შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის – პატრიარქის ეპისტოლე

რელიგია
 07 იანვარი 2019

“ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის; ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია.

სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას, უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები… უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათ ენერგია აქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

სკოლამ უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს შრომის სიყვარული, უნარი პატიებისა და სხვისი სიხარულით გახარებისა, სიმართლის დაცვისა და მეგობრის ერთგულებისა, დაჩაგრულის თანადგომისა და, საერთოდ, სიკეთის ქმნისა.

ამის განხორციელების შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მოზარდებს მივეცით საშუალება ჯანსაღ თაობად აღზრდისა; შევთავაზეთ სიკეთე და სიცოცხლე, დანარჩენი კი მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. როგორც აღვნიშნეთ, დღეს ხშირ შემთხვევაში დედ-მამა შვილს ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას; სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მშობელი ნაკლებად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რაც დაუშვებელია; სავალდებულო უნდა გახდეს პედაგოგებთან ხშირი შეხვედრა; მათ უნდა იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა და მასწავლებლებთან ერთად ყველაფერი გააკეთონ შვილთან მიმართებაში სწორი მიდგომების განსაზღვრისათვის.”– აღნიშნულია ეპისტოლეში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია