შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იმ შენობა-ნაგებობის რემონტის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის ამახინჯებს ფინანსურად დასჯადი იქნება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2019

პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას უბრუნდება, რომლის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის რემონტის, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, ფინანსურად დასჯადი იქნება.

ამ მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პარლამენტს “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები შესთავაზა. მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს.

პროექტის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, რომელიც საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში მდებარეობს, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშე მომზღუდავი ან მზიდი კონსტრუქციები, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე, შენობა-ნაგებობის მდებარეობის მიხედვით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სანქცია არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც საცხოვრებელი მიზნით გამოიყენება.

,,პროექტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დაეკისრება ვალდებულება, მესაკუთრეს მითითება მისცეს, რომლითაც დარღვევის გამოსასწორებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შემოწმების აქტს შეადგენს. თუ დარღვევა განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდა, მესაკუთრეს ჯარიმა დაეკისრება.

პროექტის მიღების შემთხვევაში, შემცირდება ავარიული და უსახური შენობა-ნაგებობების რაოდენობა, რაც თავის მხრივ, ქვეყანას ტურისტული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველს გახდის”,– აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია