შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებით

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2020

ზვიად გამსახურდიამ დაიჭირა პოლიტიკური ოპონენტები და ჩასვა ციხეში.

იგივე სისტემის გამოყენებით იგივე ქნა ედუარდ შევარდნაძემაც.

მიხეილ სააკაშვილი სისტემის გამოყენებით პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურადაც სცემდა (დავითაშვილი, გელაშვილი), მაგრამ ზოგჯერ ციხეშიც ამწყვდევდა, ისევ საბჭოთა სისტემის გამოყენებით (ბათიაშვილი, მელაშვილი, ოქრუაშვილი).

ბიძინა ივანიშვილმა, დაჭერასთან ერთად, ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ ოპონენტზე აღძრა საქმე (ჩემი ჩათვლით) და მთელი ოპოზიციური სპექტრი ვართ ეჭვმიტანილი რაღაც ,,დანაშაულში".

20 ივნისის საქმეზე, პოლიტიკურად სხედან ციხეში უდანაშაულო ადამიანები, ხოლო მთავარი დამნაშავეები სისტემიდან არიან ,,დაზარალებულები".
და ჩვენ ამას ისე ვიტანთ, თითქოს არაფერი მომხდარა.

უკლებლივ ყველა ხელისუფლის დროს ქვეყანაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ ისჯებოდნენ დადასტურებული დანაშაულისთვის და პირიქით იყვნენ ხალხი, რომელიც ყველამ იცოდა რომ ტყუილად ისხდნენ ციხეში.
უკლებლივ ყველა ჩვენი ხელისუფალი გარყვნა ამ სისტემამ.

ასეთია საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა, ასეთად შექმნეს ის კომუნისტებმა.
ამ სისტემას არ გააჩნია არანაირი მორალი, მისი ძირითადი მიზანი არაა დანაშაულის აღმოფხვრა და პრევენცია, არამედ, გაბატონებული ჯგუფის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება, ყველაფრის ფასად.

ის ემორჩილება სისტემის თავში მჯდომ მონსტრს, რომელიც თვითონ შექმნა და თვითონვე მოინელებს როცა გადატვირთვის დრო მოვა.

ამ სისტემაში პრაქტიკულად ყველა ძალოვანი მონაა, მათ არ აქვთ არაფრის უფლება გარდა ბრძანებისადმი უსიტყვო მორჩილებისა.
ამ სისტემაში ყველა პროკურორი და ყველა მოსამართლე მონაა, რომელთაც ევალებათ მონურად შეასრულონ ადამიანთა ჯალათის როლი.

და ისინი ამას ასრულებენ სულ, ყველა ხელისუფლების პირობებში.
არასოდეს უთქვამთ უარი უდანაშაულო ადამიანთა წამებაზე.

ამაში ვუხდით ხელფასს.

მართლმსაჯულების სისტემას ხელფასს ვუხდით იმაში რომ მონებივით ექცეოდნენ ადამიანებს და მონებივით ემსახურებოდნენ ხელმძღვანელობას.

მთავარი ბოროტებაც და საბჭოთა კავშირიც ესაა ამ ქვეყანაში, თოფიანი ხალხი, რომელსაც ეზიზღებათ თავისუფალი ადამიანები და საერთოდ ყველაფერზე არიან წამსვლელები.

ისინი კანონის სახელით, ჩვეულებრივად ნადირობენ ადამიანებზე, ისე როგორც 7 ნოემბერს, 26 მაისს და 20 ივნისს ინადირეს.

ქვეყნის დამოუკიდებლობის მთელი ღირებულება ისაა, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში, სხვისგან დამოუკიდებლად შეგვიძლია ჩვენთვის მისაღები წესებით და კანონებით ცხოვრება.
მაგრამ რა აზრი აქვს ადამიანებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობას, თუ ეს დამოუკიდებელი ქვეყანაც წინამორბედის მსგავსად გვაწამებს უსამართლო მართლმსაჯულების სისტემით?

რა აზრი აქვს საბჭოთა კავშირის დაშლას, თუ საქართველოს სსრ უნდა არსებობდეს, საბჭოთა მილიციით, პროკურატურით და ცეკას მდივნით სათავეში.

დამოუკიდებლობიდან 30 წლის მერე მაინც ხო უნდა მივხვდეთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.
ხო უნდა მივხვდეთ რომ ამორალურია, სამარცხვინოა, ბოროტებაა, ისეთი ქვეყნის მშენებლობა, სადაც უდანაშაულო ადამიანები სხედან ციხეში და დამნაშავეები ემსახურებიან მართლმსაჯულებას.

ამ სისტემის დაშლის შანსი ყოველთვის არ არსებობს, არსებობდა 2003 წელს, 2012 წელს, მაგრამ არ ვიცოდით, ნაფიქრი არ გვქონდა და ორი შანსი გავუშვით ხელიდან.

წელს კიდევ ერთი შანსი იქნება და სულელები ვიქნებით ისევ რომ გავუშვათ.

პრინციპში, არა მხოლოდ სულელები, არამედ დამნაშავეებიც საკუთარი შვილების წინაშე.

მე ამ სისტემის დაშლა მინდა და ამაში ვითხოვ ყველა აზრიანი ადამიანის დახმარებას, იმ ადამიანის დახმარებას, რომლისათვისაც არავის დაუვალებია, მაგრამ გრძნობენ რომ პასუხს აგებენ ამ ქვეყანაზე.

დახმარება ბევრნაირია, მაგრამ მინიმალური რამე რაც შეიძლება გააკეთოთ, ისაა რომ საჯაროდ ილაპარაკოთ.

საჯაროდ საუბარი არ შეგიძლიათ? მაშინ თქვენს მეგობრებს აუხსენით რა მატრიცაშიც ცხოვრობენ და ურჩიეთ როგორ უნდა დააღწიონ მას თავი.

საუბარი კარგად არ გამოგდით? თვეში 5 ლარით დაეხმარეთ იმ ხალხს ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა და თქვენს ნაცვლად რისკავს. წაახალისეთ და გაამხნევეთ ისინი.

ერთი სიტყვით, სადღეგრძელოს უნდა გავცდეთ, ახლა ყანწის კი არა მოქმედების დროა და არავინ იცის მომავალში როდის იქნება ან იქნება თუ არა საერთოდ ასეთი დრო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია