შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული ოცნება" არჩილ თალაკვაძის გარემოცვას შემოწყრა - "ცმუკავს თუ არა ლავრენტი ბიგვავა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 12 იანვარი 2019

"ქართული ოცნების" ერთ ერთი ადგილობრივი ლიდერი, ნუგზარ გიორგაძე ამავე პარტიიდან ოზურგეთის საკრებულოს წევრს, ლავრენტი ბიგვავას აკრიტიკებს და მის ინიციატივებს "ოზურგეთისათვის დიდი ზიანის მომტანად" აფასებს.

განსაკუთრებული გაღიზიანება მმართველი პარტიის ადგილობრივ ლიდერში "ფასიან სადგომებთან დაკავშირებით" საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იწვევს:

"თქვენ, კოტიას მონებს შეუქმენით სამსახური მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე! ბატონო ლავრენტი, დღესაც, მიწის გაჩუქებასთან დაკავშირებით უკმაყოფილოდ "ცმუკავდით" -წერს ნუგზარ გიორგაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

გიორგაძის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

"ახალი წლის დღეებში ტაიმ-აუტი მქონდა აღებული და სიმართლე გითხრათ, არც ახლა ვაპირებდი ხმის ამოღებას, მაგრამ დღევანდელი საკრებულოს სხდომის ნახვის შემდეგ, ვარ სასიამოვნოდ განცვიფრებული - როგორც იქნა უმრავლესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, გომის მთის მიწის გაჩუქებასთან დაკავშირებით - მერს ეთქვა უარი მეგობრისა და მხარდამჭერზე მიწის პირდაპირი წესით გაჩუქებაზე. საკრებულოს უმრავლესობას დღემდე ასე უნდა ემოქმედა, რომ მუნიციპალიტეტს და კოტიას მონებს ეგრძნო საკრებულოს ძალა. ძალიან საინტერესოა, ვინ დააყენა ქართული ოცნებიდან დეპუტატად ლავრენტი ბიგვავა, რომელმაც მისი მხარდაჭერილი პროექტებით ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა ოზურგეთის მოსახლეობას.კერძოდ, ოზურგეთის მოსახლეობას ძალიან დიდი ზიანი მიადგა ფასიან სადგომებთან დაკავშირებით. მძღოლები მუნიციპალიტეტს და პირადად თქვენ ყოველდღიურ "ლოცვა-კურთხევას" გითვლიან. უბედურება ისაა, რომ სანამ მოსახლეობა სიმართლეს გაიგებდა ამ თქვენი უნამუსო გადაწყვეტილების შესახებ, ამხელა გადასახადებს ცენტრალურ ხელისუფლებას აბრალებდნენ. თქვენ, კოტიას მონებს შეუქმენით სამსახური მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე! ბატონო ლავრენტი, დღესაც, მიწის გაჩუქებასთან დაკავშირებით უკმაყოფილოდ "ცმუკავდით", რადგან არ გავიდა თქვენი არგუმენტები. მაგ 6 ათ. კვადრატულ მეტრთან დაკავშირებით. გომელები და შემოქმედელები თვითონ გაგცემენ პასუხს! საზოგადოების თვალში, თქვენნაერმა დეპუტატებმა საგრძნობლად შეარყია ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი. იმედია, მალე ყველაფერს წერტილი დაესმება!"

ცნობისათვის: ლავრენტი ბიგვავა "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი და ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ახლობელია, ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართული ოცნების" კვოტით მოხდა, ხოლო მანამდე 2014 წლიდან ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატი იყო და ის კენჭს ზვანი ანასეულის ოლქში დამოუკიდებელად იყრიდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია