მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ვინ, როგორ და რამდენ საწვავს ყიდულობს ბიუჯეტის ფულით
"აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული წინასწარი აუდიტორული პროცედურებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა შეფასდა, როგორც სუსტი. შესაბამისად, ოპერაციების ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხვის უზუსტობის რისკი განისაზღვრა, როგორც _ მაღალი. ჩვენ მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები საკმარისი და შესაფერისია აუდიტორული მოსაზრების გამოსათქმელად საჭირო საფუძვლების შესაქმნელად", _ ეს ამონარიდია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნიდან, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესწავლის შემდეგ გაკეთდა. ამავე დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია საწვავის არამიზნობრივ ხარჯზე და არასწორ აღრიცხვაზე. ამის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ჩოხატაურის ბიუჯეტი არ შეუსწავლია, თუმცა, როგორც გაირკვა, ბევრი არაფერი შეცვლილა _ საწვავის გაცემა ისევ ყოველგვარი კონტროლის გარეშე მიმდინარეობს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას საწვავის თვიური ლიმიტი 450 ლიტრია; მისი პირველი მოადგილე თვეში 380 ლიტრ საწვავს იღებს; მეორე მოადგილეს 330 ლიტრი საწვავი ეძლევა _ 230 ლიტრი გამგებლის მოადგილეობისთვის, ხოლო 100 ლიტრი მიღება-ჩაბარების კომისიის თავმჯდომარეობისთვის; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი 170 ლიტრი საწვავს იღებს თვეში; განყოფილების უფროსი _ 100 ლიტრს; საფინანსო სამსახურის უფროსი _ 180 ლიტრს; ხოლო შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს 230 ლიტრი ბენზინი ეძლევა ყოველ თვე; ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელი თვეში 230 ლიტრს ბენზინს იღებს; სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურის უფროსი _ 150 ლიტრს; ამავე სამსახურის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი _ 100 ლიტრს; ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს თვეში 230 ლიტრი საწვავი აქვს; შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს _ 160 ლიტრი; არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსს _180 ლიტრი; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსს ყოველთვიურად 230 ლიტრი ბენზინი და 150 ლიტრი დიზელი ეძლევა; საინვესტიციო გარემოს განვითარებისა და ანალიტიკური სამსახურის საწვავის ლიმიტი თვეში 120 ლიტრია; გამგებლის წარმომადგენელს დაბაში, რატომღაც, თვეში 80 ლიტრი ბენზინი ეძლევა, ხოლო სხვა სოფლების წარმომადგენლებს კი ანალოგიური უფლებამისილებების გასახორციელებლად მხოლოდ 10-10 ლიტრი! გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ საწვავის გამოყოფა თანამშრომლებისთვის ყოველთვიური ბრძანების თანახმად ხდება : _ კონკრეტული სამსახურისთვის გამოყოფილი საწვავი ნაწილდება სამსახურებრივი საჭიროების მიხედვით და ამავე ლიმიტის მიხედვით ხდება მისი ჩამოწერა. კანონით, აღნიშნული ავტომანქანების ქირავნობის ხელშეკრულებით აყვანის ვალდებულება (რომელიც თავის მხრივ დამატებით ხარჯებს გამოიწვევდა) გამგეობას არ გააჩნია. ასევე, წლების წინ გაუქმდა საგზურით სარგებლობის წესი, აღარ ხდება კილომეტრაჟის აღწერა, _ აღნიშნა კუჭავამ. _ ბატონო ირაკლი, ტერიტორიულ ერთეულებში თქვენს წარმომადგენლებთან დაკავშირებით საინტერესო მონაცემებია _ მაგალითად, დაბაში, გოჩა ჯინჭარაძეს ეძლევა 80 ლიტრი საწვავი, მაშინ როცა სურების, ზოტის და სხვა, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან საკმაოდ დაშორებულ და მაღალმთიანი სოფლების წარმომადგენლებს 10-10 ლიტრი. ჯინჭარაძე სხვა დანარჩენებზე მეტს მუშაობს, მეტი მოძრაობა უწევს თუ უბრალოდ, თქვენთან ახლობლობა განაპირობებს მისთვის 80 ლიტრი საწვავის მიცემას? _ დაბაში სხვა სპეციფიკაა _ დღეში 2,5 ლიტრი ბენზინი ნამდვილად ჭირდება დაბის შემოვლას და კომუნალური სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგს. ასე რომ, ახლობლობა აქ არაფერ შუაშია. ისე, ცნობისთვის, სანამ მე გავხდებოდი გამგებელი, დაბის ტერიტორიული ორგანო თვეში 70 ლიტრ ბენზინს იღებდა, ხოლო სხვა ტერიტორიულ ორგანოებს საწვავი საერთოდ არ ჰქონდათ. _ თქვით, რომ კანონით, აღნიშნული ავტომანქანების ქირავნობის ხელშეკრულებით აყვანის ვალდებულება გამგეობას არ აქვს და ეს თავის მხრივ დამატებით ხარჯებს გამოიწვევდა. ხელშეკრულების გაფორმებას რა ხარჯი ახლავს? _ დამატებით ხარჯებში ვგულისხმობ იმას, რომ ხელშეკრულება დამატებით ვალდებულებებს იწვევს _ საბურავების ცვეთა, ზეთი და საპოხი მასალები. _ რა სამართლებრივი საფუძველი გაქვთ, როცა საწვავს აძლევთ კონკრეტულ პირს? გასაგებია, რომ გამგებლის ბრძანებაა, მაგრამ თქვენი ბრძანება იმასაც ითვალისწინებს, რომ კერძო მანქანებში ჩაასხან საწვავი? რით ამტკიცებთ, რომ ამდენი ბენზინი ნამდვილად საჭიროა? იქნებ, მეტი სჭირდება ან ნაკლები? _ კიდევ ერთხელ ვაზუსტებ: სამსახურებს ლიმიტი გამოყოფილი აქვთ სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად და აქედან გამომდინარე, სპეციფიკის მიხედვით. ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე თვეში 500 ლიტრს საწვავს იღებს, მისი მოადგილე _ 350 ლიტრს, მისი თანაშემწე _ 100 ლიტრს; 120-120 ლიტრი საწვავი ეძლევათ კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეებს; იურისტისთვის 80 ლიტრი საწვავია გამოყოფილი; აპარატის უფროსის თვიური ლიმიტი 100 ლიტრია: განყოფილებების ხელმძღვანელები 50-50 ლიტრ საწვავს იღებენ; საკრებულოში ამდენივე რაოდენობის საწვავი ყოველთვიურად მხოლოდ ორ სპეციალისტს _ ზურაბ სიხარულიძეს და ზაზა კაკურიას ეძლევათ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ამბობს, საჭიროებიდან გამომდინარე. მისივე თქმით, ყველა იმ პირთან, რომელსაც საწვავი ეძლევა, ავტომობილის ქირავნობით აყვანის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. _ კომისიის, ფრაქციების თავმჯდომარეებს, ყველა იმ პირს, რომელსაც ეძლევა საწვავი, ძალიან ბევრი საქმე და სამოძრაო აქვთ. თითქმის ყოველდღიური შეხვედრებია მოსახლეობასთან, რაც, ბუნებრივია, გადაადგილებას მოითხოვს, _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე. ზაალ მამალაძე მიიჩნევს, რომ "საწვავის ხარჯვის კონტროლის მიზნით, ხელშეკრულების გარდა, აუცილებელია, ავტომანქანების მოძრაობის კონტროლი სპეციალური "ჩიპების" საშუალებით. აქამდე, ამის ტექნიკური საშუალება ჩოხატაურში არ იყო, თუმცა, ეს პროცესი დაწყებულია და მალე მოგვარდება".  რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს _ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ქალაქში სამოძრაოდ, თვეში 370 ლიტრი ბენზინი ეძლევა; მის მოადგილეს _ 130 ლიტრი; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და სივრცითი, ტერიტორიული, დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე 150-150 ლიტრს საწვავს იღებენ; დანარჩენი კომისიის წევრებს და ფრაქციის თავმჯდომარეებს 100-100 ლიტრი საწვავი აქვთ; საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თვიური ლიმიტი 100 ლიტრი; აპარატის უფროსის _ 130 ლიტრი. ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში საწვავს მხოლოდ ორი სპეციალისტი იღებს _ მთავარი სპეციალისტი სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში ენვერ ჯაფარიძე (60 ლიტრი) და მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში გენო ბაბილოძე (40 ლიტრი). ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ამბობს, რომ ეს საწვავი საკმარისი არ არის და ხშირად დამატებით საწვავს საკუთარი ფულით ასხამს. მისი თქმით, ორი კომისიის თავმჯდომარის განსხვავებული ლიმიტი განსხვავებული სამუშაოდან გამომდინარეობს. _ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ანასეულში ცხოვრობს და უფრო მეტიც სჭირდება. ყველას საჭიროების მიხედვით ეძლევა, _ ამბობს კობალაძე. _ ბატონო გელა, მხოლოდ ორი სპეციალისტი რატომ გამოარჩიეთ? დანარჩენებს არ ჭირდებათ საწვავი? _ ენვერ ჯაფარიძეს სამუშაო საათების შემდეგაც უწევს მუშაობა; ხშირად შაბათ-კვირასაც. _ გივი ბაბილოძესაც ზეგანაკვეთური მუშაობისთვის აძლევთ საწვავს თუ თქვენი მეზობლობის გამო? _ მეზობლობა არაფერ შუაშია. საწვავი გაიცემა საჭიროების მიხედვით იმ ადამიანებზე, ვისაც ჰყავთ ავტომობილები. _ ეს ავტომობილები ხელშეკრულებით გყავთ აყვანილი? _ არა, არ იყო აქამდე მაგის საჭიროება და თუ საჭირო გახდა, მაგასაც გავაკეთებ, _ გვითხრა კობალაძემ. საინტერესო მონაცემებია ქალაქ ოზურგეთშიც _ ქალაქის მერის საწვავის ლიმიტი თვეში 660 ლიტრს შეადგენს; ვიცე-მერის _ 200 ლიტრს, მოადგილის _ 150 ლიტრს; მერის თანაშემწე 40 ლიტრს საწვავს იღებს ყოველთვიურად; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი _ 50 ლიტრს; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი _ 80 ლიტრს; ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი _ 40 ლიტრს; არქიტექტურული სამსახურის უფროსი _ 100 ლიტრს; სპორტის სამსახურის უფროსი _ 60 ლიტრს;, კულტურის სამსახურის უფროსი _ 80 ლიტრს; აუდიტის სამსახურის უფროსი _ 80 ლიტრს; იურიდიული განყოფილების უფროსი _ 20 ლიტრს; სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი _ 30 ლიტრს; ამდენივე აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს; კანცელარიის განყოფილების უფროსის თვიური ლიმიტი 10 ლიტრია; ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის _ 10 ლიტრი; ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი 55 ლიტრს იღებს; ქონების მართვის განყოფილების უფროსი _ 40 ლიტრს; ტრანსპორტის მართვის განყოფილების უფროსი _ 40 ლიტრს; ზედამხედველობის განყოფილების უფროსი 60 ლიტრს; სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი _ 30 ლიტრს; ტურიზმის განყოფილების უფროსი _ 10 ლიტრს. ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის თქმით, საწვავი მიზნობრივად, საჭიროების მიხედვით გაიცემა: _ კანონდარღვევით არაფერს გავცემთ _ ყველა ლიტრი საწვავი გაიცემა საჭიროების მიხედვით. ეს ადამიანები ყოველდღიურად დადიან საქმეზე _ ზოგი _ ობიექტებზე, ზოგი _ სასამართლოში, ზოგი _ მონიტორინგზე და ა. შ. ამ ყველაფრის დასადასტურებლად კი შეგიძლიათ ქალაქ ოზურგეთის მერიის ვებგვერდს ესტუმროთ და ნახავთ ჩვენს ყოველდღიურ აქტივობას, _ გვითხრა სიორიძემ, რომლის განმარტებით, საწვავის გაცემა საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება. გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს საწვავის შესაძენად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა _ როგორც გამგეობაში განმარტავენ, ტერიტორიის სიდიდის გამო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის საწვავის თვიური ლიმიტი 600 ლიტრია; მისი მოადგილეების ლიმიტი _ 200-200 ლიტრი; სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი თვეში 250 ლიტრი საწვავს იღებს; ზედამხედველობის განყოფილების უფროსი _ 250 ლიტრს; ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი _ 300 ლიტრს. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის თვიური ლიმიტი 30 ლიტრია; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის _ 80 ლიტრი; იურიდიული სამსახურის უფროსის _ 130 ლიტრი; სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის _ 60 ლიტრი; მთავარი სპეციალისტი ორგანიზაციების აუდიტორული შემოწმების საკითხებში 30 ლიტრ საწვავს იღებს; კულტურის განყოფილების უფროსი _ 40 ლიტრს; სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი _ 40 ლიტრს; შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი _ 130 ლიტრს; განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი _ 100 ლიტრს; მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსი _ 70 ლიტრს; წამყვანი სპეციალისტი ტრანსპორტით, საწვავ-საცხები მასალების და კომუნალური სამსახურების საკითხებში _ 60 ლიტრს; საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი _ 70 ლიტრს; საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახაზინო საბანკო მომსახურების უფროსი _ 70 ლიტრს; კულტურის სპორტის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი _ 80 ლიტრს; მთავარი სპეციალისტი ტურიზმის განვითარების საკითხებში _ 20 ლიტრს; ინფრასტრუქტურის არქიტექტურისა და ქონების მართვის განყოფილების უფროსი _ 150 ლიტრს; არქიტექტურის განყოფილების უფროსი _ 80 ლიტრს; საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი _ 170 ლიტრს; ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი _ 180 ლიტრს; წამყვანი სპეციალისტი საინფორმაციო საკომუნიკაციო საკითხებში _ 70 ლიტრს; უფროსი სპეციალისტი ხელშეკრულების შემუშავებისა და პირობების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლის საკითხებში _ 30 ლიტრს; ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე _ 170 ლიტრს; უფროსი სპეციალისტი შენობა ნაგებობების მოვლის დაცვისა და სასაწყობე მეურნეობის მართვის საკითხებში _ 70 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი მაკვანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 30 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი ბახვის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 60 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი დაბა ნარუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 40 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში-30 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი ბოხვაურის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 30 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 40 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი ნაგომრის ადმინისტრაციულ ერთეულში _60 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი მელექედურის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 30 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 60 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი ასკანის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 60 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი მთისპირის ადმინისტრაციულ ერთეულში _60 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი ძიმითის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 60 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი ბაილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 60 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი ვაკიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 60 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში _ 60 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი დაბა ლაითურის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 60 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 30 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 60 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 60 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი გურიანთის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 30 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი თხინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 40 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 40 ლიტრს; გამგებლის წარმომადგენელი ჭანიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში _ 40 ლიტრს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ ყველა იმ მოხელესთან, რომელსაც საწვავი ეძლევა, შესაბამისი ხელშეკრულებაა გაფორმებული: _ გარდა იმისა, რომ ავტომანქანები ხელშეკრულებით გვყავს აყვანილი, ყველას "ჩიპი" აქვს ჩადგმული. შესაბამისად, ადვილად კონტროლდება ხარჯვა. ხშირია შემთხვევა, რომ ესა თუ ის სამსახური, ასევე მეც, თვის ლიმიტს ვერ ვითვისებთ. შესაბამისად, მეორე თვეში ხდება მხოლოდ და მხოლოდ ლიმიტის შევსება, _ გვითხრა ჭანუყვაძემ. გამგებლისგან განსხვავებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ არ იცის, რის საფუძველზე აძლევს საწვავს თანამშრომლებს. თავად მას თვეში 500 ლიტრი საწვავი ეძლევა, მის მოადგილეს _ 310 ლიტრი; განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს _ 135 ლიტრი; აგრარულ საკითხთა, კომისიის თავმჯდომარე და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს _ 135 ლიტრი; სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს _ 135 ლიტრს; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს _ 135 ლიტრი; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს _ 135 ლიტრი; ფრაქცია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს _ 125 ლიტრი; ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარეს _ 110 ლიტრი; ფრაქცია "ქართული ოცნება _ კონსერვატორების" თავმჯდომარეს _ 110 ლიტრი; ფრაქცია "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარეს _ 110 ლიტრი; ფრაქცია "ჩვენი ოზურგეთის" თავმჯდომარეს _ 110 ლიტრი; ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს _ 110 ლიტრი; საკრებულოს აპარატის უფროსის _ 150 ლარი; საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს _ 80 ლიტრი; საორგანიზაციო განყოფილების უფროსის _ 40 ლიტრი; მატერიალური-ტექნიკური მომსახურების წამყვანი სპეციალისტის _ 40 ლიტრი. დავით დარჩია "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, აყვანილია თუ არა ავტომობილები ხელშეკრულებით. მან არც ის იცის, რის მიხედვით ნაწილდება საწვავი და რატომ აქვს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს სხვა ფრაქციების თავმჯდომარეებზე 15 ლიტრით მეტი საწვავი: _ რა ვიცი, არ მაინტერესებს. ალბათ, იმიტომ, რომ 'ქართული ოცნების' ფრაქციაა, _ გვითხრა დარჩიამ. დავით დარჩიას ლანჩხუთელი კოლეგის _ გოგი ხელაძის საწვავის ყოველთვიური ლიმიტი 650 ლიტრია, მისი მოადგილის _ 350 ლიტრი; საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე თვეში 100 ლიტრ საწვავს იღებს; საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე _ 100 ლიტრს; 100 ლიტრის ლიმიტი აქვს საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს; ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარეს _150 ლიტრი; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს _ 100 ლიტრი; ფრაქციების თავმჯდომარეების ლიმიტი 100 ლიტრით განისაზღვრება; საკრებულოს აპარატის უფროსს 80 ლიტრი საწვავი აქვს; საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს _ 40 ლიტრი; საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსს _ 40 ლიტრი, ხოლო საკრებულოს აპარატის სამდივნოს ხელმძღვანელს _ 40 ლიტრი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე ამბობს, რომ საწვავი საჭიროებიდან გამომდინარე ნაწილდება. _ მე ყოველდღე, წყალწმინდიდან ლანჩხუთამდე 25 კილომეტრს გავდივარ. ამას ემატება ისიც, რომ 2000 წელს გამოშვებული, ნაავარიები, ცუდ მდგომარეობაში მყოფი ავტომანქანა მყავს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვაყენებთ მანქანის შეძენის საკითხს და ამაში ოპოზიციონერი დეპუტატებიც კი მეთანხმებიან, ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა. არ გაგიკვირდეთ, თუ გაიგოთ, რომ ავარიაში მოვყევი. სულ ცოტა ხნის წინ შემთხვევით გადავრჩით _ გზაში დაიშალა მანქანა, _ ასე განმარტავს ხელაძე სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებისგან განსხვავებულ საწვავის ლიმიტს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სამართლებრივად ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვთ და ავტომანქანები, რომლებშიც ბიუჯეტით ნაყიდი საწვავი ისხმება, ხელშეკრულებით ჰყავთ აყვანილი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თვიური ლიმიტი 500 ლიტრი ბენზინია; მისი პირველი მოადგილის _ 250 ლიტრი; ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის 400 ლიტრი; სოციალურ საკითხთა სამსახურის _ 60 ლიტრი; ზედამხედველობის სამსახურის _ 310 ლიტრი; შიდა აუდიტის სამსახურის _ 60 ლიტრი; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის _ 200 ლიტრი; ქონების მართვის და ადმინისტრაციული სამსახურების ლიმიტი 40-40 ლიტრია. საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის _ 30 ლიტრი; საკუთრების აღიარების კომისიის _ 160 ლიტრი; ლანჩხუთის გამგებელი ყოველთვიურად 60 ლიტრ საწვავს აძლევს მის წარმომადგენელს ქალაქ ლანჩხუთში. როგორც ურუშაძე ამბობს ტერიტორიის სიდიდის გამო: _ ვიცით, რომ სოფლებშიც საჭიროა, მაგრამ ამ ეტაპზე რა საშუალებაც გვაქვს, ისე ვანაწილებთ, _ გვითხრა ზაზა ურუშაძემ. მისივე ინფორმაციით, საწვავი, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, სამსახურებზე გაიცემა და არა კონკრეტულ თანამდებობის პირებზე: _ ყველა მანქანა აყვანილია ხელშეკრულებით, კანონის სრული დაცვით, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ზაზა ურუშაძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისში ამბობენ, რომ საწვავი მხოლოდ იმ ავტომანქანებში უნდა ჩაისხას, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა ან რაიმე სამართლებრივი ფორმით დაკავშირებულია მუნიციპალიტეტთან _ მაგალითად ხელშეკრულების ფორმით ჰყავს აყვანილი: _ ყველაზე მოწესრიგებულად ეს სისტემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას აქვს. სხვათა შორის ისინი, სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად აქცევენ ყურადღებას სწორ ბუღალტრულ აღრიცხვას და უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ორგანიზაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ. _ ბატონო თამაზ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ ხელშეკრულების გაფორმება დამატებით ხარჯებს გამოიწვევს. _ ვერანაირად, რადგან დამატებითი ვალდებულებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე შეთანხმდებიან მხარეები. არ არის აუცილებელი, სხვადასხვა მომსახურების შეყვანა. როგორც წესი, ამ საკითხისთვის აუდიტს ყურადღება უნდა მიექცია და მუნიციპალიტეტისთვის შესაბამისი რეკომენდაციებიც მიეცა, _ გვითხრა ტრაპაიძემ.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
14.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
20-09-2017
2.4738   0.0011
2.9661   0.0100
3.3396   -0.0077
4.2619   -0.0275
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 32 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.