მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
სტუდია “გუთანი” – უანგაროდ შეწირული კეთილი საქმე

   სტუდია "გუთანის” კინოპროექტმა - “საქართველს ხერხემალი” - ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონი მოიარა, თითქმის 2500 სკოლაში შევიდა და ფილმები ნახევარ მილიონზე მეტმა მოსწავლემ ნახა. ფილმებმა, რომელთა მთავარი იდეაც ქართული ფესვების გაცოცხლება და აღორძინებაა, ბევრი ჩააფიქრა, ბევრი აატირა და ბევრიც, არც მეტი არც ნაკლები, ქრისტიანულ სარწმუნოებას აზიარა.

  დღეს კი ამ ფილმებით სამშობლოს ინგლისის, საბერძნეთის, კანადისა და ამერიკის ქართველი ემიგრანტები ეფერებიან.

  ჩვენ გადავწყვიტეთ დიდ საქმეს, რომელსაც სტუდია `გუთანი” ახორციელებს, უფრო დეტალურად გავცნობოდით. ვესაუბრეთ პროექტის ხელმძღვანელს ლექსო გელაშვილსა და მთავარ რედაქტორს ზვიად სეხნიაშვილს.

  აქვე გეტყვით, რომ ინტერვიუს დროს რესპოდენტების მოყოლილი ამბებით, მათი შეხედულებებითა და მოსაზრებებით უდიდესი ემოციით დავიტვირთე. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ხშირად არ მაქვს ასეთ ქართველებთან საუბრის ბედნიერება. მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ, უბრალოდ შევეცდები ეს ემოცია თქვენამდეც მოვიტანო.

  მაშ ასე, დავიწყოთ თავიდან:

  1996 წელს ქვემო ქართლის ტელევიზიაში გავიდა ლექსო გელაშვილის საავტორო გადაცემა “გუთანი”, რომელიც საქართველოს რეგიონების, მთისა და ბარის ცხოვრებას მოგვითხრობდა. ერთ-ერთი გადაღების დროს მომხდარმა ამბავმა კი გადაცემის კურსი შეცვალა.

  - ერთ-ერთ გადაცემას ვამზადებდით და ჯავახეთის ზეგანზე, ფოკაში, მამათა მონასტერი ვნახეთ. მოგეხსენებათ, იმ დროს, გასაგები მიზეზების გამო, ხალხი ნაკლებად ცხოვრობდა ეკლესიურად და სასულიერო პირებთან უშუალო შეხება ძალიან უცხო აღმოჩნდა ჩვენთვის. ფოკაში გავიცანით ბერი, მამა სვიმონი, რომელიც მოგვიანებით სხვა მოძღვრებთან ერთად რუსთავში გვესტუმრა და ჩვენი სტუდია აკურთხა. ამის შემდეგ ეკლესიური ცხოვრება დავიწყე და ჩემს შემოქმედებაში მართლმადიდებლური თემატიკა გაჩნდა – იხსენებს ლექსო გელაშვილი.

   მას შემდეგ ყოველკვირეული გადაცემის პარალელურად საეკლესიო ფილმებიც მზადდებოდა. “ძამის ხეობა”, “ქართველები ქერჩში”, “საკურთხეველი” – ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ლექსო გელაშვილის შემოქმედება ფართო საზოგადოებამ გაიცნო.

  2008 წელს კი რუსთავის სიონის მშენებარე ტაძართან არსებული წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამრევლო სკოლა დაარსდა, რომლის საქმინობაშიც ლექსო გელაშვილი აქტურად ჩაება.

  ამავე წელს სტუდიის წევრებმა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის კურთხევა, ქართველი კაცის გაეროვნულება, მისი ფესვების გაქართულება მთავარ ამოცანად დაისახეს და ამ მისიის შესრულება კინოპროექტის საშუალებით გადაწყვიტეს.

  ლექსო გელაშვილი: - ფაქტია, რომ დღეს წიგნით ძალიან ცოტა ადამიანი სარგებლობს, ამიტომ ჩვენი მიზნის განსახორცილებლად თანამედროვეობისთვის ყველაზე ეფექტური ხერხი ვცადეთ, გადავწყვიტეთ აგვეღო ძველი წიგნები, რომელშიც ყველაზე კარგად ჩანს ქართული სული, ქართული იდეა და მათზე დაყრდნობით გადაგვეღო ფილმი. ასე დაიწყო კონოპროექტი “საქართველოს ხერხემალი”. მამა ალექსის(შუშანია) კურთხევით პირველი ფილმი დამზადდა, რომლის ჩვენება რუსთავის კინოთეატრში გაიმართა. ვხედავდი როგორ ტიროდა მაყურებელი, ეს იყო ერთობლივი ლოცვა უფლისადმი, რამაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ვთქვი, რომ ერთ თვეში ახალ ფილმს მოვამზადებდი. ამ დროის განმავლობაში სახლიდან თითქმის არ გავსულვარ, რაც კი ცოდნა მქონდა, ყველაფერს თავი მოვუყარე და დაპირებულ ვადაში ფილმი კინოთეატრში გავიდა. პრეზენტაციას მოწვეული რუსთავის სკოლის დირექტორებიდან მხოლოდ 3-4 კაცი დაესწრო. რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, სოსო პირველმა ხელახლა გამართა ფილმის ჩვენება. მეორე ფილმს რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი მეუფე იოანეც დაესწრო, რომელმაც გვითხრა, რომ ასეთი ფილმი არასდროს უნახავს და კურთხევა მოგვცა ფილმი ჯერ თბილისში, შემდეგ კი რეგიონებში ჩაგვეტანა. აქ მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი საქმის კეთება დაგვევალა...

  ბუნებრივია ამდენ საქმეს მარტო ვერ გაუმკლავდებოდა და ლექსო გელაშვილმა დახმარება ბავშვობის მეგობარს, ჟურნალისტს ზვიად სეხნიაშვილს სთხოვა.

   ზვიად სეხნიაშვილი: - ერთ დღეს ლექსომ დამირეკა და მითხრა, რომ დახმარება სჭირდებოდა. იმ დროს “კვირის პალიტრაში” ვმუშაობდი, მაგრამ ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ და უპირველეს საქმედ კინოპროექტზე მუშაობა გავიხადე. მახსოვს, 50 ლარი ვისესხეთ და რეგიონებში დავიწყეთ ფილმის გატანა.პირელი გასვლა წარმატებული გამოდგა და ფილმების შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა. საიდან აღარ გვირეკავდნენ მისი ხილვის მსურველები...

   მალევე გაირკვა, რომ სტუდიას არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა და პედაგოგებმა და მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს დახმარების სურვილი. გაიხსნა ანგარიში და აქ ჩარიცხულმა შემოწირულობებმა სტუდიას საშუალება მისცა პროექტი გაეგრძელებინა.

  ფილმებმა ერთი წლის განმავლობაში მთელი საქართველო მოიარა, პროექტში აქტიურად ჩაერთვნენ რეგიონის სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები. დღითი-დღე ფილმებს კიდევ უფრო მეტი მაყურებელი ემატება...

   მეოთხე ფილმის, `სამშობლოსმცოდნეობის” (დიმიტრი უზნაძის `განწყობის თეორიის” მიხედვით) პრეზენტაცია სამებაში გაიმართა. გათვალისწინებული 500 სტუმრის ნაცვლად, პრეზენტაციაზე მოსულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. არც ეს ფილმი ყოფილა გამონაკლისი და აუდიტორია კიდევ უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა პროექტის მნიშვნელობაზე.

  მთავარი კი ის არის, რომ ფილმის ნახვისას გამოწვეული ემოცია მხოლოდ ემოციად არ რჩება და სასიკეთო ნაყოფი მოაქვს...

  ზვიად სეხნიაშვილი: - ფილმის ნახვის შემდეგ ბევრი ბავშვი ეკლესიურ ცხოვრებაში ჩაება და ბევრიც სტიქაროსანი გახდა. ერთ-ერთ რაიონში კი საოცარი ამბავი მოხდა. მეცხრე კლასის მოსწავლემ, რომელიც ერთ-ერთი სექტის წევრი იყო, ფილმის ნახვის შემდეგ სახლში განაცხადა, რომ მართმადიდებლობას იღებდა და სტიქაროსანი გახდა. მშობლებმა, წინააღმდეგობის მიუხედავად, ვერაფერი გააწყვეს და დედამ წერილი მოგვწერა, ჩემს შვილს ვერაფერს ვუხერხებ და მართლმადიდებლებისთვის შემომიწირავსო. ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ ფილმებს გარკვეული დროის შემდეგ კიდევ უფრო თვალსაჩინო შედეგები მოჰყვება...

  პროექტის მეხუთე ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ბატონმა ლექსომ, მხოლოდ მცირე დეტალები გაგვიმხილა, ფილმი ქართველ ემიგრანტებს მიეძღვნებათ.

  ლექსო გელაშვილი: - პატრიარქმა ბრძანა, დღეს ვინც ქვეყნიდან არ გადის, ქართულ ოჯახს ქმნის და ქართულად ცხოვრობს, დიდგორის ბრძოლად ჩაეთვლებაო. ორ მილიონამდე ქართველია გასული საქართველოდან. მათი დიდი ნაწილის განწყობა ასეთია: - რომ დავბრუნდე, რას მომცემს საქართველო?!. არადა პირიქით უნდა იყოს. გახსოვთ, როგორ მიმართა ათწლიანი გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნებულმა კირიონ II-მ საქართველოს? _ “არა მოვედ რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა!”. სწორედ ეს განწყობა უნდა ჰქონდეთ დღეს ქართველებს. ჩვენ იმხელა ძალა, ენერგია და პოტენციალი გვაქვს, ბევრი კარგი საქმის კეთება შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის. უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს, სანამ სულ არ დაკარგულა მათ უმრავლესობაში ქართული ფესვი, სამშობლოში უნდა დავაბრუნოთ. მეხუთე ფილმი სწორედ ამ თემაზე იქნება და სავარაუდოდ “საიდუმლო საქართველო” ერქმევა, ფილმიდან შეიტყობთ, თუ რა საიდუმლოებები იმალება და რა მადლი ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში.

   სტუდია `გუთანმა” ამერიკიდან, ნიუ-იორკში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის გახსნაზე, მიწვევა მიიღო, სწორედ იქ დაიწყება მეხუთე ფილმზე მუშაობა. `გუთანის” შემოქმედებითი ჯგუფი 19 მაისს გაემგზავრება.

  ზვიად სეხნიაშვილი: - ნიუ-იორკში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია იხსნება და ფილმის გადაღება გვთხოვეს. ვიზიტის ყოველი დღე ქართველებთან შეხვედრას და ფილმების პრეზენტაციას დაეთმობა. ვფიქრობ, ქართველზე სევდიანი ემიგრანტი დედამიწის ზურგზე არ არსებობს, სადაც არ უნდა იყოს ქართველი, ყველგან ახსენდება რაფიელ ერისთავის ლექსი: “არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა...”. ვეცდებით ჩვენი ფილმებით მათ სული და ფესვი გავუთბოთ და ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ ემიგრანტის მძიმე ხვედრი...

  ამ ადამიანების შემართება და კარგი საქმის კეთების სურვილი შეუმჩნეველი ნამდვილად არ რჩება. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღეს მათ საქმიანობაზე მთელი საქართველო საუბრობს.

  თუმცა ერთ საკითხზე მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო. დასაწყისშიც ავღნიშნე, რომ სტუდია `გუთანს” დამფინანსებელი არ ჰყავს, შემოქმედებითი ჯგუფი ამ საქმეს უანგაროდ ემსახურება. ანგარიშზე დაგროვილი, სკოლებიდან შემოწირულობები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ გზის ფულად თუ ყოფნით.

  სტუდია კეთილი ადამიანების იმედად არის და ღვთის მადლით ასეთი ადამიანები საკმარისად არიან.

  ლექსო გელაშვილი ჩვენთან საუბრისას განსაკუთრებით აღნიშნავს პაატა თარალაშვილს, რომელიც ყველა ტექნიკურ პრობლემას აგვარებს; ლევან მაძღარაშვილს, რომელიც მთელ თავისუფალ დროს სტუდია `გუთანს” უანგაროდ უთმობს; ირაკლი კორძახიას, რომელმაც სტუდიას 2000 -მდე დისკი უსასყიდლოდ ჩაუწერა და გადასცა. სულ ცოტა ხნის წინ კი დედოფლისწყაროს პირველი სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ორგანიზებით სიმბოლურ ყულაბაში შეაგროვეს შემოწირულობა, ამ ყულაბით გამგეობასაც ესტუმრნენ და ერთობლივი მადლით მოგროვილი შესაწირი სტუდიას გადასცეს. ყულაბის გატეხვის შემდეგ თანხა 207 ლარი და 70 თეთრი აღმოჩნდა. ასეთ ამაღელვებელ ფაქტებს სტუდიის ისტორია მრავლად ინახავს...

  და მაინც, შემოწირული თანხა, პროექტისთვის იხარჯება. უნიკალური მასალები კი, რომელიც სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული, უსახსრობის გამო ვერ მონტაჟდება და შესაბამისად ვერც მაყურებლამდე აღწევს.

  ლექსო გელაშვილი: - დასამალი არაფერი გვაქვს. სტუდიას ყველა უანგაროდ ემსახურება. ოჯახების შესანახად კი სხვადასხვა საქმის კეთება გვიწევს, პირადად მე წელიწადის თითქმის ნახევარს ქორწილებისა და ბანკეტების გადაღებაში ვატარებ, რათა ოჯახი ვარჩინო. გული მწყდება, რომ მთელ დროს პროექტზე მუშაობას ვერ ვუთმობ. ადამიანები, ხშირად გმირობის ტოლფას საქმეს აკეთებენ სტუდიისთვის, მათ გვერდით ჩვენი შრომა არაფერია. ერთადერთი რაც გამაჩნია, სამშობლოს სიყვარულია და ამ სიყვარულით ვამზადებ ფილმებს, პროექტი კი თავის საქმეს აკეთებს. ილია მართალს უთქვამს: - ათასი სანთელი რომ აანთო და გააბნიო, არც გაანათებს და არ გაათბობს, ერთად შეგროვილი კი გაათბობს და გაანათებს კიდეცო. ჩვენი სიძლიერე სწორედ სულიერ ერთობაშია და კეთილი ადამიანების თანადგომით კვლავაც ბევრს შევძლებთ...

   სტუდია `გუთანმა” რომ უკვე ძალინ დიდი საქმე გააკეთა და მომავალშიც ბევრ შეძლებს, ამაში ყველა დავრწმუნდით, მაგრამ მე რამდენად შევძელი თქვენთვის დაპირებული ემოციის გადმოცემა, ამის შეფასება თქვენთვის მომინდია. ალბათ, პირადად უნდა მოუსმინოთ ამ ადამიანებს, თავად ნახოთ, როგორ საუბრობენ სამშობლოზე, უფლისა და ქართველების სიყვარულზე და თქვენ იგრძნობთ ბედნიერებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი გქვიათ.

  რეკვიზიტები:

   ი/მ “ალექსი გელაშვილი”

  თიბისი ბანკი რუსთავის ფილიალი ანგარიშის ნომერი 1723 6010 1000 01

  მისამართი ქ. რუსთავი, იალღუჯის 11.

  www.studiagutani.ge facebook\studia gutani


ანი ციცქიშვილი
16.05.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Wow, your post makes mine look fbeele. More power to you!
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
valutis kursebi
25-04-2014
1.7617   0.0048
2.4348   0.0029
2.9575   0.0057
4.9371   0.0106
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 19 °C
ღამით + 9 °C + 8 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.