შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამოქალაქო სექტორის ინიციატივა თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებისთვის

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38053 
 13 აპრილი 2019

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივები თელავის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თვითმმართველობას ინიციატივა წარუდგინეს და ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგებზე, საჭიროებებზე, არსებულ პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

ინიციატივის ავტორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თელავი ჩემი ქალაქიას“ ხელმძღვანელის, თამარ ბოტკოველის განმარტებით, აუცილებელია ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის მოგვარება, რადგან მისი არარსებობის გამო მუნიციპალიტეტში მცხოვრებლების უმეტესობა გადაადგილებას ვერ ახერხებს.

,,ჩვენმა ორგანიზაციამ დააყენა ინიციატივა თვითმმართველობასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების აუცილებლობაზე თელავში. ჩვენ არ გვაქვს მუნიციპალური ტრანსპორტი, რის გამოც ვერ ახერხებენ ადამიანები ნორმალურ გადაადგილებას.

ის მარშუტკები კი რომელიც ახლა არის დანიშნული ქალაქში მხოლოდ ერთ წრეს არტყავს და მისით რეალურად ვერავინ სარგებლობს. თუ გვაქვს ამბიცია ვიყოთ ტურისტული ქალაქი, აუცილებელია ამ საკითხის მოწესრიგება. უნდა მოძრაობდეს ტრანსპორტი, რომელიც არა საღამოს სამ საათამდე, არამედ გვიანობამდე მოემსახურება მგზავრებს. ხშირად თეატრში ტარდება ღონისძიებები და ხალხი ვერ მოდის ტრანსპორტის არარსებობის გამო.

ამ ინიციატივის დაყენება და მსჯელობა, არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორმა და თვითმმართველობამ. ამ ეტაპზე ასევე ვმუშაობთ და ვადგენთ გეგმას, თუ როგორი უნდა იყოს ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი’’,- განუცხადა knews.ge-ს თამარ ბოტკოველმა.

,,სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენელი თელავში, არჩილ მჭედლიშვილი განმარტავს, რომ აუცილებელია თვითმმართველობას ჰქონდეს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმა.

 

მისივე თქმით, თვითმართველობის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრის მიზანი პრობლემებზე და მისი გადაწყვეტის გზებზე მსჯელობა იყო.

,, შევიმუშავეთ მცირე სამოქმედო გეგმა, რომელიც წარვუდგინეთ საკრებულოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მთავარი მიზანი იყო ის, რომ ამ საკითხზე გამოგვეკვეთა ის პრობლემები, საჭიროებები რაც არსებობს. გვინდა შევიმუშავოთ სამოქმედო გეგმა, რომლის დახმარებითაც რამდენიმე წელში მაინც შევძლებთ ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას’’, – განაცხადა არჩილ მჭედლიშვილმა.

შშმ პირების მშობელთა მხარდაჭერის ცენტრის მენეჯერი ნინო მაისურაძე განმარტავს, რომ ადაპტორებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანა მუნიციპალიტეტში ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

იგი აცხადებს, რომ მისი შვილი ეტლით მოსარგებლეა და იმის გამო, რომ არ არსებობს ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბევრ წინააღმდეგობას აწყდებიან.

,,ვარ შშმ პირის მშობელი რომელიც ეტლით მოსარგებლეა. ძალიან გვიჭირს გადაადგილება, რადგან არც ტრანსპორტია ადაპტირებული და არც გარემო.

მიხარია რომ ამ მიმართულებით საუბარი და აქტიურობა დაიწყო. კარგი იქნება თუ ნებისმიერი ტრანსპორტი რომელსაც თვითმმართველობა შეიძენს იყოს ადაპტირებული, როგორც ეტლით მოსაგებლეებისთვის, ასევე უსინათლოებისთვის, სმენადაქვეითებული პირებისთვის და სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანისთვის, რომ მათ თავისუფლად გადაადგილება შეძლონ.’’

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში აცხადებენ, რომ ისინი მსგავს ინიციატივებს, მოქალაქეთა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობას მიესალმებიან.

,, მისასალმებელია ეს ინიციატივა. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ამ პრობლემაზე გული შეგვტკივა და არ მინდა ვიღაცას ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით არ მუშაობს და არ ფიქრობს. ვფიქრობ ერთობლივი ძალისხმევით უფრო მარტივი იქნება ამ მიზნის მიღწევა და პრობლემის მოგვარება’’,– განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ.

 

თელავის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გიორგი თუშიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მუნიციპალიტეტისთვის, მისი ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

,,ეს ფაქტი კი არის ნათელი მაგლითი იმისა, რომ მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით. მერია და საკრებულო ამას მიესალმება და მხარს უჭერს.

როგორც მუნიციპალური ისე ინტერმუნიციპალური ტრანსპორტის კუთხით, უშუალოდ თელავის მერის, მერიის და საკრებულოს ჩართულობით და მხარდაჭერით კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელიც განხორციელდება. ეს კი ხელს შეუწყობს ჩართულობის გაზრდას და სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ განვითარებას.’’

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია