შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის შვილიშვილი დააკავეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30700 
 11 მაისი 2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა.
უწყებამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, ომარ გამყრელიძე შვილის, რძალის და მეზობელი დედა-შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 3 მაისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად ოთხ ადამიანს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც. მისი მეუღლე, 76 წლის ქალი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

გამყრელიძის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებას. შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია ამოღებული.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ომარ გამყრელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია