შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოციალური მუშაკების გადამზადება იწყება

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 13 ივნისი 2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრმა სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამა დაიწყო. პროგრამის პირველ ეტაპზე სერტიფიცირების კურსს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 39 სოციალური მუშაკი გაივლის. 2019 წლისთვის იგეგმება დაახლოებით 80 სოციალური მუშაკის სერტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ცენტრის ინფორმაციით, კანონის თანახმად, სოციალური მუშაკების სერტიფიცირება „სოციალური მუშაობის შესახებ“ 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. სალომე ჩარკვიანი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში დასაქმებული სოციალური მუშაკების ტრენინგები სექტემბრიდან დაიწყება. „დანარჩენი ჯგუფები 2020 წელში გადამზადდებიან. უფასო ტრენინგები მხოლოდ იმ სოციალურ მუშაკებს ჩაუტარდებათ,  რომლებიც სისტემაში არიან დასაქმებული. სხვებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ თანხა გადაიხადონ და ისე აიმაღლონ კვალიფიკაცია“. სალომე ჩარკვიანის თქმით, სოციალური მუშაკების გადამზადება განათლების სამინისტროს ვალდებულებაა და ეს ტრენინგები იქნება აკადემიურ კურსთან გათანაბრებული. „ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თეორიულ ცოდნასაც შეიძენენ და ამავე დროს იქნებიან ოფიციალური სოციალური მუშაკები, რადგან ახლა ეს ადამიანები სხვადასხვა პროფესიით მუშაობენ სისტემაში და პროფესიით სოციალური მუშაკები არ არიან. სერტიფიცირება მათ მისცემს შესაძლებლობას, კარიერული წინსვლით განვითარდნენ სისტემაში“, – გვეუბნება სალომე ჩარკვიანი. ცენტრის ინფორმაციით,  „ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ ამუშავებს 14 საგნისაგან შემდგარ მოდულს. „პროგრამას წაუძღვებიან გამოცდილი სოციალური მუშაკები „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციიდან“, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან“. „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ 200-მდე სოციალური მუშაკია დასაქმებული. ისინი რამდენიმე თვის წინ თავიანთ სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებდნენ.  სოცმუშაკები ამბობენ, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო სოციალური სერვისების მიმართულებით ატარებს, კრიზისშია და არათუ ეხმარება, არამედ ხელს უშლის ბენეფიციარებს, საჭირო დახმარება მიიღონ. ძირითადი პრობლემები, რასაც სოცმუშაკები ხაზს უსვამენ, სამუშაო რესურსის სიმწირე და შეუსაბამო სამუშაო პირობებია. სოციალურ მუშაკთა გადამზადების პირველი ეტაპი 31 აგვისტოს დასრულდება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია