შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დედოფლისწყაროს ცენტრალური სტადიონის აღდგენა იწყება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 11 იანვარი 2019

დედოფლისწყაროს ცენტრალური სტადიონის აღდგენა უახლოეს დღეებში დაიწყება. როგორც დედოფლისწყაროს სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსმა განაცხადა, სტადიონის რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყება. აკაკი ნატროშვილის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის ევროკავშირმა გრანტის სახით 60 000 ევრო გამოყო. მისივე თქმით, პროექტს 26 000 ლარით დედოფლისწყაროს მერიაც დააფინანსებს.

“პროექტის ფარგლებში მოეწყობა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, მაყურებლის ტრიბუნები. შენობა კი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საშხაპეებით აღიჭურვება. ნოემბრის თვეში უკვე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. უახლოეს დღეებში უკვე გამოცხადდება ტენდერი, რომელმაც სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია უნდა გამოავლინოს. შემდეგ კი კომპანია დაიწყებს რეაბილიტაციის პროცესს. ვადები განსაზღვრულია და ცნობილია, რომ სტადონი წელსვე უნდა დასრულდეს და ჩაბარდეს. თუმცა, კომპანია მოედანს სამი წლის განმავლობაში გაუწევს მეთვალყურეობას და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა-აღდგენას მოახდენს. ძირითადი საფეხბურთო მოედნის გარდა, აქვე მოეწყობა კალათბურთის მოედანი, იქნება ტრენაჟორების კუთხეც. სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, მოინახულეს ადგილი და მოგვცეს რეკომენდაცია, რომ აუცილებელია შშმ პირებზე მორგებული გარემო შეიქმნას და მათთვის ცალკე საშხაპე მოვაწყოთ. თავდაპირველად ეს პროექტში გათვალისწინებული არ იყო, ამდენად, ახლა გავითვალისწინეთ ეს მოთხოვნა და პროექტის ჩასწორება უკვე დასრულდა, ამჯერად მერიასთან გავდივართ სამუშაო პროცესს, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი. მოგეხსენებათ 26 000 ლარის თანადაფინანსებას დედოფლისწყარო ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოახდენს. საუკეთესო შენობა იქნება, ექიმის და მსაჯების ოთახებიც მოეწყობა, “ – აცხადებს აკაკი ნატროშვილი.

ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეკს ჰეფერი“ აფინანსებს.

დედოფლისწყაროში ცენტრალური სტადიონი 1959 წელს აშენდა. რამდენიმე ათეული წელია, რაც მისი ინფრასტრუქტურა განადგურებულია. სტადიონს არ აქვს მაყურებლებისთვის გათვალისწინებული ტრიბუნები, გასახდელები და ოთახები.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია