შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროტესტი – რატომ მიჰყავთ მასწავლებლები რელიგიური შინაარსის ლექციებზე შეუთანხმებლად 

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 07 ივნისი 2019
საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა რეგიონიდან ფეისბუქზე წერენ, რომ პედაგოგები ხშირად მიჰყავთ ისეთ ტრენინგებზე დასასწრებად, რომლის შესახებაც წინასწარ არ არიან ინფორმირებული. ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი სანათა ოჩიაური წალკის მუნიციპალიტეტიდან, თავის ფეისბუკგვერდზე წერს: „წალკიდან წამოგვიყვანეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, თუმცა არავის აუხსნია, რისთვის მოვყავდით, პასუხი მხოლოდ ერთი იყო – „სამინისტროს დავალებაა“. ჩვენ 100 კილომეტრი გამოვიარეთ წალკიდან რუსთავამდე მხოლოდ იმისთვის, ვინმე აკაკი მინდიაშვილს წაეკითხა ქრისტიანობისა და სახარების არსზე ლექცია, რომელიც არ ყოფილა ინტერაქტიული, ჩვენ მხოლოდ მორჩილად სმენის უფლება გვქონდა, აზრი არავის უკითხავს ჩვენთვის. ასე მორჩილად უსმენდა ლექციას იმის თაობაზე, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა პედაგოგების ის 80%, რომელიც მუსულმური აღმსარებლობისაა. მე არ ვარ მუსლიმი, მაგრამ აღშფოთება ვერ დავფარე და პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვე“. პედაგოგი ამავე პოსტში წერს, რომ მან ამ ლექციის გამო სკოლაში ხუთი გაკვეთილი გააცდინა. „რა კავშირი ჰქონდა ამას განათლებასთან? ამასთანავე არცერთმა მასწავლებელმა არ ვიცოდით, რისთვის მოვდიოდით, რაც, ჩემი აზრით, ეთიკის ნორმების უხეში დარღვევაა განათლების სამინისტროს მხრიდან“, – წერს პედაგოგი. სანათა ოჩიაური არ არის ერთადერთი, ვინც დღეს დაწერა ანალოგიურ პრობლემაზე. პოსტს ეხმაურებიან სხვა რეგიონებში მცხოვრები პედაგოგებიც, რომლებიც ასევე წერენ, რომ წინასწარი ინფორმირების გარეშე ისინიც წაიყვანეს ლექციებზე, სადაც საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობაზე მოასმენინეს ლექციები. „ბათუმელები“ იმ სკოლას დაუკავშირდა, სადაც სანათა ოჩიაური მუშაობს. სკოლის დირექტორი რამაზ ხინიკაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ლექციები საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული: „ეს იყო სამოქალაქო ჩართულობის თემა რუსთავში, რაც სამინისტროს ეგიდით იყო, როგორც ვიცი“ – ამბობს დირექტორი. კიდევ ერთი პედაგოგი სანათა ოჩიაურის პოსტზე წერს, რომ ქართული ენის პედაგოგები ხვალ ახალქალაქში არიან დაბარებული, „ღვთისმშობლის წილხვედრობასთან დაკავშირებით. კითხვები დამებადა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე“. არის სხვა კომენტარებიც: „ბოლნისის სკოლებიდანაც ეგრე გაურკვევლად წაგვიყვანეს და 2 საათი ვისმენდით, რომ თურმე საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია“. გაგვანათლა ბატონმა აკაკიმ“. „14- ში ბათუმში ვართ დაბარებულები, ალბათ მსგავს ლექციას “ჩაგვირაკრაკებენ”. „ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს პედაგოგებს უფრო მეტი დეტალის გასარკვევად. საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ლექციები სამინისტროს მიერ ორგანიზებული არ არის და შეგვპირდნენ, რომ დეტალებს კიდევ ერთხელ დააზუსტებდნენ. სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას „ბათუმელები“ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. „ბათუმელები“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა, როგორც პრესსამსახურში გვეუბნებიან, ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და ლექციებზე მასწავლებელთა რეგისტრაცია წინასწარ ხდება და ამის შესახებ პედაგოგები ინფორმირებულნი არიან. „გაკვეთილების გაცდენა გამორიცხულია“ – გვეუბნებიან ცენტრში. ფოტოზე: სანათა ოჩიაურის ფბ-გვერდიდან. აკაკი მინდიაშვილის ლექცია, ქრისტიანობისა და სახარების არსზე.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება