შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოთხი ბათუმელი ამერიკული დიპლომით – სან დიეგოს უნივერსიტეტის პირველი ბაკალავრების გეგმები

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 05 ივნისი 2019

სან დიეგოს ამერიკულ უნივერსიტეტს საქართველოში წელს პირველი ბაკალავრები ჰყავს. დაახლოებით 500 სტუდენტი მიიღებს ამერიკულ დიპლომს ქართულთან ერთად, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ამერიკული უნივერსიტეტი წელს ოთხმა ბათუმელმა სტუდენტმაც დაასრულა. აქედან ორმა უკვე მიიღო დაფინანსება მაგისტრატურის პროგრამაზე და სწავლას აშშ-ში, სან დიეგოს უნივერსიტეტში გააგრძელებენ. როგორია კურსდამთავრებულთა გეგმები და ხედავენ თუ არა ისინი თავიანთ მომავალს საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ? მარიამ ბასილაია სან დიეგოს უნივერსიტეტის ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის ბაკალავრია და უკვე მოიპოვა მაგისტრატურის დაფინანსებაც აშშ-ში. როგორც მარიამი გვეუბნება, ამ ფაკულტეტიდან დაფინანსება სან დიეგოს უნივერსიტეტში 15-დან მხოლოდ ხუთმა ბაკალავრმა მიიღო. „ეს არის ჩვენი ქიმიის დეპარტამენტის უფროსის დამსახურება, სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ამერიკულ მხარესთან,“ – გვეუბნება მარიამი. სან დიეგოს უნივერსიტეტში საქართველოში ბაკალავრიატის საფეხური თითქმის ყველა სტუდენტს დაუფინანსეს, თუმცა მაგისტრატურის დაფინანსება კონკურსის წესით ხდება. მარიამ ბასილაია სან დიეგოს საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული „10 750 დოლარი ღირს სწავლა, პირველი წელი მაქვს დაფინანსებული, შემდეგი წლების დაფინანსება კი დამოკიდებულია აკადემიურ მოსწრებაზე. კონტრაქტის მიხედვით, ვალდებულება გვაქვს მაგისტრატურის და დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, სამი წელი საქართველოში ვიმუშაოთ და ჩვენს ქვეყანას მოვახმაროთ მიღებული ცოდნა,“ – ამბობს მარიამი. მარიამ ბასილაია ორგანული ქიმიის მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ეს სპეციალობა გამოიყენება ფარმაციის ინდუსტრიაში, სადაც მუშაობა მიდის როგორც ახალი მედიკამენტების შექმნაზე, ასევე, დამზადებაზე. თუმცა როგორც მარიამი ამბობს, საქართველოში ეს სფერო არ არის კარგად განვითარებული და მედიკამენტები ძირითადად დაფასოებული შემოდის. „მინდა, რომ რაღაც ცვლილება შევიტანოთ ამ სფეროში სამომავლოდ,“ – გვეუბნება მარიამი. მისი თქმით, ყველა დარგი, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტს აქვს, საქართველოში განსავითარებელია და უნივერსიტეტის გახსნის მიზანიც საქართველოში ეს იყო. მარიამი ამბობს, რომ უნივერსიტეტი სწავლის პერიოდში შესაძლებლობას აძლევდა ანაზღაურებად სტაჟირებაზე ემუშავა უნივერსიტეტში, ზაფხულში კი  აშშ-ში ჰქონდა შესაძლებლობა ემუშავა როგორც ბაკალავრის მკვლევარს იქაურ ლაბორატორიებში. გივი კალანდია, ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული მეორე ბათუმელი სტუდენტი, ვისაც აშშ-ში მაგისტრატურა დაუფინანსეს, გივი კალანდიაა, ისიც ბიოქიმიას სწავლობს. „თვითონ ქიმიის დარგი იმდენად ვრცელია, რომ გამორიცხულია მხოლოდ ბაკალავრის დიპლომით რაიმე სერიოზულ სამსახურში ან თუნდაც რაიმე კვლევაში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ აუცილებელია მაგისტრატურის და დოქტორანტურის გავლაც. საქართველოში დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია ისევ უნივერსიტეტებში დასაქმება, თუნდაც იმავე უნივერსიტეტებში, სადაც დანერგილია ეს პროგრამები. ასევე, გვინდა, რომ ჩვენ, ვინც ამ მიმართულებაზე ვსწავლობთ, თვითონ წამოვიწყოთ რაიმე სახის ინდუსტრია,“ – გვეუბნება გივი. ქიმია/ბიოქიმიის მიმართულება წელს 15-მა ბაკალავრმა დაასრულა. გივი კალანდიას თქმით, აშშ-ში დაფინანსება მიიღო 5-მა, ნაწილი კი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. ვახტანგ დონაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიას სწავლობდა. ის ჯერჯერობით საქართველოში აპირებს დარჩენას, რადგან მუშაობს. „გადაწყვეტილი მაქვს ერთი წელი გავჩერდე საქართველოში და შემდეგ ვაპირებ ევროპაში გავაგრძელო სწავლა,“ – გვეუბნება ის. ვახტანგ დონაძე, კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვახტანგ დონაძე ერთ-ერთ კომპანიაში დეველოპერად მუშაობს პროგრამირების განხრით. მისი თქმით, უნივერსიტეტი ხშირად აწყობდა დასაქმების ფორუმს და ეხმარებოდა სტუდენტებს სამუშაოს მოძიებაში. „ამ მომენტისთვის, უფრო ჩემს თავში გასარკვევად მინდოდა ეს ერთი წელი, მინდა გააზრებულად გადავწყვიტო, რა მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაში, შეიძლება კომპიუტერულ მეცნიერებაზე გადავერთო, ჯერ პრაქტიკულ სფეროში მუშაობა ვარჩიე,“ – გვეუბნება ის. ამ ეტაპზე საქართველოში დარჩენას აპირებს დაჩი გოგიტიძეც, რომელიც ასევე სან დიეგოს კომპიუტერული ინჟინერიის ბაკალავრია. ის მაგისტრატურაზე სწავლას ჯავახიშვილის უნივერსიტეტში აპირებს გამოყენებითი მათემატიკის განხრით. დაჩი გოგიტიძე, კომპიუტერული ინჟინერიის კურსდამთავრებული „შემდეგ ეტაპზე მინდა გაცვლითი პროგრამებით ვისწავლო ევროპაში, მაგალითად, გერმანიაში მინდა წავიდე,“- გვეუბნება ის. ამჟამად დაჩი გოგიტიძე ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს, რომელიც ონლაინკაზინოების სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს. სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოდან შესაძლოა ხუთი წლის შემდეგ გავიდეს, თუმცა პარტნიორ უნივერსიტეტებში: თსუ-ში, ტექნიკურ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც სან დიეგოს ტექნიკური და სასწავლო ბაზებია განთავსებული, დარჩება სასწავლო პროგრამები, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესშია. როგორც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი გიორგი კოპალეიშვილი გვეუბნება, თუკი პარტნიორი უნივერსიტეტები მიიღებენ საერთაშორისო აკრედიტაციას, ისინი იმავე ხარისხის დიპლომებს გასცემენ საბუნებისმეტყველო და ინჟინერიის დარგებში, როგორც სან დიეგოს უნივერსიტეტი. „პარტნიორ უნივერსიტეტებში მიმდინარეობს ABET-ის აკრედიტაცია, რაც გულისხმობს როგორც აკადემიური პერსონალის გადამზადებას, ასევე, ლაბორატორიებსა და სასწავლო პროგრამებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ, რაც კეთდება, კეთდება ამ სტანდარტების გათვალისწინებით.  როცა ეს პროცესი დასრულდება, შემდეგ გაიცემა დიპლომები ABET-ის აკრედიტაციით,“-გვითხრა გიორგი კოპალეიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება
განათლება