შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალგაზრდული საბჭო - თავისუფალი სივრცე გურჯაანელი ახალაგაზრდებისთვის [Photo]

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31362 
 07 სექტემბერი 2019
გურჯაანელი ახლაგაზრდები თამუნა, მარიამი, ლიზა და მიშიკო ახალგაზრდულმა საბჭომ გააერთიაანა. მათი მიზანი ერთია - გურჯაანის გამოცოცხლება და საკუთარი თავის განვითარება.
საბჭოში დღეს 80-მდე ახალგაზრდაა, 13-დან 26 წლამდე. მიღება წელიწადში ერთხელ ცხადდება და ახალ წევრებს თავად საბჭოს წევრები ირჩევენ.

ახალგაზრდები ხუთ კლუბში ერთიანდებიან: კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ეკოლოგიის.
წერენ პროექტს, რომელსაც ხან ადგილობრივი ბიუჯეტი და ხანაც სხვა რომელიმე ფონდი უფინანსებთ.

პროექტის წერა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე ისწავლეს.

საბჭოს შექმნის იდეა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს ეკუთვნის. ეს ჯგუფი 2017 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები თავისუფალ დროს გურჯაანის ბიბლიოთეკაში იკრიბებიან. პროექტი დაწერეს, მცირე გრანტი მოიპოვეს და ახალგაზრდული სივრცე თავადვე მოაწყეს.

ახალგაზრდების თქმით, იმ ფონზე, როდესაც რეგიონებში თბილისისგან განსხვავებით, გასართობი ადგილები ნაკლებადაა, ახლაგაზრდული საბჭოს არსებობა, მეტად მნიშვნელოვანია.

ლიზა ოდიშელიძე, #4 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე:


-„ერთი წელია, რაც საბჭოში ვარ. ბევრ პროექტში ვართ ჩართული. რაც ყველაზე სამახსოვრო იყო, გასულ წელს კურორტ ახტალაზე მოვაწყეთ ოთხმოცდაათიანების ფართი, რაც კულტურის კლუბის ინიციატივა იყო. ასევე ჩართული ვართ მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებშიც. ვმონაწილეობდით ხილის ფესტივალში, შემდეგ საჩუქარი გაგვიკეთეს და გომის მთაზე ორდღიან ექსკურსიაზე გაგვგზავნეს. “

მიშიკო ხვთისიაშვილი ბაკურციხის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ის ფლექსის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულია და სწავლას ამერიკაში აგრძელებს. ამბობს, რომ ახალგაზრდულმა საბჭომ თავისი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა. პრიფესია უკვე აირჩია, აპირებს კომპიუტერულ ტექნოლოგებზე ჩაააბროს.



-„საბჭოში დემოკრატია გვაქვს, ვისაც რა დროს სცალია, იმ დროს ვიკრიბებით. გააჩნია რა პროექტს ვახორციელებთ, შეიძლება 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე შევხვდეთ ერთმანეთს. მე სპორტის კლუბის ლიდერი ვარ. დავწერეთ პროექტი, რომელიც დაგვიფინანსდა, შევღებეთ სანაპიროს ქუჩაზე არსებული სტადიონი და ჩავატარეთ ტურნირი სპორტის სხვადასხვა სახეობაში. როდესაც ამერიკიდან დავბრუნდები, ისევ გავაგრძლეებ საბჭოში საქმიანობას, რადგანაც გუნდური მუშაობა და აქტიური ცხოვრება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“

თამუნა ზირაქაშვილს მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს, ბიზნენის სპეციალობაზე ჩაბარებას აპირებს. ის ამბობს, რომ ახალგაზრდულმა საბჭომ საკუთარი თავი აპოვნინა, დაანახა, თუ რისი გაკეთება სურს და რა შეუძლია.



„დამებადა იდეა, რომ ეროვნულ გმირებზე გამეკეთებინა პროექტი: „გაიცანი შენი ეროვნული გმირები“. ამ ადამიანებზე ზოგმა საერთოდ არაფერი იცის. პროექტი ამჟამადაც მიმდინარეობს, გამოვაცხადეთ მოხალისეობა, ვაკეთებთ ვიდეოებს თითოეული გმირის შესახებ. ასევე ვგეგმავთ დიდ შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან და ადგილობრივი თვითმმართევლობის წარმომადგენლებთან. გვაქვს ინიციატივა, რომ გურჯაანის ქუჩებს მიენიჭოს ამ გმირების სახელები. ახალგაზრდულმა საბჭომ იმდენად დიდი გამოცდილება მომცა, რომ რთულია ეს დავივიწყო. აქ ჩემი თავი ვიპოვე. როდესაც სტუდენტი გავხდები, აქედან არ წავალ და თავისუფალ დროს ისევ ვიაქტიურებ. როცა უკვე ჩემი პროფესია მექნება, თუ ეს საბჭოს რამეში დაეხმარება, ამისთვისაც მზად ვარ,“.

მარიამ წანაწყენიშვილი წელს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. საკუთარი სამედიცინო კლინიკის გახსნაზე ოცნებობს. ამბობს, რომ სტუდენტობის და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ისევ აქტიურად აპირებს ახალგაზრდულ საბჭოში მოღვაწეობას.



-„ახალგაზრდულ საბჭოში ყოფნამ ჩემი თავის რწმენა შემმატა. როცა არ ვიყავი აქ და რაიმე იდეა მქონია, ვფიქრობდი, რომ განხორციელება არ შემეძლო. 2018 წლიდან ვარ საბჭოს წევრი და ჩართული ვარ თითქმის ყველა აქტივობაში, მაგრამ მაინც გამოვყოფდი „ღვინის ფესტივალსა“ და „საახალწლო ქალაქს“, სადაც ჩვენ, ბავშვები, მოხალისეების სტატუსით ვიყავით ჩართულები.“
ახალგაზრდული საბჭოს მიერ მოპოვებული დაფინანსებით, წელს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში განთავსდა ე.წ. მწვანე ყუთები, მაკულატურისთვის, რომელსაც შემდეგ გაყიდიან და ისევ სკოლის საჭიროებებს მოახმარენ." 

მას, ვისაც რაიმე იდეა აქვს, ან სურს აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა სახის ღინისძიებაში, ახალგაზრდული საბჭოს წევრები თავის გუნდში ეპატიჟებიან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება