შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“კრწანისში” უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა

 15 მარტი 2019

სასწავლო ცენტრ “კრწანისში” უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სიტყვით გამოვიდნენ.

იზორიამ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პროგრესი და ეს არის ჩვენი სიამაყის საფუძველი. მინისტრი გამოეხმაურა ბრალდებებს, რომელიც ჯარში სისტემურ პრობლემებს შეეხებოდა.

„ჩვენი „კეთილმოსურნეები" ხშირად ამბობენ, თითქოსდა არის ინსტიტუციური პრობლემები. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით და არავის მივცემთ უფლებას, რომ თქვენს იმიჯს, თქვენს ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს. რა თქმა უნდა, ყველა სოციუმში და მათ შორის ჯარში რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს, ხდება სამწუხაროდ სამართალდარღვევები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამას არ ჰქონდეს სისტემური ხასიათი და მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პროგრესი და ეს არის ჩვენი სიამაყის საფუძველი", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ბრალდებებს ჯარში არსებულ სისტემურ დარღვევებზე გენერალ-მაიორი, ვლადიმერ ჩაჩიბაიაც გამოეხმაურა.

„მტრის წისქვილზე ასხამს წყალს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია. სამწუხაროა ის, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ბევრი ადამიანი ხდება საქართველოს მტრების ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი. ეს არის სამწუხარო ფაქტი, როდესაც საქართველოს ძალები აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო მისიებში და თავისი მაღალი დისციპლინით გააქვთ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ. დისციპლინის საკითხი არ არსებობს არსად უნივერსალური. ყველაგან არის გამოწვევა და ამ გამოწვევებს სჭირდება მყისიერი რეაგირება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ყოველთვის", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური ზეწოლისა და ფულის გამოძალვის ფაქტებზე ერთ-ერთი წვევამდელი საუბრობს. სამხედრო მოსამსახურე, ქაზიმ გახრამანოვი ამტკიცებს, რომ მეთაურების თანდასწრებით მას სამხედროები ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი სასტიკად სცემეს.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია