შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„მშობელთა სკოლა“ – როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია სკოლას, მშობელსა და შვილებს შორის

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 09 მარტი 2019
დღეს, 9 მარტს, ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“, ორგანიზებით ტრენინგი – „მშობელთა სკოლა“ გაიმართა, სადაც საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ძალადობა, ბულინგი და სტრესი სკოლაში. ასევე, კომუნიკაციის პრობლემები სკოლასა და მშობელს შორის და მშობელსა და შვილს შორის. ტრენინგზე, მშობლები იღებდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებების შესახებ, ასევე ზოგადი განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის მექანიზმებზე. „ბათუმელები“ ტრენინგში მონაწილე ერთ-ერთ მშობელს, მარიამ ყაველაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ინფორმაციის მიღება და მშობელთა ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა მშობელმა არ იცის თავისი უფლება და ვერ იყენებს სკოლასთან საკომუნიკაციოდ, ხოლო სკოლა ზოგჯერ ბოროტად იყენებს მშობლის არაინფორმირებულობას. მარიამ ყაველაშვილი ამბობს, რომ, როგორც მშობელი, საკმაოდ აქტიურია და ცდილობს სასკოლო ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს. მარიამ ყაველაშვილი, ტრენინგის მონაწილე მშობელი.ფოტო: ლელა დუმბაძე მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვების უფლებები უგულებელყოფილია სკოლაში და არც ბავშვის ფსიქოლოგიაა გათვალისწინებული ურთიერთობების დროს. „ბევრია ისეთი მასწავლებელი, რომელიც ბავშვის ფსიქოლოგიას არ იცნობს. არ არიან ამაში პროფესიონალები, შეიძლება საგნები იციან, მაგრამ ბავშვთან ურთიერთობაში პრობლემა აქვთ. ერთ-ერთ სკოლაში იყო პრობლემა, როცა ირღვეოდა ბავშვის უფლებები, ეს იცოდა დირექტორმაც, თუმცა მასწავლებლის მიმართ სამართლებრივი ზომები არ გაატარა“. მარიამის თქმით, მშობლის მიმართ ბავშვის ნდობა იმ შემთხვევაში იკლებს, თუ მშობელი ბავშვის მოსაზრებებს უგულებელჰყოფს: „ხშირად მშობელი აიგნორებს ბავშვის პრობლემას, მაშინ, როცა ამაზე უნდა რეაგირებდეს. ბავშვს მოაქვს სკოლიდან პრობლემა, უყვება მშობელს, მაგრამ მშობელი ისე პასუხობს, ბავშვი მშობელს როგორც მხარდამჭერს და მისი პრობლემის მომგვარებელს, ვეღარ ხედავს“. მარიამი ამბობს, რომ ის ცდილობს ხშირად მოუსმინოს შვილებს, გაიგოს რა აწუხებთ და ამაზე ჰქონდეს რეაგირება. „თუ ასე არ მოვიქცევი, ბავშვს ექნება განცდა, რომ ის არ არის დაცული არც სკოლაში, არც ოჯახში. ამიტომ შემდეგ, მას ეწყება აგრესია. მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ბავშვის პრობლემას სერიოზულად მოეკიდონ და არ გაატარონ უბრალოდ“. მარიამის აზრით, ბევრი მშობლისთვის მნიშვნელოვანია სხვების აზრი და არა ის, რას გრძნობს მისი შვილი. ბათუმში ტრენინგი „მშობელთა სკოლა“ მიმდინარეობს. „არის შემთხვევები როცა მშობლები რაღაცას გადაწყვეტენ და არ ითვალისწინებენ შვილების აზრს, რაც აარასწორია. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების სწორი კომუნიკაცია შვილებთან და მშობლების ერთმანეთთანაც“-ამბობს მარიამ ყაველაშვილი. მისი თქმით, სისტემა დღეს არ არის ბავშვზე ორიენტირებული, რის გამოც ბავშვი ზიანდება. „საგანმანათლებლო რეჟიმი ისეა აწყობილი, რომ ბავშვი მუდმივად არის გადაღლილი. გარდა იმისა, რომ სკოლაშია, დადის დამატებით წრეებზე და გაკვეთილზე ხშირად ისეთი დაღლილია, რომ  შეიძლება მერხზეც ჩამოდოს თავი და ამ დროს არ დროს ხდება ამაზე ყურადღების მიქცევა“. მშობლის თქმით, ამას ემატება ის, რომ ბავშვის კვება არ არის მოწესრიგებული არც სკოლაში და არც ოჯახში. ბავშვებს უწევთ არაჯანსაღი საკვების მიღება, რაც მათ ორგანიზმს აზიანებს, მეტაბოლური პროცესები ირღვევა ბავშვის ორგანიზმში, რაც აისახება კიდეც მის სწავლაზე. ორდღიანი ტრენინგი „მშობელთა სკოლა“ ბათუმში „გარდა ამისა, სკოლებში ხშირად არის ბანალური მიდგომები ბავშვების მიმართ და სკოლა არ არის ორიენტირებული კონკრეტულ ბავშვზე. როგორც თვითონ გაიზარდნენ წლების წინ, იმ მეთოდებით ცდილობენ ურთიერთობას და ვერ აცნობიერებენ, რომ სამყარო დღეს ძალიან ცვალებადია“, – ამბობს მარიამ ყაველაშვილი. მშობლის თქმით, სისტემის პრობლემაა ის, რომ მასწავლებლები ხშირად ორ სკოლაში მუშაობენ და ერთი სკოლიდან მეორეში დაღლილები მიდიან. ასევე, სკოლაში არ მუშაობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმების სისტემა და საპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაშიც კი, არ ხდება გაცდენილი საათების ანაზღაურება. „მშობელთა სკოლა“ ხვალ, 10 მარტსაც გაგრძელდება. შეხვედრა ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.    
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია