდე მიგვიყვანს. წმინდა თეოფილე ალექსანდრიელის კანონიკურ ეპისტოლეში ვკითხულობთ: ,,წმინდა კრება ბრძანებს უღირსთა გაგდებას, რომელთა დანაშაული მხილებულ იქნა მათი ხელთდასხმის შემდგომ' (კან. 2). ეკლესიაში არსებული უსამართლობა სწორედ სამართლებრივი გზით უნდა გამოსწორდეს, თუ უსჯულოებაში, ვერცხლისმოყვარეობასა და სიცრუეში იქნება ეკლესიის წარმომადგენელი მხილებული, ის უნდა განიკვეთოს. მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში ვკითხულობთ: ,,...ყველა ამგვარად ვნებული და ბიწიანი ეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი, პერიოდევტი, მღვდელი, დიაკონი, ან სხვა სამღვდელო პირი, ან ერისკაცი მღვდელთმთავართა საერთო სჯულის მიხედვით უნდა დაისაჯოს და საზოგადო დადგენილებით უნდა შეირისხოს, როგორც ამას წმინდა მამათა ზემოთ მოტანილი კანონი მოითხოვს. ჯეროვანია, რომ მადლი იყოს მადლი და არ შუამდგომლობდეს მისთვის ვერცხლი'. მიუკერძოებელი სამართალი ყველასთვის ერთია და მას სახელად უფალი იესო ქრისტე ეწოდება!“ - წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია