შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა ბრიუსელში

პოლიტიკა
 23 იანვარი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო – ევრკავშირის ურთიერთობების განვითარებასა და შემდგომი დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა იოჰანეს ჰანმა მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

სალომე ზურაბიშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს მადლობა გადაუხადა ვიზიტის ფარგლებში გაწეული უაღრესად თბილი მიღებისთვის და ბათუმში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოიპატიჟა.

,,ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე როგორც ახალარჩეული პრეზიდენტისათვის. ვიზიტი, რომელიც დაიწყო ბრიუსელით, არ არის უბრალოდ პრეზიდენტის პირველი ვიზიტი, ეს არის მკაფიო და სიმბოლური ჟესტი, რომელიც ასახავს იმ აშკარა პრიორიტეტს, რომელიც უკვე აისახა საქართველო ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა პრეზიდენტის არჩევისთანავე.

ამ პრიორიტეტში იგულისხმება ინტეგრაცია ევროპასთან, რომელსაც საქართველო ეკუთვნის თავისი კულტურით, თავისი სულით და თავისი იდენტობით. საქართველო აქ თავს საკუთარ სახლში გრძნობს.
ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ იმის, რაც კომისიამ გააკეთა ბოლო თვეების განმავლობაში. კერძოდ, ნოემბრის თვეში აქ გამართული შეკრება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მან მისცა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის თითქმის მთელ შემადგენლობას, კომისიასთან ერთად, განეხილა ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები და ის, თუ რა არის გასაკეთებელი, მოეხაზა მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები.

ჩვენ ვიმსჯელეთ, ასევე, მიმდინარე წლის ივლისში, ბატონი თავმჯდომარის ჩამოსვლის შესაძლებლობაზე ბათუმში პარტნიორობის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

ეს კონფერენცია უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოსთვის, ეს არის პარტნიორობის შეთანხმების მეათე წლისთავი და კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ თვალი გადავავლოთ ჩვენს ურთიერთობებს და მიღწეულ პროგრესს, რომელიც ძალიან არსებითია.

ეს იქნება ასევე შესაძლებლობა, რომ ბიძგი მიეცეს ახალ იდეებს, ახალ მიდგომებსა და დინამიკას ამ ურთიერთობაში, რომელიც უკვე ასოცირების შეთანხმების ხუთ წელს ითვლის.

ეს იქნება ასევე კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთად ვიფიქროთ, როგორი იქნება ეს ურთიერთობა, რომელიც უკვე ძალიან ნაყოფიერია, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირი გადადგამს პირველ ნაბიჯებს ახალი ინსტიტუტების შექმნის გზაზე.

მინდა, აქაც გავუსვა ხაზი, და ამაზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ, იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის იმ როლს, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასრულებს საოკუპაციო ხაზზე.

ეს არის თავისი ხასიათით უნიკალური მისია. მისია, რომლის არსებობაც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს.

ეს მისია აძლიერებს მათში უსაფრთხოების განცდას, ხოლო ჩვენში, ხელისუფლებაში და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში, აძლიერებს განცდას და არა მხოლოდ განცდას, რომ ევროკავშირი ფიზიკურად იმყოფება ჩვენს გვერდით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ეს პოლიტიკური მხარდაჭერაა, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, მთლიანობაში ამ ოკუპირებულ ზონებთან დაკავშირებული ზომები, ის მშვიდობიანი ძალისხმევა, რომელსაც ატარებს საქართველო, წარმატებული იქნება მხოლოდ ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის შემთხვევაში.

მარტო ჩვენი ძალისხმევა შედეგს ვერ მოიტანს. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო და ხაზი გავუსვა ამ მისიის და მისი გაგრძელების მნიშვნელობას, რის შესახებაც გადაწყვეტილება ახლახან იქნა მიღებული ბრიუსელში.

დაბოლოს, ბატონო თავმჯდომარევ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს გუნდს ჩემი ქვეყნისა და მისი ევროპული პერსპექტივების მიმართ გამოხატული უწყვეტი მხარდაჭერისათვის”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს.

,,უაღრესად მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ საქართველოს ახალ პრეზიდენტთან ერთად. მინდა სიამოვნებთ აღვნიშნო, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის გარეთ ბრიუსელში შედგა.

ეს ნიშანდობლივია და გამოხატავს საქართველოს ნებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ეს არის ჟესტი, რომელსაც ჩვენ ორივე ხელით მივესალმებით, მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ მისწრაფებას, რადგან უკვე გარკევეული პერიოდია, კარგად ვხედავთ, რომ საქართველო წინ მიიწევს სწრაფად და დაჩქარებული ტემპებით და მე მქონდა შესაძლებლობა, მეთქვა საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც გასული წლის 21 ნოემბერს იყო ვიზიტით ჩვენთან, რომ საქართველოს მთავრობა, ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მთავრობაა, რომელთანაც ევროკომისიას ჰქონდა და მომავალშიც ექნება ერთობლივი შეკრება.

ეს ვალდებულება მე ავიღე, როდესაც ვიზიტით ვიმყოფებოდი საქართველოში გასულ წელს. ჩვენ გვაქვს მეგობრული, ძმური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ამ დიდ ერზე. ჩვენ ვავითარებთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას საქართველოსთან.

კერძოდ, ეკონომიკის სფეროში, ვინაიდან საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი ტემპებით იზრდება და ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე, ამ ორ ერთობას შორის დაახლოების გზაზე.

ერთობაში ვგულისხმობ ევროკავშირს და არა საქართველოს, ეს ცალკე ქვეყანა და დიდი ერია.

2017 წელს ჩვენ შემოვიღეთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეები მასობრივად მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში. დღეისთვის უკვე 300 000–მა ქართველმა იმოგზაურა.

ჩვენ გვინდა კიდევ უფრო განვავითაროთ პროგრამა „ერაზმუს +“. საქართველოს უნივერსიტეტების 3 600 სტუდენტი უკვე მონაწილეობს ამ პროგრამაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 2 000 სტუდენტთან ერთად.

მაკროფინანსური დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს, შენარჩუნდება იმავე დონეზე.

ამას გარდა, მე და ქალბატონმა პრეზიდენტმა განვიხილეთ რამდენიმე თემა, რომელიც ქვეყნის შიდა საკითხებს ეხება. კერძოდ, სასამართლო სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ჩვენ სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ სახეზეა რეალური პროგრესი.

მე დავუსვი კითხვები ქალბატონ პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭირო იქნება, რომ ჩვენ ყველა შესაძლო შემთხვევაში ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას”, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა პრესკონფერენციაზე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია