შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პარლამენტმა თვითლიკვიდაცია უნდა გამოაცხადოს" - გია ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38220 
 10 მაისი 2019

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს. "2020NEWS-სთან“ საუბარში ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება თვითლიკვიდაციაზე არ წავა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" დეგრადაციის პროცესს ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს.

"ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს. ქართული პოლიტიკის ამ სცენარით განვითარება ნაკლებად სავარაუდო მგონია. ერთი მხრივ, "ქართულ ოცნებას“ ასეთი რიგგარეშე არჩევნები აწყობს. ამ შემთხვევაში თავისთავად იხსნება პროპორციული არჩევნების მოთხოვნის საკითხი და დარჩენილი "ანტიმიშას ბარგის“ გათამაშების შანსი ეძლევათ. ეს გარკვეულ შანსებს "ქართულ ოცნებას“ აძლევს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, "ქართულ ოცნებაში“ ამ ტიპის გადაწყვეტილების უნარს მე ვერ ვხედავ.

იქ საკმაოდ პატარა ადამიანები არიან. ყოველი დღე კაბინეტში გატარებული, უტკბესია მათთვის. აქედან გამომდინარე, თავის ტკივილს არ გაიჩენენ. გარდა ამისა, ეს ყველაფერი ხელოვნური იქნება. პარლამენტის დათხოვნისთვის სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერა ხომ არ არის მარტო საჭირო, ამას შესაბამისი სიტუაციის შექმნა სჭირდება. პარლამენტმა თვითლიკვიდაცია უნდა გამოაცხადოს. მე პარლამენტში რესურს ვერ ვხედავ, რომ ამას გაბედავენ და გააკეთებენ. მიმაჩნია, რომ ამ საკითხის სერიოზულად განხილვა ჯერჯერობით, აზრს მოკლებულია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის თქმით, ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილები პოზიციებს არ დათმობენ.

"ქართული ოცნების“ დეგრადაციის პროცესი გრძელდება. გარდა ამისა, ოპოზიციას მთავარ თემად აქვთ გადაქცეული 2020-ში პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა და მთელი დღის წესრიგი ამაზეა აგებული. 2020-ში ხელისუფლებას იმაზე უფრო უარესი მდგომარეობა ექნება, ვიდრე ახლა აქვს - ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. მაგრამ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას ვერ გაბედავენ, ამაშია მათი პრობლემა. ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანების კაბინეტებიდან გამოყვანა ასე ადვილია?! ისინი საკუთარი მნიშვნელონების ყოველი წუთით ტკბებიან და ამ ადამიანებმა, რომ თვითლიკვიდაცია გამოაცხადონ და ტკბილი წუთები დაკარგონ, ეს ნაკლებად წარმოსადგენია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გეგმავს. კონსტიტუცირად მას ამის შესაძლებლობა ივნისში მიეცემა, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციიდან ექვსი თვე გავა და პრეზიდენტს უფლება ექნება, პარლამენტი დაითხოვოს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია