შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აპრილიდან შს სამინისტროს არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 დეკემბერი 2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 1-ლი აპრილიდან, თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება.

სამმართველოში იმუშავებენ არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული გამომძიებლები, რომლებსაც ამ მიმართულებით შესაბამისი გადამზადება ექნებათ გავლილი. უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას სოციალური მუშაკების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად; განათლების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან ერთად, ფსიქოლოგთა ბაზას შექმნის; ხოლო იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე.

აღნიშნულ საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. დისკუსიის შედეგად, რომელშიც ფსიქოლოგები, ექსპერტები, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გამოიკვეთა ცალკეული შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზე გაიწერა უმოკლეს დროში გადასაჭრელი პირველი რიგის ამოცანები.

განათლების სამინისტრო უახლოეს დღეებში შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი პროცესი, ცალკეული შემთხვევის დაფიქსირებიდანვე რას აკეთებს მასწავლებელი, სოციალური მუშაკი, მანდატურის სამსახური და როგორი იქნება ამ წესის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა თითოეული მიმართულებით. დოკუმენტში კონკრეტულად გაიწერება მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმებიც.

გარდა ამისა, გაძლიერდება მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმები. ამ მიზნით, იუსტიციის სამინისტრო იმუშავებს საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც პროცესში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობას გულისხმობს. საკანონმდებლო ინიციატივას, ფინანსური მხარის გაანგარიშებით, იუსტიციის სამინისტრო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე წარადგენს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში 10 იანვარს გაიმართება.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია