შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს ეკონომიკა უკვე კარგი ხანია სასაფლაოზე წევს - დემურ გიორხელიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38319 
 15 მაისი 2019

ლარს აქვს ფუნდამენტური პრობლემა - ის უბრალოდ არ არის ქვეყანაში, - აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე ლარის კურსის კატასტროფულად ვარდნის კომენტირებისას. "200NEWS“-თან საუბარში გიორხელიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ლარს წლებია აქვს და რომლის მოგვარებაც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

"ლარის კურსის ვარდნაში ახალი არაფერი ხდება. ქართული ლარი შეჩვეულია ასეთ რყევებს. მიზეზი კი ფუნდამენტური პრობლემებია. ფუნდამენტურ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ლარის მოცულობა არ შეესაბამება ისედაც მწირი ქართული ეკონომიკის მოცულობას. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ ფულით გადაფარული ეკონომიკა მხოლოდ 20 პროცენტით იყოს. ბუნებრივია, ლარის სიმცირე მიმოქცევაში, განაპირობებს მაღალდოლარიანობას და პერიოდულად, როცა ქვეყნიდან გადის თანხა, ანდა ქვეყნის შიგნით ლარის მოთხოვნა იზრდება, იმ წუთიდან იწყება ძალიან გაუგებარი და აბსოლუტურად მიზანმიმართული თამაშები. ეროვნული ბანკის მახინჯი პოლიტიკა ლარის კურსის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელიც მთლიანად 2-3 ბანკის ხელშია, მიზანმიმართული ქმედების სერიოზულ საფუძველს ქმნის.

გონიერი ხალხი ამას შესანიშნავად იყენებს. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ეროვნული ბანკი გამოყენებული იქნა კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, ფულის საკეთებლად. სერიოზულად ქვეყნის ეკონომიკაზე არავინ ფიქრობს. ხელისუფლებასთან ახლო მყოფი გავლენიანი ფინანსური ჯგუფები აკეთებენ იმას, რომ საკუთარი ინტერესების ხარჯზე ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად გათელილია. ილუზიებს, რომ ქართულ ეკონომიკაში კარგად არის საქმე, თან სდევს ერთი უბედურება. ლარის კურსის ყოველ მატებაზე ან კლებაზე, საქართველოს მოქალაქეები იხდიან სოლიდურ თანხას“, - აცხადებს გიორხელიძე.

ექსპერტის აზრით, რომ არა ემიგრანტების გადმორიცხვები, ქვეყანაში გაცილებით რთული ეკონომიკური მდგომარეობა იქნებოდა.

"ახლა კონკრეტულად რა მოხდა და რატომ დაეცა ლარის კურსი, არ ვიცი. შეიძლება, დიდი რაოდენობით თანხა გავიდა ქვეყნიდან, რამაც განაპირობა ლარზე მოთხოვნის გაზრდა და სიმართლე გითხრათ, იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანას არ გააჩნია ვალუტის შემოსავლების მყარი წყაროები. რომ არა ჩვენი ქვეყნის მილიონნახევარი მოქალაქების გადმორიცხვები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, სიტუაცია უფრო კატასტროფული იქნებოდა. ლარი ქართული ეკონომიკის 18,5 პროცენტია. რა უნდა იყოს დანარჩენი, რომ იარსებოს ქართულმა ეკონომიკამ? ლარის სიმცირის გამო, მისი კურსი ხელოვნურად მაღალია. არ არის საქართველოში ისეთი ეკონომიკა, ისეთი დიდი ფინანსური შესაძლებლობები, რომ ლარის ასეთი მაღალი კურსი განაპირობოს“, - აცხადებს ექსპერტი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა