შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უფილტრო სიგარეტი დაახლოებით, 1.2 ლარით გაძვირდება, ფილტრიანი კი - 18%-ით

ეკონომიკა
 04 იანვარი 2019

დღეიდან, 2019 წლის პირველი იანვრიდან თამბაქოს მწარმოებლებს მნიშვნელოვნად გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევთ. კერძოდ, უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი დღეს არსებული 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე იზრდება, რაც 1.10 ლარის გაძვირებას წარმოადგენს. აქციზის ზრდა სიგარეტის ღირებულებასთან მიბმული ადვალური გადასახადის ზრდასაც იწვევს, რაც უფილტრო სიგარეტზე საგადასახდო მოსაკრებელს 1.21 ლარით გააძვირებს. ამ დროისთვის უცნობია, როგორ აისახება ეს ზრდა სარეალიზაციო სიგარეტის ღირებულებაში, თუმცა მაღალი ალბათობით ის დაახლოებით ამდენივე იქნება.  ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი კი 10%-დან 30%-მდე გაიზარდა, რაც სავარაუდოდ, კოლოფი სიგარეტის ფასს საშუალოდ 18%-ით გაზრდის. 

თუ თქვენ ყიდულობთ სიგარეტს, რომელიც 5 ლარი ღირს, ამ დროს, თქვენ იხდით 1.70 ლარს აქციზური მარკის ღირებულების სახით და 45 თეთრს ადვალური გადასახადის ღირებულების სახით. ანუ მთლიანობაში, თქვენ მიერ ნაყიდი სიგარეტიდან ფინანსთა სამინისტროს 2.16 ლარი მისდის, მწარმოებელს კი პროდუქტის თვითღირებულების დასაფარად, მარკეტინგის, დისტრიბუციისა და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფინანსებლად მხოლოდ 2.84 ლარი რჩება. 

ფილტრიანი სიგარეტი, რომელიც დღეს 5 ლარი ღირს, დაბეგვრის ახალი წესის ძალაში შესვლის შემდეგ, 5.90 ლარი ეღირება. ამ დროს, თავად მწარმოებელი 2.84 ლარს მიიღებს, ხოლო ცენტრალურ ბიუჯეტში 3.06 ლარი გადაირიცხება. ეს ნიშნავს, რომ თამბაქოს ღირებულების დაახლოებით, 48% ფინანსთა სამინისტროში გადაირიცხება. 

გადასახადის ზრდის შედეგად, უფილტრო სიგარეტი, რომელიც დღეს 2.5 ლარი ღირს, დაახლოებით, 3.71 ლარამდე გაძვირდება. ფილტრიანი სიგარეტი, რომელიც 4 ლარი ღირს, დაახლოებით 18%-ით, 4.72 ლარამდე გაძვირდება. 

სიგარეტის გაძვირებამ შესაძლოა, ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს. 

წყარო : BM.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია