შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საპატრიარქო მეუფე პეტრეს დასჯას ვერ გაბედავს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 იანვარი 2019

სკანდალური განცხადების შემდეგ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე, სინოდიდან გარიცხვას ელოდება. უფრო მეტიც,  ის არ გამორიცხავს, რომ მას სასულიერო პირის წოდებაც კი შეუჩერონ. ამის მიზეზი კი უწმინდესის მიმართ გაკეთებული შეფასებაა, რომ მას „პატრიარქის მწყემსიკეთილიანობის აღარ სჯერა“ . ტვ "პირველის“ ეთერში მეუფემ განაცხადა, რომ  ის ყველაფრისთვის მზად არის.   

თუმცა მეუფისგან განსხვავებით, თეოლოგები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ საპატრიარქო მეუფე პეტრეს ასე ადვილად სინოდიდან გარიცხვას ან მღვდელმთავრის სტატუსის შეჩერებას ვერ გაბედავს. მათი აზრით, მეუფეს კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რასაც ამბობს და მას სინოდში თანამებრძოლებიც ჰყავს, რომლებიც ასე საჯაროდ არ ჩნდებიან. 

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ფიქრობს, რომ მეუფეს საპატრიარქოს ადმინისტრაციის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატები აქვს, რომლის გამოაშკარავების შიშიც აქვთ, ამიტომაც ისინი მხოლოდ და მხოლოდ მეუფის სიტყვიერი გაფრთხილებით კიდევ ერთხელ შემოიფარგლებიან. ტიგინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეკლექტურ წმინდა სინოდში დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქოს, რადგანაც მეუფე პეტრეს ძალიან ბევრი თანამებრძოლი ჰყავს, რომლებიც საპატრიარქოს ერთპიროვნულ რეჟიმს პრივატულ საუბრებში აპროტესტებენ. 

"მე აბსოლუტურად ცივი გონებით ვთქვი, რომ  ციანიდის საქმესთან მიმართებაში სინოდის ბოლო სხდომაზე  უსამართლობის განცდა დამეუფლა. ამ დასკვნამდე თანმიმდევრულად და ეტაპობრივად მივედი. მითი პატრიარქობის მწყემსიკეთილიანობის ჩემთვის აღარ არსებობს. თვით სახარებაში კარგად არის განმარტებული, თუ რა არის მწყემსი კეთილი. და თუ როგორ უნდა ვიყოთ მწყემსი კეთილი. ჩვენ გვაქვს ამის  მაგალითები, როგორც  მსოფლიო ქრისტიანობის  ისტორიაში, ისე საქართველოს უახლეს ისტორიაში“, - აამბობს მეუფე პეტრე. 

ამის შემდეგ კი მეუფე პეტრეს მეუფე სპირიდონი და იაკობი დაუპირისპირდნენ. მეუფე სპირიდონმა მას შემდეგი საიტყვებით მიმართა „პიდარასტობის დაკანონება რომ უნდათ, იმათი რუპორი ხარ“. მისი აზრით, მეუფე პეტრე იმ ადამიანების რუპორია ვისაც საქართველოს ეკლესიაში შფოთვის და დაპირისპირების ატეხვა სურს. 

“უგუნური ხარ, ჭკუა დაკარგული გაქვს. ვისი რუპორი ხარ - ვისაც უნდა, რომ საქართველოს ეკლესიაში შფოთი ატეხოს. ვინ არის ეს? - კარგად ვიცი, ვინც არის - ვინც ტრანსგენდერობას და ბოდიში და პიდარასტობას ჰომოსექსუალობას მთელ მსოფლიოში აკანონებს და ახლა მიიღეს ის კანონები, რომ თუ ტრანსგენდერებზე ცუდ რამეს იტყვის, ციხეში გაგიშვებთო. ახლა დაბადების მოწმობაში აღარ უწერენ არც ქალს, არც კაცს - რო გაიზრდება, თვითონ გაარკვევს, ქალია თუ კაციაო. იმათ უნდათ, რომ ეკლესიაში შფოთი იყოს, ისინი სწამებენ ეკლესიას ცილს და შენც მაგათი რუპორი ხარ. გეუბნები, ჩემო ძამიკო, შენ უნდა გიტარონ ცოცხალთათვის პანაშვიდი,”-განაცხადა მეუფე სპიროდონმა ქადაგებისას.  

გასაკეთებელს გავუკეთებ, არავის ვაპატიებ ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს, – ასე პასუხობს „ტვ პირველთან“ ინტერვიუში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებას, რომ „საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ“. მეუფე იაკობის განცხადებით, მეუფე პეტრეს არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია.

„მეუფე პეტრე თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ავტორიტეტია, ეს სხვა რამეა, მაგრამ ჩვენთან რაღაც ავტორიტეტი ხომ უნდა იყოს. ჩვენთან აბსოლუტურად არ არის ავტორიტეტი. მე პირადად შეიძლება, რაღაც გავუკეთო, ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ გასაკეთებელს გავუკეთებ, არავის არ ვაპატიებ ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ის რუსულ ინტერესზე მიუთითებს და ამბობს, რომ რუსეთს სურს, საქართველოს ეკლესია დააკნინოს. ჟურნალისტის კითხვაზე, დაკარგავს თუ არა მეუფე პეტრე სასულიერო პირის წოდებას, მეუფე იაკობი ამბობს, რომ თუ მოინდომა, გასაკეთებელს გააკეთებს.

„როგორც იქცევა, თუ არ შეინანა… ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე ის, როგორც იქცევა. პირდაპირ გეუბნებით, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ვიღაცეებმა, მაპატიეთ და, ის „გააპრავონ“. მე ვიქნები ის ადამიანი და ეკლესიაში მე სიტყვა მეთქმის. თუ მოვინდომე, გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია, რომ იცოდეთ და მერე ყველა დამეთანხმება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ინტერვიუში.  

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საპატრიარქოს  მეუფე პეტრესთვის  სინოდიდან გარიცხვის და სასულიერო პირის წოდების ჩამორთმევის ეშინია. მეუფე პეტრესგან განსხავებით თეოლოგი არ ელოდება, რომ უახლოეს მომავალში მისი სინოდიდან გარიცხვა მოხდეს. თეოლოგი ამბობს, რომ რაკი მეუფეს ერთი გაფრთხილება უკვე მიღებული აქვს,  მისი მომდევნო სასჯელი მეორე გაფრთხილება იქნება. 

ტიგინაშვცილი ფიქრობს, რომ ასე შეიძლება უსასრულოდაც გაგრძელდეს, რადგანაც რაიმე განსაზღვრება არ არსებობს, რამდენი გაფრთხილებით შეიძლება საპატრიარქო შემოიფარგლოს. თეოლოგი ამბობს, რომ ასევე ამ გაფრთხილებებს დოკუმენტური დადასტურება უნდა მოჰყვეს, მისი  ქმედებებით  და რიტორიკით რომელი საეკლესიო კანონი ირღვევა. თუმცა საპატრიარქო ამ დოკუმენტის მიღებისგან თავს იკავებს. ამის ნათელი მაგალითი კი უწმინდესის თანამოსაყდრის მეუფე შიოს განცხადებაა, რომელიც ამბობდა, რომ მეუფე პეტრეს ქმედებებს კანონიკურად შეისწავლიდა და წერილით წმინდა სინოდს მიმართავდა. ამის შემდეგ კი მეუფეს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო. ეს დასკვნა  კი თეოლოგის თქმით, დღემდე არ ჩანს. 

„მეუფე პეტრეს დასჯა ამ სიტუაციაში წარმოუდგენელი მგონია. გამომდინარე ჯერ იქიდან, რომ საპატრიარქოს უამრავი სხვა პრობლემა აქვს. ამიტომაც ასეთ ხმაურიან და სკანდალურ გადაწყვეტილებას  არ მიიღებენ. მითუმეტეს, როდესაც იციან, რომ  მეუფე პეტრე საპატრიარქოს ადმინისტრაციის შესახებ ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობს და მათ წინააღმდეგ ძალიან ბევრი კომპრომატებიც აქვს. 

აქედან გამომდინარე ასე იოლად მას ვერავინ გარიცხავს. მისი რომ არ ეშინოდეთ, აქამდე მეუფეს სამღვდელმთავრო უფლებებს ჩამოართმევდნენ. ცხადია, როდესაც მეუფე უწმინდესზე ასეთ განცხადებას აკეთებს, მას უნდა მოეთხოვოს ამ განცხადებას რის საფუძველზე აკეთებს ან მისი გაფრთხილება და შემდეგში დასჯა უნდა მოხდეს. შესაბამისად პროცესი საკმაოდ მწვავეა. იმის გამოისობით, რომ საპატრიარქოს მეუფე პეტრეს განცხადებებზე პასუხი არა აქვს, ჩნდება ეჭვი, რომ მათი სინდისი არ არის იმდენად კრისტალური, რომ ეყოთ კადნიერება და მისი ქცევა განსაჯონ. 

მეორეს მხრივ დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე პეტრე პოლიტიკურად როგორი მოტივირებულიც არ უნდა იყოს, ის თავის პასუხისმგებლობას ვერ ათვითცნობიერებდეს. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, მას უკან ზურგს სინოდშიც უმაგრებენ. საპატრიარქო კი ამაზე რა პასუხებს იძლევა, მაფიქრებინებს, რომ მეუფე პეტრეს გზავნილი  გარკვეული ობიექტურობის მარცვალს შეიცავს“, - აცხადებს თეოლოგი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მეუფეს თანამებრძოლები და თანამზრახველები სინოდში ჰყავდეს. ამბობს, რომ მღვდელმთავრების უმეტესობას გამბედაობა და სიმამცე არ ჰყოფნის, რომ საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა ისაუბრონ, ვხედავთ დაქსაქსულ, ეკლექტიკურ წმინდა სინოდს, რომელსაც მთელ რიგ საკითხებზე უკმაყოფილება აქვს და გარკვეული მოსაზრებით მღვდელმთავრების უმრავლესობა  ხმამაღალი საუბრისგან თავს იკავებს. თუმცა ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება და მეუფე პეტრესავით ისინიც ხმას ამოიღებენ. 

„მეუფე პეტრე სხვებისგან უფრო მეტი ამბიციურობით გამოირჩევა და ასე ხმამაღლა მხოლოდ ის ამიტომ საუბრობს. როდესაც მე პირადად მღვდელმთავრებს ვხვდები, ისინი პრივატულ საუბრებში ზუსტად მეუფე პეტრეს მსგავს განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ ყველა რეჟიმით დაიღალა. რეალურად ეკლესიის მართვა არა წმინდა სინოდის და კრებსითი პრინციპით ხდება, არამედ კათალიკოსპატრიარქის და უშვალოდ მისი სამდივნოს მიერ იმართება. ამიტომაც მეუფე პეტრეს გარიცხვას და სასულიერო პირის სტატუსის ჩამორთმევას ასე ადვილად ვერ შეძლებენ“,-აცხადებს თეოლოგი „რეზონანსთან“.    

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა