შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგიონებში მომხმარებლები 5 თეთრად ღირებულ პოლიეთილენის პარკებს მაღაზიებში 20 თეთრად ყიდულობენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38090 
 15 აპრილი 2019

1 აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. დაწესებული აკრძალვის პარალელურად მომხმარებლები შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ.

მათი თქმით, მაღაზიებში უფასო პარკები ფასიანი გახდა და მათ დამატებითი გადასახადის გადახდა უწევთ.
თელაველი მაია ლალიაშვილი აცხადებს, რომ სუპერმარკეტში პროდუქტის ყიდვისას ბიოდეგრადირებადი პარკების ყიდვა 20 თეთრად უწევს.
,,ისედაც პროდუქტს ძლივს ვყიდულობთ და ახლა დამატებითი გადასახადის გადახდა გვიწევს. თითო პროდუქტის თითო პარკში ჩადება მთლიანობაში 1 ლარიდან 2 ლარამდე ჯდება. როგორ შეიძლება ამდენი ღირდეს ერთი პატარა პარკი? ამის გამო იძულებული ვარ ან სპეციალური ჩანთა ვატარო ან ხელით წავიღო სახლამდე პროდუქტი’’,- განაცხადა მაია ლალიაშვილმა.
აღნიშნული მიმართულებით შექმნილ პრობლეებზე საუბრობს „პოლიმერული დარგის მწარმოებელთა ასოციაციის“ წარმომადგენელი მელიტა პატარიძე. მისი თქმით, ბაზარზე ფალსიფიცირებულ პროდუქცია შემოდის და მომხმარებელი 5 თეთრად ღირებულ პოლიეთილენის პარკს 20 თეთრად ყიდულობს სუპერმარკეტების ქსელებში.
მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ჩვეულებრივ პოლიეთილენის პარკს ბიოდეგრადირებადი ტყუილად აწერია.
„შემოდის უამრავი რაოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია. ჩვენ მიერ სამხარაულში წარდგენილ იქნა ერთ-ერთი კომპანიის მიერ იმპორტირებული პოლიეთილენის პარკი, რომელსაც ეწერა ბიოდეგრადირებადი პროდუქტი, მაგრამ ის რეალურად იყო ჩვეულებრივი პოლიეთილენი. ფალსიფიცირებული პროდუქცია, რომელიც საზღვარზე შემოედინება, აზარალებს არა მხოლოდ გარემოს, არამედ შეცდომაში შეჰყავს კეთილსინდისიერი მომხმარებელიც, რომელიც რეალურად 5 თეთრად ღირებულ პოლიეთილენის პარკს ყიდულობს 20 თეთრად სუპერმარკეტების ქსელებში,“ – განაცხადა მელიტა პატარიძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, რეგულაციის ამოქმედების მიზანი გარემოს პლასტიკისგან დაბინძურების თავიდან აცილებაა.
ლევან დავითაშვილის თქმით, გარემო ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება, რადგან პოლიეთილენის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.
,,ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, საქართველოშიც, გარემოს დაბინძურების შესამცირებლად შეზღუდვები დაწესდება გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების გამოყენებაზე. ახალი რეგულაციის ამოქმედებით, თითოეული მოქალაქის მხარდაჭერით და აქტიური ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ პლასტიკით გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად შევამციროთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
1-ელი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალა, პირველი აპრილიდან კი სრულად აიკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. პლასტიკის პარკები ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლდება.
კოდექსის თანახმად, რეგულირების წესის დარღვევა მეწარმე სუბიექტის 500 ლარით დაჯარიმებას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის 1 000 ლარით დაჯარიმებას და ასევე პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია