შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეკლესიამ ხელისუფლებას უთხრა, რომ ის მზად არის ბრძოლისთვის“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 07 იანვარი 2019

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პატრიარქის სახელით საპატრიარქოს სამდივნო გვესაუბრება:

1. „ღვთის დიდებას სრულად ვერასდროს შეიცნობს ადამიანური გონება და ვერც იესო ქრისტეს ღვაწლს გააცნობიერებს სრულად ოდესმე,“ თითქოს ყველაფერი რიგზეა, ისე ვერავინ გავკადნიერდებით ნამდვილად , რომ წარმოვიდგინოთ უფლის სრულად შეცნობის წარმოუდგენელი ბედნიერება, მაგრამ საშობაო ეპისტოლეს ეს პირველივე ფრაზა თავის ახსნას უძებნის მთელ ტექსტს - „სულიერი ცხოვრებით, მაგალითად, მოიპოვება სიბრძნით მეტყველება, წინასწარმეტყველების ნიჭი, კურნების ძალა, სხვა სასწაულთქმედებათა უნარი... რომელიც პიროვნებაში არსებით ცვლილებებს არ იწვევს. ამიტომაც ღვთის ამ საბოძვარს ადვილად დაკარგავს ყველა, ვინც კვლავ ცოდვაში ჩაეფლობა“. დავაკვირდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ეპისტოლეს ეს ფრაზა, ანუ სულიერი ცხოვრების გამოცდილება, სიბრძნით მეტყველება, უნარი კეთილი საქმეთა კეთების არაფერია იმიტომ, რომ ადამიანს ბოლომდე არ ძალუძს ღვთის შეცნობა, შეიძლება უმალ ცოდვის ჭაობში აღმოჩნდეს კვლავ. ეს იყო პირდაპირი გაფრთხილება სასულიერო პირების მიმართ, რომელთაც თავისი სულიერებით, თავისი მუშაკობით მოიპოვეს გარკვეული ავტორიტეტი და ნდობა მრევლში, მაგრამ საპატრიარქოს ადმინსტრაციასთან დაუმორჩილებლობის გამო ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოცხადდნენ ცოდვილებად. აბა, მრევლი, რომელსაც საერთოდ არ შესწევს უნარი უფლის შეცნობისა, როგორღა შეიცნობს ცოდვილია თუ არა - სასულიერო პირი? ეს პრეროგატივა საპატრიარქოს ადმინისტრაციას ექნება და ის გამოაცხადებს, რომელი სასულიერო პირი შთანთქა კვლავ ცოდვამ და რომელმა ერთი საფეხურით აიწია ზეციურ კიბეზე. ფაქტობრივად ეს არის მუქარა ეკლესიის მსახურების მიმართ, რომლებიც თუ საპატრიარქოს ადამინისტრაციის ნებას არ დაჰყვებიან, დაისჯებიან, მორჩილები კი - ამაღლდებიან.

2. ეპისტოლეში მაცხოვრის შობის ფილოსოფიური გააზრების პარალელურად, „იმ წამსვე“ ჰეროდეს „მოხმობა“, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მისაღებია, რადგან ჰეროდე არის ყრმა ქრისტესთან დაპირისპირებული პირველი ბოროტება, მაგრამ აქ კონტექსტია მთავარი: „საუკუნეთა მანძილზე უფლამდე მისასვლელი გზა მუდამ ნარ-ეკლიანი იყო, ვიწრო და ძნელად სავალი, რადგან ყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება ბოროტ, ბილწ საქმეთ, არ ერიდება არც უდანაშაულო ყრმათა მოწყვეტას, ოღონდ ადამიანები თავის მონობაში ამყოფოს და შემოქმედი დაავიწყოს“. ამ სიტყვების მერე ეპისტოლე ჰეროდეს ქმედებების თანამედროვე გამოვილნებებზე საუბრობს, მაგრამ... რატომ არაფერი გვითხრეს კეთილის ბოროტზე გამარჯვების კონტექსტში, თუნდაც იმაზე, როგორ დამარცხდა ამ ბრძოლაში ჰეროდე? ან განა, უფალთან ბრძოლის უფრო სახიერი მაგალითი არ არიან ის ფარისევლები, რომლებმაც გააზრებულად გაუყენეს გოლგოთას ქრისტე და აიყვანეს ჯვარზე. ვის მიმართა ამ ალეგორიით საპატრიარქომ და ვის უთხრა, ჰეროდე ხარო? რა მინიშნებები დატოვა და ამავდროულად, ამბის მოყოლის დაუსრულებლობით რა ზავი შესთავაზა საერო ხელისუფლებას და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს? არ გვინდა ახლა იმაზე საუბარი, რა შუაშია ივანიშვილიო? თავშია! შესაბამისად ჰეროდისეულ სულზე საუბრისას, რეალურად, ეკლესიამ საერო ხელისუფლებაზე და კონკრეტულ პერსონაზე ისაუბრა და კონკრეტული იერიში მიიტანა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ პერსონებზე. ეკლესიამ ხელისუფლებას უთხრა, რომ ის მზად არის ბრძოლისთვის და თუ არ მიიღებს სათანადო სიკეთეებს, შეაჩვენებს როგორც ჰეროდეს.

3. განსაკუთრებით ცინიზმით არის აღსავსე ეპისტოლეში აღნიშნული - „სინდისის ხმა“ და არაფერია ნათქვამი თუნდაც ეკლესიის სინდისის ხმაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის კონტქსტში. და ეპოსტოლეში დასმულ კითხვას - „თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება, ურთიერთპატივისცემა და პატიოსნება დაიკარგება, რაღა იქნება ჩვენი ყოფა?!” აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში რას პასუხობს თავად ეკლესია? სწორედ აქ, ამ კითხვის კონტექსტში შეგვიძლია ვკითხოთ ეპოსტოლეს დამწერებს - მათ რას ეუბენება შინაგანი სიმართლე და სიკეთე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე? მხოლოდ იმას ტომოსის ტექსტს, რომ უნდა გაეცნონ? იქვე - ეპისტოლეში დასმული კითხვა და ვარაუდი - “ასეთი საზოგადოება ხომ თავისთავად გახდება სიცოცხლის უუნარო და გადაგვარებისათვის განწირული, რადგან მას აღარ ექნება ძალა ბოროტების შეჩერებისა და ცოდვისთვის წინააღმდეგობის გაწევისა?”, მხოლოდ საერო საზოგადოების კონტექსტში უნდა გავიაზროთ და არა - დედა ეკლესიის? შიში და უიმედობაო და იქვე, არ უნდა გავტყდეთო. უკაცრავად, მაგრამ როდესაც ეკლესიის „შვილს“ - მღვდელს არ აქვს იმედი, რომ მას მოუსმენენ, მოინახულებენ ვითარცა ქრისტეს (უფალი ხომ ბრძანებს - ვინც მოინახულებს პატიმარს, მომინახულებს მეო), ვის უნდა ჰქონდეს იმედი? ან რა იმედი უნდა ჰქონდეთ უკრაინელ მართლმადიდებლებს, რომ მათი ინტერესები იქნება მხარდაჭერილი ქართველი მართლმადიდებლების მიერ და სიხარული გაზიარებული?

4. „შევნიშნავთ იმასაც, რომ არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც”, - გვითხრეს ეპისტოლეში და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების დასაპირისპირებლად აბსოლუტურად გმაოგნებლად აღნიშნეს, რომ “რაკი სხვასზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა”. ამ კონტესტში აბსოლუტურად ინტერპრეტირებულია ამონარიდი მათეს სახარებიდან: (მათე 5,22) - ,,ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სასამართლოში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას, რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს”. რეალურად ეკლესიამ გაილაშქრა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და მის მიერვე წარმოდგენილი ფორმულა, რომ რაღაც შეფუთული სიმართლეა, რატომ არის აპრიორი სიმართლე და არა ის, რაც მას სიმართლედ არ მიაჩნია? რატომ არ არის სიმართლე რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება ცვლილებებს საჭიროებს და ამას სიმართლედ რომ არ აღიარებს იქედანაც ჩანს, რომ არც კი მსჯელობს ამ საკითხზე და რატომ არის სიმართლე ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი პოზიცია მუდამ მართალია? რას აპირებს ეკლესია, რომ სიტყვის თავისუფლებაზე კონტროლი დაგვიწესოს და ამავე ტექსტის ანალოგიური ტექსტის ავტორს, საქართველოს პრეზიდენტს მოახდენინონ ცილისწამებაზე კანონის ინიცირება და ვინ განსაზღვრავს, რა არის ცილისწამება და რა სიმართლე ამ პირობებში? მეუფე იაკობს ხომ არ ვკითხოთ, ბოლო-ბოლო, ცილისწამებაა ის ფაქტი, რომ დეკანოზი მამალაძე შორენას მოკვლას აპირებდა და ფაქტი, რომ პატრიარქის მოკვლა უნდოდა? მაშინ ცილისწამებით დადგენილი ბრალისთვის რატომ იხდის სასჯელს დეკანოზი მამალაძე?

5. სამწუხაროდ, საპატრიარქო ისევ გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს და ფაქტობრივად, ღიად გვითხრა, რომ განათლების სფერო მისი პრიორიტეტია და შესაბამისად, ისიც, ახალი თაობა როგორი იქნება. ეს ის განათლების სფერო ხომ არ არის, საჯაროდ რომ როზგავს სასულიერო პირი მოსწავლეს და საპატრიარქოს ამაზე რეაქცია არ აქვს? ეს ის განათლების სისტემა ხომ არ უნდა იყოს, როდესაც მისი აღზრდილი ადამიანები სასულიერო პირებისგან დაელოდებიან კურთხევას იმის თაობაზე, თუ ვინ და როდის სცემონ - გაუსწორდნენ, როგორც ამას ელოდება პატრიარქისგან მეუფე იაკობი? ეს ის განთლების სისტემა ხომ არ უნდა იყოს, რომელიც ლევან ვასძის სკოლებში გადასახადების ტოლფასი ტვირთით უნდა მოეფინოს საქართველოს? ეს ის განათლების სისტემა ხომ არ არის, რომელმაც ბავშვებს უნდა ასწავლოს, რომ უპოვარს, ქუჩაში მყოფს არ დაეხმაროს და ისევე როგორც ქუჩაში იყინებიან ადამიანები, მაგრამ ეკლესიის კარებს ბოქლომი ადევს? ბავშვების სვე-ბედზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე როგორ რუდუნებს და თუნდაც ახლადშექმნილი ოჯახებისთვის როგორ ზრუნავს ამბიონიდან დარიგების გარდა ეკლესია?

6. საკმაოდ ნიშნადობლივი იყო ეპისტოლეში მიმართვა „ყოველნო ერნო“-ს მიმართ: ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, ყოველნო ერნო... რა თქმა უნდა აქ წყობას აქვს მნიშვნელობა. დააკვირდით მეოთხე - ბერძენნო, მეხუთე - უკრაინელნო, მეექვსე - რუსნო... თითქოს ყველაფერი რიგზეა - მინიმუმ, ხანძთელისეული ფორმულაა, მაგრამ როდესაც ეპისტოლეში გვერდია ავლილი მართლმადიდებელ სამყაროში წინა დღეს მომხდარი უდიდესი ფაქტისადმი, ვგულისხმობ უკრაინის ავტოკეფალიას, ეს ჩამონათვალი მხოლოდ თვალის ახვევაა, „ნეიტრალური“ და გაუბედავი პოზიციის დემონსტრირება, თან ისიც გავიხსენოთ, რა ბრძანა ამ საკითხთან მიმართებაში მოსაყდრე შიომ - „ტექსტს შევისწავლითო“. ამაზე დიდი საეკლესიო და პოლიტიკური ცინიზმი ბუნებაში არ არსებობს. დაბეჯითებით ვიტყვი, საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრების უმეტესობას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისთვის გადმოცემული ტომოსის ტექსტისთვის თვალიც არ შეუვლია, ანუ რა უნდა შეისწავლონ? არც არაფერი, მთავარია დრო გაწელონ. ცხადზე ცხადი ხდება, რომ ზემოაღნიშნული ჩამონათვალი არა თუ მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდაჭრის, არამედ, საკუთარი მრევლის და ერის ინტერესების გამომხატველიც არ არის.

7. „შორებელთა და ახლობელთ გვიხმობს ღმერთი ჭეშმარიტი, გვიხმობს ხანდაზმულთ და ყრმებს, ახალგაზრდებს, გვიხმობს დამცირებულთ და შეურაცხყოფილთ, ქვრივ-ობლებს, განსაცდელში მყოფთ, მდიდართ და გლახაკთ, ჩინებულთ და უჩინოთ, ერსა და ბერს”, - დიახ, და რატომ არა მხედრობას, რომელიც არასოდეს ავიწყდებოდათ ეპოსტოლეში, რატომ არა ტუსაღებს? რატომ არაფერი ითქვა ეპისტოლეში გამორჩეულ ისტორიულ მოვლენაზე, რომ ქვეყანაში პირველად პრეზიდენტი გახდა ქალი და ამ პრიზმაში ქალთა უფლებებზე? და კიდევ უმარავი, რატომ არა?

 

და ბოლოს, საპატრიარქოს სამდივნო ძალიან შეეცადა ეთქვა ბევრი რამ ისე, რომ არაფერი არ ეთქვა და ამავდროულად გამგებს გაეგო. ძალიან მოინდომეს გამოეყოთ ის უმთავრესი აქცენტი, რომელსაც საკუთარი მართვა-გამგეობის სფეროდ მიიჩნევენ და კიდევ ერთხელ ეგრძნობინებინათ ხალხისთვის და ხელისუფლებისთვის, რომ სწორედ ისინი არიან ქვეყანაში რეალური ხელისუფლება. ერთი შეხედვით ასეთი სუსტი, მაგრამ ასეთი მუქარანარევი და თვითდაჯერებული, სიყვარულისგან დაცლილი (ამ თემაზე წინა ეპისტოლეში ისუბრეს მეტ-ნაკლებად) ეპისტოლე ბოლო 30 წლის განმავლობაში ამბიონიდან არ გაჟღერებულა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა