შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გახდით საკუთარი წარმატებული ცხოვრების წინდახედული ინვესტორები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36149 
 09 თებერვალი 2019

«მან გადაწყვიტა ეპოვა მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი, რათა გადაეცა ის ადამიანებისთვის და ამ მიზნით გაემგზავრა ხანგრძლივ მოგზაურობაში.  

ის შეუპოვრად მიიწევდა წინ. მიაპობდა ტალღებს ზღვებზე და ოკეანეებზე, ებრძოდა წყურვილს და აუტანელ სიცხეს უდაბნოს მცხუნვარე მზის ქვეშ,მიიკვლევდა გზას გაუვალ ჯუნგლებში, არ ტოვებდა კუთხე–კუნჭულს მიწის ზემოთ თუ მიწის ქვეშ, მაგრამ იმას, რასაც ეძებდა, მიაგნო ერთი მთის მწვერვალზე.

იქ ასაღწევად ათეულობით წლები დასჭირდა, რომლის განმავლობაშიც უამრავი ტანჯვა გამოიარა. მას არ შერჩა ერთი მთელი  ძვალი სხეულში და კანი ხელ–ფეხზე, მან დაივიწყა მშობლიური სახლი, ოჯახი, თავისი სიყვარული, საკუთარი სახელიც კი, მაგრამ მაინც ავიდა იმ მწვერვალზე და… სამუდამოდ იქ დარჩა!  რადგან აღმოჩნდა, რომ შეუძლებელია ამ ელექსირის გადატანა  და ადამიანებისთვის მისი გადაცემა!»

ჩვენ, სულ ძიებაში ვართ. მთელი ცხოვრება ვეძებთ სიხარულს, სიყვარულს, წარმატებას, ბედნიერებას. ამ ძიებაში შეიძლება რამოდენიმეჯერ გამოვიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, სამსახური, პარტნიორები,  ბიზნესი და მეუღლეც კი, მაგრამ ვერ მივაღწიოთ საწადელს. მაშინ გვიპყრობს საოწარკვეთა, ბრაზი, სიძულვილი… მიგვაჩნია, რომ მთელმა სამყარომ ზურგი გვაქცია და გვიჩნდება პრეტენზიები ყველას და ყველაფრის მიმართ.

„კი მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?!“ – ვფიქრობთ ან გავიძახით აღშფოთებულები, – „სად არის ჩემი წილი ბედნიერება, როდის და როგორ უნდა ვიპოვო ის“ – და ვერ ვხვდებით რომ იქ არ ვეძებთ, სადაც საჭიროა, რომ ბედნიერებას ვერ იპოვი რამდენჯერაც არ უნდა შემოიარო  დედამიწა, რადგან ამ ბედნიერების წყარო თვითონ ჩვენშია.

მის მოსაძებნად ექსპედიცია უნდა მოვაწყოთ არა სამყაროს კიდემდე, არამედ საკუთარ თავში და გავარკვიოთ რა ხდება იქ,  რადგან  ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვღებულობთ, წარმატება თუ წარუმატებლობა, ბედნიერება, თუ უბედურება, არის გარემომცველი სამყაროს ადეკვატური რეაქცია მანამდე ჩვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.

ადამიანს გარშემო ყოველთვის აკრავს ერთგვარი ენერგეტიკული ველი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ვიბრაცია და რომელიც იცვლის სიხშირეს იმის და მიხედვით თუ რა გრძნობებს , განცდებს, ემოციებს ვასხივებთ ჩვენ თვითონ.

ეს ენერგეტიკული ველი სამყაროში ვრცელდება ათასობით კილომეტრზე, როგორც რადიოტალღები და იზიდავს შესაბამის სიხშირეზე მყოფ, მსგავსი ვიბრაციის მქონე ენერგეტიკულ ველებს.

ჩვენ ყოველდღე ვფიქრობთ და ვამბობთ, რომ ცხოვრება რთულია, რომ ადამიანი ტანჯვისთვის არის გაჩენილი, რომ ყველგან უკეთესია სადაც ჩვენ არ ვართ და ვერ ვხვდებით, რომ ამით, ნეგატიური ემოციებით ვმუხტავთ ჩვენს ქვეცნობიერებას და ვასხივებთ შესაბამის აზრებს, რომლითაც თანდათანობით ივსება სივრცე ჩვენს გარშემო და იქმნება  ჯაჭვური რეაქცია შესაბამისი მოვლენების მოზიდვისა.

მერე გვიკვირს – საიდან ამდენი უარყოფითი მუხტი, პრობლემა, წარუმატებლობები ჩვენს ცხოვრებაში.

მგონი აინშტაინის სიტყვებია: «სიგიჟე, ეს არის ყოველდღე აკეთო ერთი და იგივე და ელოდო განსხვავებულ შედეგებს!»

ჩვენ მასიურად მოგვიცვა ამ სიგიჟემ — მუდმივად ვფიქრობთ იმაზე რაც არ გვინდა და ველოდებით, რომ მივიღებთ იმას, რაც გვსურს… მუდმივად ვთესავთ ეკალს და ველოდებით რომ ვარდი ამოვა!

„როგორ უნდა ვიფიქრო კარგზე, თუ მუდმივად პრობლემები მახვევია გარს?“ – იკითხავს ადამიანი. – „აი თუ მე მივაღწევ წარმატებას, ვიშოვი ბევრ ფულს, მაშინ  შევძლებ ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე როგორც ფიზიკურზე ისე სულიერზე, გავხდები ბედნიერი და მერე შემეძლება გავცე პოზიტივი, ვასხივო სიხარული და ბედნიერება!..“

ანუ ჩვენს ცნობიერებაში ჩამოყალიბებულია ერთგვარი სტერეოტიპი აზროვნებისა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ბედნიერებას:  ჯერ საშუალება (მაგარი სამსახური, საკუთარი ბიზნესი, მდიდარი მემკვიდრეობა, ლატარიაში ფულის მოგება და ა.შ.), რომ მივიღო ყველაფერი რაც მინდოდა და ვუზრუნველყო ყველაფრით საკუთარი თავი და ოჯახი და სწორედ ეს მაქცევს ბედნიერ ადამიანად.

არადა, ყველა წარმატებული, სახელგანთქმული, მდიდარი და ჭეშმარიტად ბედნიერი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე რამე უთქვამს ან დაუწერია წარმატების ფსიქოლოგიაში, ერთხმად ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, რომ ბედნიერება ეს არის –  საბოლოო პროდუქტი უპირველეს ყოვლისა ჩვენი აზროვნებისა და მისი ხარისხი ყოველთვის შეესაბამება იმ ძალისხმევას, რასაც ამ აზროვნების ფორმირებაზე ვხარჯავთ.

ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში – ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი კარიერა, ჩვენი ფინანსები, ჩვენი წარმატება და ბედნიერება – დამოკიდებულია სწორედ იმ აზროვნების ფორმაზე, რომლითაც მუდმივად ვაპროგრამეთ ჩვენს ქვეცნობიერს, რომელსაც, თავის მხრივ, გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი ეძებოს გარემომცველ სამყაროში ყველა რესურსი, საშუალება ამ პროგრამის განსახორციელებლად.

ამიტომ,  მიუხედავად ყველაფრისა, ეცადეთ მუდმივად იყოთ სულიერი სიმშვიდის, პოზიტიური  განცდების მდგომარეობაში,  ეცადეთ მუდმივად გასცეთ სიყვარული და სიხარული, აქციეთ ეს თქვენი ცხოვრების წესად, ირწმუნეთ რომ ამით შეძლებთ წარმატების მიღწევას და  თქვენ გაოცდებით, ისე მოულოდნელად, თითქოს არსაიდან დაიწება თქვენს ცხოვრებაში საოცარო ცვლილებები: გამოჩნდებიან საჭირო ადამიანები, ხელსაყრელი გარემოებები,შემთხვევები, შესაძლებლობები და  თქვენ გაგეხსნებათ გზა წარმატების მწვერვალებისკენ!

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენი სიტყვა, ნააზრევი, გადატანილი ემოცია, ჩადენილი საქციელი – არის ერთგვარი ინვესტიცია, ჩადებული გარემომცველ სამყაროში, რომელიც შემდეგ, თავის მხრივ,  ყველაფერს პროცენტებით გვიბრუნებს უკან.

გახდით საკუთარი წარმატებული ცხოვრების წინდახედული ინვესტორები

 ხვიჩა მებონია


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია