შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

26 წლის ახალგაზრდა ლაგოდეხის პოლიციელების დასჯის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2019
26 წლის ტარიელ შეითნიშვილი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების დასჯის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.
ახალგაზრდა, სამმართველოს უფროსს გიორგი კლიმიაშვილს, ასევე ორ სამართალდამცველს მერაბ გომშიაშვილსა და ილო მაისაშვილს ცემაში ადანაშაულებს.

დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრის გურჯაანის ოფისში აღნიშნულ თემაზე პრესკონფერენცია გაიმართა.
ტარიელ შეითნიშვილის განცხადებით, პოლიცია მასზე აღნიშნულ ფაქტამდეც სისტემატურ ზეწოლას ახორციელებდა.

-„მედავებოდნენ ვითომ არ დავემორჩილე, მაგრამ სინამდვილეში გაჩერებულ მანქანაში შემომიცვივდნენ და მცემეს. მანქანა დაპარკინგებული მყავდა, საბუთები არ მოუთხოვიათ, პირდაპირ აგრესიის გამოხატვაზე გადავიდნენ.ეს ადამიანები ისევ პოლიციაში მუშაობენ, როგორც ჩანს გამოძიება სათანადოდ არ მიმდინარეობს. ჩემი ჯანმრთელობის მდგოამრეობა ვერ არის დამაკმაყოფილებელი, თავი მტკივა, თვალი მაწუხებს. რაც ექსერტიზაზე იმ მომენტში ვერ გამოჩნდა, ახლა ამტკივდა. დღეიდან შიმშილობას ვიწყებ, სანამ პოლიციელების პასუხისმგებლობა არ დადგება, მხოლოდ წყალს დავლევ,“- აცხადებს შეითნიშვილი.

ტარიელ შეითნიშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია განხორციელებული ძალადობის დროულად გამოძიებასა და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს.

-„ჩვენი პრესკონფერენციის მიზანია საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ საქმისკენ, რაც მოხდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პირველ დეკემბერს, ტარიელ შეითნიშვილის მიმართ განხორციელებული ფაქტის ირგვლივ. აუცილებელი არ არის ძალადობას მაინცდამაინც ადამიანის სიკვდილი ან თვითმკვლელობა მოჰყვეს, როცა სახეზეა ძალადობა, აუცილებელია გამოძიება მიყვანილი იქნას ბოლომდე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ის, რომ პოლიციის თანამშრომელი პასუხს არ აგებდეს განხორციელებული ძალადობის გამო,“-აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტმა ლია ხუროშვილმა.

პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მაგრამ ტარიელ შეითნიშვილი დაზარალებულად ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, ტარიელ შეითნიშვილი სამართალდამცველებმა პირველ დეკემბერს ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია