შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შანტაჟი და ტერორი-ავტოსადგომების ოპერატორები ოზურგეთის მერიის წინააღმდეგ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 21 იანვარი 2019

გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში ავტომანქანების პარკირების მოწესრიგების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ და მერიამ ზრუნვა გასული წლის მეორე ნახევარში დაიწყეს.

გასული წლის ნოემბერში, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ტერიტორია სამ ზონად დაიყო, წითელი, ყვითელი და მწვანე - მწვანეში მოხვდა ტერიტორია, სადაც პარკირება უფასოა, ყვითელში პარკირება დაბალ ფასებშია შესაძლებელი, ხოლო წითელ ზონაში, იქ სადაც ბოლო წლებში პარკირება მუდმოვად დიდ პრობლემას წარმოადგენდა, სწორედ ეს ადგილები მოხვდა.

თუ გასულ წლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, იქ სადაც ძირითადი სავაჭრო ცენტრბია განლაგებული, მანქანის პარკირების ფასი საშუალოდ 20 თეთრს შეადგენდა, საკრებულოს გადაწყვეტილებით უკვე 50 თეთრამდე გაიზარდა.

შეიქმნა სპეციალური სამსახური, ა(ა) იპი "პარკირების სამსახური" რომელმაც გარდა იმ ადგილებისა, რომელიც კომპანია "ჭალა საყდარს" იჯარით ჰქონდა აღებული, ყველა დანარჩენი ტერიტორია საკუთარი პატრონაჟის ქვეშ მოაქცია.

ამ სამსახურმა ფუნქციონირება გასული წლის პირველ დეკემბერს დაიწყო და შესაბამისად, ყველა იმ 30-ივე ოპერატორთან, რომლებიც მანამდე ავტოსადგომებს ემსახურებოდნენ, სამთვიანი შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდა.

თუმცა...

დღეს "გურიის მოამბეს" რედაქციას 10-მდე ოპერატორი ესტუმრა და არსებულ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება მოითხოვა.

ოპერატორების განცხადებით, ხელისუფლება მათ არაკეთილსინდისიერად ექცევა, უფრო მეტიც, პირველი დეკემბრიდან, თვეზე მეტია უკვე მათ, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ზემდგომები შანტაჟსა და ზეწოლაში ამყოფებენ და ყოველგვარი კანონის გარეშე სამსახურებიდან აგდებენ.

ოპერატორები ამ ეტაპზე ცდილობენ ოზურგეთის მერიასთან საქმე მორიგებით დაასრულონ და თუ ეს არ გამოვა, მაშინ, აპირებენ საკუთარი უფლებების დაცვისათვის სასამართლოს მიმართონ:

"30 ოპერატორიდან აბსოლიტური უმრავლესობა გაგვაგდეს და ახალი ხალხი მოიყვანეს, დღეს გვთხოვენ 40 ლარის მიტანას, რაც შეუძლებელია. არც უნიფორმას გვაძლევენ, საწვიმარ ლაბადებს ჯვარი წერია და ჯოხს... ხელშეკრულება გაგვიფორმეს თვიურად 200 ლარის ხელზე ანაზრაურებით, ანუ 250 ლარი ხელფასი და აქედან 50 ლარი საშემოსავლო, თუმცა დეკემბერში უმრავლესობამ 30 და 40 ლარი ავიღეთ, რომ ვიკითხეთ ეგ რააო, გვიპასუხეს ყოველდღიურად 40 ლარს თუ შემოიტანთ სრულ ხელფასს მიიღებთო, თუ არა და, რასაც შემოიტანთ იმის ადეკვატურად აისახება ოდენობა ხელფასზეო. მოგვატყუეს, თავიდან ასე არ შევთანხმებივართ ჩვენ"-აცხადებენ ოპერატორები და გვიმტკიცებენ, რომ ამ ნაბიჯით ოზურგეთის მერიამ მინიმუმ 20 ოჯახი ლუკმა პურის გარეშე დატოვა:

 გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, შეიქმნა მუნიციპალიტეტში სამსახური, რომელიც არეგულირებს ადგილზე პარკირების საკითხს, ეს ადამიანები არიან ოპერატორები. ოპერატორებთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 1 დეკემბერს, რომელსაც სამ თვიანი ვადა აქვს, ანუ 1 მარტამდეა ძალაში. შრომითი ხელშელრულებით გაწერილია- ანაზღაურება, ასევე სამუშაო გრაფიკი, სამუშაო პირობები, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილია ქვითრები, რომლითაც უნდა მოხდეს საზღაურის აღება პარკირებისათვის. ოპერატორების პრეტენზია არის ის, რომ ხელმძღვანელობიდან თითოეულ ოპერატორზე ხდება ზეწოლა, რომ დღიური გეგმა აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ 40 ლარი და 40 ლარი უნდა შეიტანოს თითოეულმა ოპერატორმა სალაროში. ოპერატორები თავად ყიდულობენ უნიფორმას და ყველა ინვენტარს რაც საჭიროა მუშაობისთვის, გვიხსნის იურისტი თინათინ ბასილაშვილი, რომელიც, იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორებსა და პარკირების სამსახურს შორის შეთანხმება არ შედგა, მზად არის მათი უფლებები სასამართლოში დაიცვას.

გთავაზობთ ოპერატორების განცხადებებიდან ამონარიდებს, რომლებიც ამ უკანასკნელებმა "გურიის მოამბეს" რედაქციაში სტუმრობისას გააკეთეს:

„წვიმაში და ქარში ქოლგით ვდგავართ და საპირფარეშოში გასვლის საშუალებაც არ გვაქვს, უნდა ავაგროვოთ ფული, შევასრულოთ გეგმა და ჩავუთვალოთ, ესაა ზეწოლა და შანტაჟი“

„გაგვიფორმდა ხელშეკრულება და დაგვპირდნნ მოგცემთ ხელფასს 250 ლარს თვეში, რასაც იმუშავებთ ამ ტალონებით შემოიტანთ ჩვენთანო. 10 დღე გაგვაჩერეს ,უნდა დავხაზოთ და გავაკეთოთ პარკირების ადგილიო და ერთი კაპიკი არ დაგაკლდებათ თქვენო, ჩაგეთვლებათ ნამუშევარში და აიღებთ ხელფასს ჩვეულებრივადო, მაგრამ ისე მოხდა, იმ ათი დღის მერე არაფერი შეცვლილა, არც დახაზულა და რომ მივედით გვითხრეს გააგრძელეთ მუშაობაო, ხუთი კაცია ახალი უფროსი".

"მოგვცეს ქვითრები და გვითხრეს ამ ქვითარს ამოწერთ, ეცადეთ 50 თეთრიანები ამოწეროთო. კაცი რომ გაჩერდება 10-15 წუთით, თუნდაც ერთი საათი როგორ გადამიხდის 50 თეთრს, ორი საათი ჩერდებოდა 20 თეთრს ვერ მიხდიდა, ბოდიშებს გვიხდიდა და მეორე დღეს მოტანას გვპირდებოდა. ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? ჩეკი დაადეთ და არ გაუშვათო, იმ წუთას გამოართვითო, კაცი მეუბნება ბაზარში მივდივარ ხურდა არ მაქვს და წამოსვლისას გადაგიხდიო და რა ვუყო. ყოველდღიურად მომთხოვა მე უფროსმა 37 ლარი, ანუ ორ დღეში 74 ლარი,ზოგიერთმა ოპერატორმა შეიძლება გააკეთოს მაგდენი თანხა, ადგილს ხომ გააჩნია? მაგალითად, ისიდორეს აფთიაქთან რომ ოპერატორებია, მაგათ 11-12 მანქანის ადგილი აქვთ, მაგრამ მე მაქვს სულ 7 ადგილი, იქიდან ერთი ადგილი შშმ პირებისაა, იმას ვერ შეეხები, რანაირად მოვაგროვო ადენი ფული? 250 ლარს მოგცემთო, 50 ლარი საშემოსავლოსია, მივედი ხელფასზე და დამიქვითეს, მომიწია 50 ლარი, რატომ დამიქვითეთო და ვერ შემოიტანე პროცენტიო. ვერ მოვუყარე ყოველ დღე ამ ფულს თავი და რა ვქნა, ჩემი ფული სად მაქვს რომ დავამატო? თავიდანვე რომ ეთქვათ ყოველ დღე ამდენი უნდა გვეხადა, ხელშეკრულებაზე ხელს არ მოვაწერდით. თუ ვერ შემოიტანთ ამ თანხასო, მაშინ გაიხადე ხალათი და წადიო. სამი რიცხვის მერე არ მიმუშავია, ათი დღე ისე გაგვაჩერა, ეს უნიფორმა გაიხადეო რომ მეუბნება, ჩემია ეს ფორმა, ჩემი ნაყიდია და ვის დავუტოვო? ჩვენ სამი რიცხვის მერე არ გვიმუშავია. ახალი ხალხი მოიყვანეს 50 კაცი, ვკითხე თქვენ რამდენს იხდით ყოველდღიურდ მეთქი და 15-20 ლარსო, აბა მე თუ 40 მთხოვდი ამ ხალხს როგორ უთმობ?  მე ვფიქრობ ჩვენ არ ვაწყობდით მაგათ. 22 წელი, 17 და 13 წელი გვაქვს ნამუშევარი, მე თბილიში ჯერ პარლამენტთან ვიმუშავე 7 წელი, მერე გლდანში კიდე 7 წელი. დავბერდი „სტაიანშიკად“ და ვინ რა უნდა მასწავლოს? ჩვენ ყველანი დაუცველები ვართ, ვინმემ შეურაცხყოფა რომ მოგვაყენოს ვის ადარდებს? შენ მარტო ფული მოიტანეო".

"უნიფორმა და ყველა ატრიბუტი ჩვენი შეძენილია, გვეუბნებიან- ხელშეკრულება გაქვთ გინდათ იმუშავეთ, ან არადა წადით სახლშიო".

"ჩვენ გვინდა შესრულდეს ხელშეკრულების პირობები, ჩვენ შეიძლება განათლებული ხალხი არ ვართ და გვინდა ყურადღება მოგვაქციონ, ოჯახებს მშიერს ვერ დავტოვებთ, გვინდა მოგვხედონ და ძველებურად გვამუშაონ. საახალწლოდ გზა რომ გადაკეტეს, გაუშვა ის ხალხი სახლში თურმე და მარტო იმუშავეს და ამდენი ფული იშოვეს, თითო მანქანაზე 8-8 ლარი .50 მანქანა ხომ მაინც იქნებოდა სულ მცირე. უნივერმაღიდან ბაზრის ბოლომდე იმუშავეს. წაიღო ეს ფული პარკირების სამსახურმა, ქვითრებსაც არ უწერდნენ.“

მეორე მხარის კომენტარს მიღებისთანავე მოგაწვდით. 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია