შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ლორწო მოჰყვება წყალს და ყროლს“ - ალაზანი საწარმოო ნარჩენებით ბინძურდება [Video]

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31164 
 31 ივლისი 2019
გურჯაანში მდებარე სპირტის ქარხანას - შპს „უნივერსალ სპირიტს“ ადგილობრივები გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენები ჯერ „ბელახევში“ ჩაედინება, შემდეგ კი მდინარე ალაზანს უერთდება.
მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი სუნი დგას, წყალი კი შავია.

„ლორწო მოჰყვება წყალს და ყროლს, ეს უკვე ეკოლოგიური კატასტროფაა. „ბელახევი“ ალაზანს უერთდება. ერთადერთი მდინარე გვაქვს და არც ბანაობა შეიძლება, არც თევზაობა! ან ფილტრები დააყენონ, ან გამწმენდი, მაგრამ არავინ არის პატრონი, ყურს ვინ შეიბერტყავს?! ამის გაკეთებას დიდი თანხა სჭირდება. მოსახლოებას, ვინც ხევის პირზე ცხოვრობს, საშინელი სუნი აწუხებს, რასაც კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ გარემო ბინძურდება და ამას რა ეშველება?!. ვენახებშიც ვეღარ ვჩერდებით სამუშაოდ, ისეთი სუნია,“-ამბობს გურჯაანის მკვიდრი რევაზ ზაკალაშვილი.


აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობს ქარხნის მიმდებარედ, ქოროღლიშვილის ქუჩაზე მცხოვრები გუჯა ლობჟანიძე.
-„ამას წინათ ჩემი სახლის წინ, ხიდზე მანქანას ვრეცხავდი, გარემოს დამცველებმა ჯარიმა დაგვიწერეს, ხევს აბინძურებთო. ჩვენ თუ ვაბინძურებთ გარემოს, ქარხანა რას აკეთებს?! იმათ არ სთხოვენ პასუხს. საშინელი სუნია, ხალხი ვწუხდებით, ეზოში ვეღარ ვჩერდებით.“



„უნივერსალ სპირიტის“ დირექტორის ლადო ფოთოლაშვილის თქმით, ეს მხოლოდ ერთი ქარხნის პრობლემა არ არის და ის მასშტაბურია, რადგანაც გურჯაანში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა საერთოდ არ არსებობს.





პრობლემის მასშტაბურობაზე საუბრობს speqtri.ge-სთან გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილიც. მისი განცხადებით, ამ თემაზე კომუნიკაცია ჰქონდათ აზიის განვითარების ბანკთანაც. იმისთვის, რომ საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდეს, დაახლოებით 20 მილიონი ლარია საჭირო.

-„ქალაქს არასდროს ჰქონია საკანალიზაციო სისტემის გაწმენდითი საშუალებები. ამის მოწყობა დაახლოებით 20 მილიონი ლარი ჯდება. ამ საკითხზე აზიის ბანკთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. მათგან ველოდებით ქმედით ნაბიჯებს, მზაობა არსებობს. ძალიან დიდი პროექტია. შესაძლოა, მიმდინარე ან მომავალ წელს ვერ განხორციელდეს, თუმცა ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს.“
„უნივერსალ სპირიტის“ მიერ გარემოს დაბინძურების შესაძლო ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება უკვე დაიწყო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

-„ლაბორატორიული კვლევისთვის სათანადო სინჯები ავიღეთ, რათა დადასტურდეს, არის თუ არა დაბინძურება. დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება. კომპანიას დაუყოვნებლივ გავუგზავნეთ მოთხოვნა, რომ ვიდრე არ აღმოფხვრიან შეუსაბამობას, რაც იქ ვიზუალურად ფიქირდებოდა, ვიდრე არ მოაწყობენ სათანადო გამწმენდ ნაგებობას, შეაჩერონ მუშაობა. კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ საქმიანობას არ გააგრძელებს,“ - განაცხადა speqtri.ge-სთან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნელი კორკოტაძემ.

წარმოების დასრულების შემდეგ, თუკი დადასტურდება, რომ „უნივერსალ სპირიტი“ გარმეოს აბინძურებს, მას შესაბამისი სანქცია დაეკისრება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია