შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ანეტა და ლუკა სკოლაში ვერ დადიან – სმენისარმქონე ბავშვები განათლების გარეშე

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 14 მაისი 2019
საქართველოს ყრუთა კავშირის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 1% სმენადაქვეითებულია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კი მსოფლიოში 466 მილიონია სმენისარმქონე, აქედან 34 მილიონი ბავშვია. როგორია საქართველოში სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების ცხოვრება, რა გამოწვევის წინაშე დგანან ბავშვები, ვისაც ვერც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი ვერ ამჩნევს. ანეტა ანეტა ბოლქვაძე ანეტა რვა წლისაა, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. ანეტას სმენის დარღვევა აქვს. ამის გამო ის არც საბავშვო ბაღში წაუყვანიათ და არც სკოლაში დადის. სმენის პრობლემა აქვთ ანეტას მშობლებსაც, ბავშვი და მშობლები ჟესტურ ენას არ ფლობენ. ისინი ერთმანეთთან თვითნასწავლი – სხეულის ენით კონტაქტობენ. ანეტა ბოლქვაძის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ. მასზე, ძირითადად, ბებია – მანანა ბოლქვაძე ზრუნავს. ის წუხს, რომ შვილიშვილს სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია, რის გამოც, რვა წლის ანეტამ წერა-კითხვა არ იცის. ბებია ამბობს, რომ ბავშვის საჯარო სკოლაში მიყვანას აზრი არ აქვს, რადგან სკოლებს არ ჰყავთ სპეციალისტები, რომლებიც სმენის დარღვევის მქონე მოსწავლესთან კომუნიკაციას შეძლებენ. ამიტომ „ანეტა კლასში ტყუილად ზის. სკოლას არც ლოგოპედი ჰყავს, არც სხვა შესაბამისი სპეციალისტი“. ერთი წლის წინ, ბებიამ შვილიშვილი ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში მიიყვანა. ამ სკოლაში ინკლუზიური ჯგუფი მოქმედებს. ანეტამ ამ სკოლაში 6 თვე იარა, თუმცა სკოლაში სიარული უსახსრობის გამო ვეღარ გააგრძელა. „ბავშვზე ზრუნვა მე მიწევს. წელს მეუღლე მყავს ძალიან მძიმედ. წამლის ფულისთვის თურქეთში სამუშაოდ ვიყავი და ბავშვის ბათუმში ჩამოყვანა ვეღარ შევძელი“, – გვიყვება გოგონას ბებია. ბებია ამბობს, რომ ძალიან უნდა ანეტა არ დარჩეს სკოლის და სმენის უნარების განვითარების გარეშე. „მინდა, რაღაც პირობები შევუქმნა, მაგრამ არ გამომდის, ვერ ვახერხებ“, – გვეუბნება ის. იმისთვის, რომ ანეტამ სმენასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები დაძლიოს, აუცილებელია სპეციალურ სკოლაში სწავლა, რომელიც მხოლოდ თბილისსა და ქუთაისშია. სოფელში მცხოვრებ ოჯახებს ხშირ შემთხვევაში არ ეძლევათ შესაძლებლობა ბავშვები სხვა ქალაქებში დიდი ხნით გაგზავნონ. როგორც ბებია ამბობს, ამ რვა წლის განმავლობაში არავინ დაინტერესებულა ანეტას ბედით. არც თვითმმართველობა, არც სოციალური სამსახური, არც განათლების და ჯანდაცვის სიტემა. სახელწიფო ანეტას არსებობას ვერ ამჩნევს. ლუკა ლუკა მახარაძე 14 წლისაა. ანეტას მსგავსად ლუკაც სოფელში იზრდება. მის განვითარებაზე დღემდე არავინ ზრუნავს. მას არ აქვს შესაძლებლობა ისწავლოს ჟესტური ენა, მიიღოს ამ ენაზე განათლება, წეროს, იკითხოს და შეძლოს საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ლუკა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში ცხოვრობს. „სკოლაში არ უვლია, რადგან აზრი არ ჰქონდა. ბავშვს საერთოდ არ ესმის და ვერც მეტყველებს. სპეციალისტები არ ჰყავთ, იქ ლუკა ვერაფერს სწავლობს“, – გვეუბნება დედა, მარგო ფუტკარაძე. ლუკა მახარაძე დედის აზრით, ერთადერთი გამოსავალი ლუკას თბილისში, სპეციალურ სკოლაში გადაყვანაა, თუმცა მას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. დედა იმაზეც წუხს, რომ შვილთან სრულფასოვან კომუნიკაციას ვერც მშობლები და ვერც ლუკას და-ძმა ახერხებს. „ჩვენთან იზრდება და, ბუნებრივია, რაღაცებს ხვდება, მაგრამ ჟესტების ენა რომ იცოდეს და ჩვენც ვფლობდეთ, უკეთესად გავუგებდით ერთმანეთს“. ლუკა მახარაძეს სმენის აღდგენის მიზნით, ოპერაცია არ გაუკეთებია. დედა ამბობს, რომ პრობლემების გამო შვილს სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია. „ჟესტური ენაზე მინდოდა მეტარებინა, მაგრამ არ მომეცა საშუალება, თბილისში რომ წამეყვანა, შაბათ-კვირას სახლში ვერ მოვიყვანდი. ბათუმში რომ ყოფილიყო მსგავსი სკოლა, დაუფიქრებლად ვატარებდი“, – გვეუბნება ის. საჯარო სკოლები – დახურული სივრცე სმენისარმქონე ბავშვებისთვის ანრი ხაბაძე 16 წლისაა და სმენადაქვეითებულია. სამი წლის ასაკში მენინგიტი გადაიტანა და სმენა დაკარგა. ოჯახმა გვიან შენიშნა პრობლემა, ამიტომ სმენის აპარატი დაგვიანებით, 11 წლის ასაკში გაუკეთეს. ანრი ჟესტების ენას არ ფლობს. ის ამბობს, რომ აპარატმა სმენა გაუუმჯობესა, თუმცა ჟესტური ენა რომ იცოდეს, უფრო მეტს გაიგებდა. „სიტყვებს ტუჩების მოძრაობით არჩევს და ცდილობს თავისი აზრიც სიტყვებით გამოხატოს“. ანრი ხაბაძე სკოლაში, სადაც ანრი სწავლობს, სმენის დარღვევის მქონე სხვა ბავშვებიც დადიან, თუმცა მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში მინიმალურია. „წერა-კითხვა კარგად არ ვიცი, თუმცა გადმოწერა შემიძლია. მინდა გაკვეთილზე ჩემი აზრი გამოვხატო, სასწავლო პროცესში ჩავერთო, მაგრამ არ გამომდის. რადგან კარგად ვერ ვსაუბრობ, თანაკლასელებთან მეუხერხულება“, – გვეუბნება ანრი. ანრის სპეციალურ სკოლაში არ უსწავლია. დედა, ნესტან საკანდელიძე ამბობს, რომ შვილის სხვა ქალაქში გაგზავნა არ შეუძლია. ანრი ცდილობს საკუთარი სამყარო თავადვე გაამრავალფეროვნოს. მულტფილმებს ახმოვანებს თავისებურად და ინტერნეტში ათავსებს. „ვსწავლობ ხატვას, საკმაოდ კარგად გამომდის. ადამიანებს ვხატავ, ჩემს თავსაც… ყველაფერს, რაც მომწონს“, – გვეუბნება ის. ანრის დედა კრიტიკულია არსებული განათლების სისტემის მიმართ. მისი აზრით, სისტემა სმენადაქვეითებული ბავშვების სასარგებლოდ არ მუშაობს. „ვერ სწავლობენ, განათლებას ვერ იღებენ.  წერა-კითხვა საერთოდ არ არის, თუ ბავშვმა ეს არ იცის, როგორ განვითარდება? რას ეძახიან განათლებას, მაჩვენონ რას მიაღწიეს“ – კითხვას სვამს ის განათლების სამინისტროს მისამართით. დედის აზრით,  განათლების სამინისტროს  სსმ ბავშვებთან მიმართებაში ფასადურ პოლიტიკას ატარებს. „მოვლენ, რაღაც საჩუქრებს მოუტანენ, გადაიღებენ ფოტოებს, ისე წარმოაჩენენ, თითქოს რაღაც კეთდება სკოლაში ამ ბავშვებისთვის, სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ფასადური“. დედა, ანრის დისკრიმინაციაზეც საუბრობს. „ანრი კალათბურთს თამაშობს და ძალიან კარგი მიღწევები აქვს, მაგრამ რადგან სმენის პრობლემები აქვს, შეჯიბრებებზე არ დაჰყავთ. ბევრჯერ მიმანიშნეს, რომ ამის გამო ვერ მათამაშებდნენ ნაკრებში“. ოჯახს მიღმა, – ცხოვრება სკოლა-პანსიონში გაიცანით 15 წლის სმენისარმქონე ლინდას ისტორია. ის ორი წელია რაც ბათუმიდან ქუთაისის სმენადაქვეითებულთა პანსიონში გადავიდა საცხოვრებლად.  ლინდა განიცდის ოჯახისგან შორს ყოფნას, თუმცა ამბობს, რომ განათლების გამო მას ამ განცდების გადატანა უღირს. სმენის დარღვევის მქონე ბავშვების  ფასადური განათლება „ბათუმელები“ ბათუმის მე-4 და 26-ე საჯარო სკოლაში სმენის დარღვევის მქონე ბავშვების და მოზარდების სასწავლო გარემოს გაეცნო. მეოთხე საჯარო სკოლაში სამი სმენადაქვეითებული მოზარდი სწავლობს. ნინი 18 წლისაა და მერვე კლასშია, ის კოხლეარულ იმპლანტს ატარებს და როგორც პედაგოგი ლალი ჯაფარიძე გვიხსნის, დაახლოებით 13 წლის ასაკში ჩაუსვეს, რის გამოც ბავშვის განვითარება შეფერხდა. ნინის შეუძლია წარმოთქვას გარკვეული სიტყვები, შეუძლია გადმოიწეროს წიგნიდან, დაწეროს თავისი სახელი და გვარი, წაიკითხოს კიდეც, თუმცა წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს. „სწავლობს ანგარიშსაც ასის ფარგლებში, თუმცა ისე ვერა, როგორც მისი თანატოლები“, – გვეუბნება პედაგოგი. სპეცმასწავლებელი ლალი ჯაფარიძე გაკვეთილზე ინკლუზიურ ჯგუფში სმენადაქვეითებული ბავშვები ვერ იღებენ სრულყოფილ განათლებას და არ ხდება მათი სრულფასოვანი განვითარება, ამას პედაგოგიც აღიარებს. ამის მიზეზად კი სკოლა მშობლების დაგვიანებულ რეაქციებს ასახელებს. „ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ოპერაცია უშველის ბავშვს და წინააღმდეგია ჟესტური ენის სწავლების. როცა წლების გადის და შედეგი არ არის, შემდეგ უკვე ბავშვის განვითარება დაგვიანებულია“. რომც იცოდნენ,  სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვებს საჯარო სკოლებში ჟესტურ ენაზე სწავლა არ შეუძლიათ, რადგან სკოლის სპეცმასწავლებლები ჟესტურ ენას არ ფლობენ და ამას არც სახელმწიფო სტანდარტი ავალდებულებს. „მე ჩემი ინიციატივით დავიწყე სწავლა და ვცდილობ ჩემს მოსწავლეებსაც ვასწავლო, რადგან ეს მათ ეხმარება ინფორმაციის გაცვლაში“-გვეუბნება ლალი ჯაფარიძე. იგივე მდგომარეობაა 26-ე საჯარო სკოლაშიც. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ინკლუზიური სწავლების ჯგუფი ცალკე არსებობს და სმენის დარღვევის მქონე ბავშვები სხვა კლასებშიც სხედან, პედაგოგებს მათთან ჟესტურ ენაზე კომუნიკაცია არ შეუძლიათ. ჟესტური ენა არც ბავშვებმა და მოზარდებმა იციან. დაგვიანებული განვითარება და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული მოზარდების მომავალს. „ამ ბავშვებს შეუძლიათ პროფესიული განათლების მიღება, მაგრამ აქაც ხვდებათ პრობლემა, რადგან თეორიული ნაწილი რომ აითვისონ, ჟესტური ენა უნდა იცოდნენ“, – გვეუბნება ლალი ჯაფარიძე. ინკლუზიური ჯგუფი ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაში სმენადაქვეითებული ბავშვები და სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოს ყრუთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში არსებულ ორ სპეციალურ სკოლაში, რომელიც მხოლოდ ქუთაისსა და თბილისში არსებობს, დაახლოებით ათასამდე სმენადაქვეითებული ბავშვი სწავლობს. განათლების სამინისტრო აღიარებს პრობლემას და ამბობს, რომ საჯარო სკოლებში ეს ბავშვები ვერ ვითარდებიან სათანადოდ, თუმცა ამ პრობლემის გამოსწორებას უახლოეს მომავალში ვერ ხედავს. განათლების სამინისტრომ მხოლოდ წელს დაიწყო მუშაობა პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს როდის და როგორ უნდა დაიწყოს სმენადაქვეითებული ბავშვების განათლებაში ჩართვა. „სანამ არ იქნება პოლიტიკის დოკუმენტი და არ გაიწერება პასუხისმგებლობები სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებისთვის, სხვანაირად ვერაფერს ვერ ვიზამთ, შედეგი არ იქნება“-ამბობს განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოს ხელმძღვანელი ეკა დგებუაძე. მისი თქმით,  საჯარო სკოლებში ჟესტური ენის სწავლება იმიტომ ვერ ხერხდება რომ ქვეყანას არ ჰყავს ჟესტური ენის მცოდნე სპეციალისტები აკადემიური დიპლომით.  „ეს არის სერიოზული პრობლემა, ამიტომ გვიჭირს სმენისარმქონე ბავშვების ინტეგრაცია“-ამბობს ეკა დგებუაძე. ეკა დგებუაძე ამბობს, რომ სამინისტროს მიზანია პრიორიტეტული გახადოს ჟესტური ენა და „გამოვზარდოთ სპეციალისტები. გვინდა სასერტიფიკატო პროგრამები საუნივერსიტეტო დონეზე გავაკეთოთ. ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. ცნობიერების ამაღლების და სმენადაქვეითებულ პირთა ხელშეწყობის მიზნით, ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნასაც“. არასამთავრობო ორგანიზაცია „სმენის არმქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის“ ხელმძღვანელი  მზია მელაძე ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“ სმენისარმქონე მოზარდებს და დაინტერესებულ პირებს ჟესტურ ენას ასწავლის. ის ცდილობს მოიპოვოს ხელისუფლების მხარდაჭერა იმაში, რომ სმენისარმქონე მშობლებისა და მათი შვილებისთვის სპეციალური პროგრამა გააკეთოს. ის ასევე საუბრობს რეგიონებში სპეციალიზებული სკოლების არსებობის აუცილებლობაზე. საქართველოს ყრუთა კავშირის ხელმძღვანელის მაია მეტონიძის თქმით, კარგია რომ სახელმწიფომ ადრეულ ასაკში გამოვლენის მიზნით სკრინინგის პროგრამები დანერგა, თუმცა, მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს მითები, რომ „თუკი ბავშვს ჟესტურ ენას ვასწავლით, მას სმენა არ განუვითარდება და მშობლები უარს ამბობენ ჟესტური ენის სწავლაზე რაც ბუნებრივია არასწორია“-ამბობს მეტონიძე. მისი აზრით, თუკი სკრინინგით გამოვლინდა სმენის დარღვევა, ჟესტური ენის სწავლება ყველა ბავშვს დაბადებიდან სჭირდება. მეტონიძის თქმით, მშობლებს არ აწვდიან სათანადო ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულებები იმის თაობაზე, რომ კოხლეარული იმპლანტის გაკეთების შემთხვევაშიც კი შესაძლოა ბავშვს სმენა არ განუვითარდეს. „ამასობაში გადის დრო და ბავშვი ვერ იძენს იმ აუცილებელ კოგნიტურ უნარებს, რომელიც საჭიროა მისი გონებრივი განვითარებისთვის“.  სახელმწიფო ზუსტ სტატისტიკას არ აწარმოებს სახელმწიფომ არ იცის რამდენი სმენადაქვეითებული ბავშვი და მოზარდი ჰყავს ქვეყანაში, რადგან არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც მის ზუსტ სტატისტიკას აწარმოებს. ეს ინფორმაცია მოცემულია სხვადასხვა არასამთავრობოების თუ უწყებების დონეზე, თუმცა ზუსტი მონაცემები სმენისარმქონე პირების შესახებ სახელმწიფოს არ აქვს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია