შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასტუმროს უკანონო მშენებლობა თუ გამწვანებისთვის მოწყობილი ტერასები - რა ხდება ვარძიასთან [Photo/Video]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22170 
 11 აპრილი 2019
ვარძიაში ჩასულებს კომპანია „ნიალას“ კუთვნილ ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერებული დაგვხვდა. ადგილზე აღარც მძიმე ტექნიკაა და არც მუშები არიან. შემოღობილ ტერიტორიას მხოლოდ ერთი ძაღლი დარაჯობს. ფერდობი, რომელზეც სოსო ორჯონიკიძისა და მისი პარტნიორის, ემზარ ასპანიძის კომპანიას მესხური სოფლის ტიპის სასტუმროს აშენება სურს, პირდაპირ ვარძიის ისტორიულ კომპლექსს უყურებს. ადგილი დატერასებულია.პირველ ფოტოზე ჩანს, თუ როგორ გამოიყურება დღეს „ნიალას“ კუთვნილი ტერიტორია, მეორე ფოტო კი სასტუმროს პროექტიდანაა, თუ როგორი უნდა იყოს 120 ადგილიანი მიწისქვეშა სასტუმრო კომპლექსი. კულუტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტომ მიმდინარე სამუშაოები სასტუმროს მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებად მიიჩნია და მისი შეჩერება მოითხოვა. სააგენტოში განმარტავენ, რომ „ნიალას“ მათგან მხოლოდ ტერიტორიის გამწვანების ნებართვა ჰქონდა, მიუხედავად ამისა, შარშან შემოდგომაზე კომპანიამ სამუშაოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაიწყო. ხელოვნურად შექმნილ ტერასებზე შეტანილია ქვები, პირველ ტერასაზე, იქ სადაც ვარძია–გოგაშენის დამაკავშირებელი გზა გადის, ოთხი მეტრი სიმაღლის რკინა – ბეტონის კონსტრუქციაა გაკეთებული, იქვე ახლოს კი ქვიშა და სხვა სამშენებლო ინვენტარი აწყვია. ნერგები მხოლოდ ტერიტორიის ნაპირებზეა დარგული.სოსო ორჯონიკიძეც, ემზარ ასპანიძეც და ასპინძის მერიც უკვე რამდენიმე დღეა კატეგორიულად უარყოფენ, რომ კომპანია უკანონო სამუშაოებს აწარმოებდა და ამტკიცებენ, რომ ყველაფერი, რაც ტერიტორიაზე გაკეთდა, მხოლოდ გამწვანებას ემსახურებოდა. ეს ოფიციალური კომენტარია. კამერის გარეშე საუბრისას კი ასპინძის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ვიგებთ, რომ „ნიალას“ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობამ სამუშაოები ერთხელ უკვე შეუჩერა, 2018 წლის 16 ოქტომბერს. „მაშინ ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკით დიდი რაოდენობით გრუნტი გამოჰქონდათ“, - გვეუბნება ინფრასტრუქტურის განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი. აკრძალვის მიუხედავად კომპანიამ დაწყებული საქმე მაინც გააგრძელა – ააშენა ბეტონის კონსტრუქცია, ტერასების გასაკეთებლად კი ტერიტორიიდან მიწის გამოტანა დაასრულა. სამუშაოები ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო, ამ დროს კომპანიას ნებართვა მხოლოდ გამწვანებაზე ჰქონდა. სასტუმროს მშენებლობის ნებართვა „ნიალამ“ ასპინძის მერიას მხოლოდ 2019 წლის თებერვალში სთხოვა. ასპინძის მუნიციპალიტეტმა წერილი ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაუგზავნა, სააგენტოდან კი 19 მარტს უარი მიიღო. ამის მიუხედავად, ტერიტორიაზე სამუშაოები 29 მარტამდე არ შეჩერებულა. „ნიალას“ ახლა ყველა ტიპის სამუშაო აქვს შეჩერებული, ჩვენ ეს ოთხ აპრილსაც გადავამოწმეთ, ვიდრე მშენებლობის ნებართვას სააგენტო არ გასცემს, მანამდე კომპანია სამუშაოებს ვერ გააგრძელებს“, აცხადებს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ანზორ ალელიშვილი და დასძენს, რომ „ნიალა“ სამუშაოებს ნამდვილად უკანონოდ აწარმოებდა, - „გათხრაც და ბეტონიც უკანონოდაა გაკეთებული, ამისთვის მშენებლობის ნებართვა იყო საჭირო“.„ნიალას“ 50%–იანი წლის მფლობელი ემზარ ასპანიძე ამტკიცებს, რომ ოთხმეტრიანი ბეტონის კედელი მხოლოდ ეროზირებული ვარძია–გოგაშენის დამაკავშირებელი გზის გასამაგრებლად გააკეთა.როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ასპინძის მერიაში განუმარტეს, ვარძია-გოგაშენის გზა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჯერ კიდევ 2016-2017 წლებში გააკეთა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში კი გვპასუხობენ, რომ გზის დაგების შემდეგ, რაიმე დაზიანებაზე მათთან რაიმე შეტყობინება არ შესულა. ძეგლთა დაცვის სააგენტო უკანონო მშენებლობის მთავარ მტკიცებულებად სწორედ ამ ბეტონის კონსტრუქციას მიიჩნევს.„ყველა ვინც ნახავს იმ კონსტრუქციას მიხვდება, რომ ის არის შენობის საძირკველი. მიწის სამუშაოები და კედელი ეს უკვე მშენებლობაა, შესაბამისად სააგენტო ითხოვს უკანონო მშენებლობის შეჩერებას. კომპანიამ გასულ წელს გამწვანების და ბილიკების გაკეთება მოითხოვა, წელს კი სასტუმროს მშენებლობა. ჩვენ ნებართვა მხოლოდ გამწვანებაზე მივეცით, დანარჩენი იქ ყველაფერი უნებართვოთაა გაკეთებული, არც ის გამწვანებაა გაკეთებული, რაზეც ჩვენ ნებართვა მივეცით და რაც პროექტში იყო მითითებული“, – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.ძეგლთა დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ სამუშაოები რამდენიმე არგუმენტით შეჩერდა: არსებული სამუშაოები სცდებოდა გამწვანების ნებართვას; მზადდება ვარძიის გენერალური გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება და მანამდე იქ მშენებლობების დაწყება დაუშვებელია და ბოლოს, მშენებლობამ შესაძლოა შეაფერხოს პროცესი, რომელიც სახელმწიფომ რამდენიმე წელია დაიწყო და რომლის მიზანიც კლდეში ნაკვეთი ქალაქის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანაა. შეჩერებულ პროექტზე სოსო ორჯონიკიძემ გუშინ „ბიზნეს მედია ჯგუფთან“ ისაუბრა. „ჩვენ ჯერ არ ვაშენებთ სასტუმროს იქ. ერთ კვადრატულ მეტრსაც ვერ ნახავ იქ მომზადებულ ფუნდამენტს. იქ მარტო გაკეთებულია ტერასები და გზის საყრდენი კედელი, რომელსაც კაციშვილი ვერ ნახავს, ის დარჩება შიგნით. სამაგიეროდ ერთხელ და სამუდამოდ გზა იქნება დაცული, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ზემოდან“, – აცხადებს ბიზნესმენი.მისი თქმით, იგი სასტუმროს მანამდე არ ააშენებს, ვიდრე გენერალური გეგმა არ მომზადდება. მერიასა და სააგენტოში კი მხოლოდ კონცეფცია გააგზავნა და არა პროექტი."არის კონფეცფია, პროექტს რამდენიმე ეტაპი აქვს. ეს კონცეფცია თუ მისაღებია ჩვენ გადავალთ მომდევნო ეტაპზე. ეს იქნება გენერალურ გეგმაში მისი ასახვა, შემდეგ მუშა პროექტის დამუშავება და შემდეგ უშუალოდ მშენებლობა“, – განმარტავს ბიზნესმენი, რომელიც გასულ კვირას იგივე მედიისთვის მიეცმულ ინტერვიუში უახლოეს მომავალში სასტუმროს მშენებლობის დაწყებასა და პროექტის პრეზენტაციაზე საუბრობდა.მესხური სოფლის მსგავსი, 120 ნომერიანი მიწისქვეშა სასტუმროს მშენებლობის საწყისი ინვესტიცია სოსო ორჯონიკიძის თქმით, 10–20 მილიონი ლარია.ჟურნალისტის კითხვას, რა იქნება მომავალში, თუ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ მისცეს, ის ასე პასუხობს: „მომავალი რა არის?, თქვენ არ გინახავთ გაჩერებული პროექტები თანამედროვე საქართველოში?! ერი მაინც არსებობს, არავინ არ კვდება, მაგრამ პროექტები რაც უფრო ინტენსიური წესით განხორციელდება მით უკეთესია ქვეყნისათვის“. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ „ნიალას“ მშენებლობის ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ, თუ სასტუმროს პროექტს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო მოიწონებს. ამავე თემაზე:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება