შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის უნივერსიტეტის წარმატებული საერთაშორისო პროექტები (R)

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38069 
 14 აპრილი 2019

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეგიონულ უნივერსიტეტებს შორის მესამე ადგილი უკავია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმართულებით.თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური 2007 წლიდან დღემდე დაწესებულების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თამარ ასლანიშვილის ინფორმაციით, ერსამუს + საქართველოს ეროვნული  ოფისის მონაცემების მიხედვით, თელავის უნივერსიტეტს რეგიონულ უნივერსიტეტებს შორის მესამე ადგილი უკავია საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური და განვითარების პროექტების რაოდენობის მიხედვით. ამ ეტაპზე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებულ 5 ასეთ პროექტს ახორციელებს.

,,თითოეული პროექტის ხანგრძლივობა მინიმუმ ორი წელია. ყოველი განხორციელებული პროექტი დიდ გავლენას ახდენს უნივერსიტეტის ცხოვრებაზე“. 

გთავაზობთ ხუთივე პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაციას, რომელთა ფუნქციონირებაც უნივერსიტეტში არსებული პროგრამების განახლებასა და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ზრდას უწყობს ხელს. ეს კი თავისთავად ზრდის სწავლების ხარისხს თელავის უნივერსიტეტში.

 

პროექტი ,,უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის ურთიერთობა შვილობილი კომპანიების ქსელის მეშვეობით“ (UNISON)

 პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს თელავის უნივერსიტეტსა და საწარმოებს შორის ურთიერთობებს შვილობილი კომპანიების ქსელების მეშვეობით. პროექტის კოორდინატორია ესპანეთის, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი. ევროპელი პარტნიორები არიან გერმანიისა და პორტუგალიის უნივერსიტეტები. სწორედ ამ უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებით და საქართველოს რეალობაზე დაყრდნობით დაიგეგმა თელავის უნივერსიტეტში სპეციალური ფართის გამოყოფა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა. უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადამიურ პერსონალს უკვე შეუძლია  გამოიყენს  აქ არსებული ლაბორატორიები, ტექნიკური აღჭურვილობა და თავისი სამეცნიერო ინტერესების მიხედვით შექმნან ისეთი პროდუქცია, რომლის კომერციალიზაციასაც მოახდენენ.

,,მაგალითად, პროექტის ფარგლებში,უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ 16 ჰექტარ მიწაზე დაგეგმილია სხვადასხვა კვლევითი სამუშაოები უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მკვლევარების ჩართულობით.  მანამდე 1 ჰექტარზე ვცადეთ  ახალი მეთოდოლოგიით ვაზის გაშენება და შედეგს მალე მივიღებთ. აქტიურად ვმუშაობთ გამომგონებლებთანაც. გვაქვს გამოგონებები, რომელიც თელავის უნივერსიტეტის სახელით არის დაპატენტებული. გვინდა, რომ გამოგნებების და იდეების კომერციალიზაცია მოხდეს. მაგალითად, იაფი არომატიზატორებით სიგარეტის მავნეობის შემცირება. უახლოეს მომავალში ამ საკითხთან  დაკავშირებით სტუდენტები დაიწყებენ მუშაობას გამომგონებელთან. ისინი ერთად შეეცდებიან ზემოთაღნიშნული იდეის კომერციალიზაციას“, – ამბობს თამარ ასლანიშვილი.

ფოტოზე: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები

 

 ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)

მეორე პროექტი, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური 2 წელია ახორციელებს, გულისხმობს ქართული უმაღლესი სასწავლებლების აქტიურ მონაწილეობას პლაგიატთან ბრძოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან ერთად. პროექტის უშუალო მიზნობრივი მიმართულებებია აქტიური პიარკამპანიის წარმოება პლაგიატის წინააღმდეგ. სასწავლო მოდულების შემუშავება, სადაც ფოკუსირება გაკეთდება აკადემიურ კეთილსინდისირებაზე, სტუდენტთა ინფორმირებაზე, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს პლაგიარიზმს მათ აკადემიურ ცხოვრებაზე.

,,პროექტი ითვალისწიებს საქართველოს უნივერსიტეტების მიერ ერთიანი  ჩარჩოს, მექანიზმის და ინსტრუმენტების შექმნას აკადემიური წერის სფეროში. უნივერსიტეტში გადაიხედა აკადემიური წერის სილაბუსები და შევცვალეთ როეჰემტონის უნივერსიტეტის რეკომენდაციით. ჩვენ არ ვსჯით სტუდენტებს, ვასწავლით, ვაძლევთ დროს  წერონ საკუთარი ნაშრომი კარგად და არ მიითვისონ სხვისი. თუ მაინც მოხდა ასეთი შემთხვევა, მათ გაუნულდებათ ნაშრომი რისი რამდენიმე შემთხვევაც იყო. აკადემიურ წერას ყველა სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა სემესტრში. მეოთხე კურსელები რომ ჩიხში არ მოვიმწყვდიოთ, მათთვის საბაკალავრო ნაშრომის წერის გამარტივებისთვის ვატარებთ დამატებით ტრენინგებს “, – აცხადებსთამარ ასლანიშვილი.

პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ევროპელი პარტნიორები არიან როეჰემტონის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), უფსალას უნივერსიტეტი (შვედეთი), ვენის უნივერსიტეტი (ავსტრია), დუბლინის უნივერსიტეტი (ირლანდია).

 

ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით (PRINTEL)

პროექტი ეხება სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას უნივერსიტეტში. პროექტი ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ინოვაციების დანერგვას. მოხდება სწავლებისა და სწავლის ვირტუალური ასპექტების შემოტანა, რაც მიზნად ისახავს  განათლების სხვადასხვა რესურსების გამოყენებას და ახალი ტექნოლოგიების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში უკვე ჩამოყალიბდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის განვითარების ცენტრი.

,,ჩვენი უნივერსიტეტის 6 პროფესორი წასული იყო პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში და გაეცვნენ  სწავლების თანამედროვე მეთოდებს. პროექტის ფარგლებში  შემოდის ელექტრონული სწავლების ელემენტები, მაგალითად,  დაგეგმილია ლექციების გადაღება, დამონტაჟება და ატვირთვასპეციალურ საიტზე რათა სტუდენტს ქონდეს საშუალება,ონლაინ რეჟიმში დისტანციურადაც   მოუსმინოს ლექციას.  საგანმანათლებლო პლატფორმა  ,,MOODLE -ის საშუალებით მათ წვდომა ექნებათ ლექციის ვიდეოსა და დავალებებზე. სტუდენტები დავალებებს შეასრულებენ ელექტრონულად და ასევე, ლექტორების მხრიდანაც უკუკავშირი მოხდება იგივენაირად. პროექტის ფარგლებში ხდება ულტრათანამედროვე ტექნიკის შეძენა, ვყიდულობთ სხვადასხვა  პროგრამებსაც საგანმამათლებლო პროცესის ხელშეწყობისთვის. მუდლი უფასო პროგრამაა, რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს. რაც შეეხება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის განვითარების ცენტრს, იქ ძირითადი მუშა ბირთვი იქნება ის აკადემიური პერსონალი, რომლებიც უკვე დატრენინგდნენ პროექტის ფარგლებში. ისინი პერიოდულად გადაამზადებენ სხვა ლექტორებს უნივერსიტეტში. ყველა ჩვენი პროექტი თანხვედრაშია უნივერსიტეტის სტრატეგული განვითარების გეგმასთან, – ამბობს თამარ ასლანიშვილი.

პროექტის კოორდინატორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის ევროპელი პარტნიორები არიან ბარსელონის უნივერსიტეტი (ესპანეთი), პორტოს უნივრსიტეტი (პორტუგალია), ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია), ლანკოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი), გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი – FH Joanneum (ავსტრია).

 

გლობალური ქსელების ჩამოყალიბება აგრარულ მეცნიერებსა და მევენახეობა მეღვინეობის მიმართულებით – ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობით (VITAGLOBAL)

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში  ტექნოლოგიის, ბიოქიმიის, მევენახეობისა და მარკეტინგის მიმართულებით სასწავლო მოდულებზე მუშაობა უკვე დაიწყო. მოდულების შემუშავება  პროექტში ჩართული ევროპელი პარტნიორი უნივერსიტეტების უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდება. პროექტის ერთი წელი მოდულების შემუშავებას დაეთმობა, ხოლო ამის შემდგომ  ყველა პარტნიორ უნივერსიტეტში, მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით, ერთობლივი პროგრამები შეიქმნება. ეს ხელს შუწეყობს სტუდენტთა და აკადემიურ პესრონალთა მოქნილ მობილობას.

,,წელს, 5 პროექტი დაფინანსდა საქართველოში და ჩვენ ვართ 2 პროექტში რაც ძალიან კარგი შედეგია. სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება გვაქვს არჩეული, ესენია: განათლება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. ეს პროექტი სწორედ მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს ეხმიანება. სამწლიანი პროექტია და კოორდინატორი არის ესპანეთის უნივერსიტეტი. ეს არის პირველი პროექტი საქართველოში, სადაც ჩართულები არიან ლათინო-ამერიკის ქვეყნები. ყველა პარტნიორი ვმუშაობთ ერთად რომ სწავლების ერთობლივი მოდულები შევქმნათ. სასწავლო მოდულები უნდა ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიის, ბიოქიმიის, მევენახეობის, მარკეტინგის მიმართულებით. შემდეგ უკვე მარტივი იქნება სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების დაგეგმვა. პროექტი უნდა დასრულდეს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბებით ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყანასთან ერთად.  ამ მიზნისთვის ჩვენ არჩეული გვყვავს ბორდოს უნივერსიტეტი, თუმცა დიდი სურვილი გვაქვს სამხრეთ აფრიკასთან და და არგენტინის უნივერსიტეტებთანაც ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით პროექტის დასრულების შემდეგ. მსგავსი პროექტი არ ყოფილა რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით“.

კოორდინატორი უნივერსიტეტია ესპანეთის როვირა ი ვირჯილის უნივერსიტეტი. პროექტში VITA GLOBAL-იბორდოს (საფრანგეთი) დაბოლონიის (იტალია), პორტოს (პორტუგალიის) ევროპული უნივერსიტეტების გარდა, არგენტინის, სამხრეთ აფრიკის, ურუგვაის და ჩილეს უნივერსიტეტები მონაწილეობენ. მისი ხანგრძლივობა სამი წელია და  საქართველოს მხრიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული.

ფოტოზე: აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა (HERD)

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის კონსორციუმი შედგება საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, 5 ასოცირებული პარტნიორის  და 3 ევროპული უნივერსიტეტისაგან. პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია. მისი ძირითადი მიზანია წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის ამაღლება, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე. პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო შემდეგი აქტივობების განხორციელება: საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის მუშავდება ერთობლივი კვლევითი პლატფორმა; კვლევითი ინტერნეტპორტალი; კვლევების მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის დამუშავებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება ადმინისტრაციული პერსონალისთვის; პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში კვლევის პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა.

,,უნდა შეიქმნას ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება 12 ქართული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული და გამოქვეყნებული კვლევები. მიმდინარე წლის იანვრიდან დავიწყეთ ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადდება და მათთვის კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და უნივერსიტეტის მეცნიერებისა და პროფესორების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება“, – აცხადებს თამარ ასლანიშვილი.

აღნიშნული პროექტების განხორციელების მიზანია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის და შესაძლებლობების განსაზღვრა/ამაღლება რასაც ხელს უწყობს უნივერსიტეტში მიმდინარე წარმატებული საერთაშორისო პროექტები.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია