შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფუტსალი | საქართველო 5:1 გერმანია

სპორტი
 31 იანვარი 2019

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. 30 იანვარს, ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გერმანიას უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. 

მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების კაპიტანს, დავით ბობოხიძეს, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა სიმბოლური ჯილდოები გადასცეს. ფუტსალის ერთერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ ეროვნული გუნდის მაისურით 65 შეხვედრა ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა.

ფუტსალის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, დავით ბობოხიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას, მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა. ჩვენმა ნაკრებმა მატჩის ბედი პირველი ტაიმში გადაწყვიტა. ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა, სიმი საიოტის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად რონინიომ შეასრულა. ამ გოლიდან ზუსტად 2 წუთში საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაიზარდა, არჩილ სებისკვერაძის დარტყმული ბურთი საკუთარ კარში სოზერმა ჩაჭრა. შეხვედრა ქართველთა შეტევებით გაგრძელდა და მე-17 წუთზე სიმი საიოტიმ მესამედ აიღო მეტოქის კარი.

შეხვედრის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, თამაშს საქართველოს ნაკრები აკონტროლებმა და მეტოქე ძირითადად კონტრშეტევებზე ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას. გოლები მატჩის მიწურულს გავიდა, 32-ე წუთზე უძლიერესი მოჭრილი დარტყმით გერმანელებს არჩილ სებისკვერაძემ გაუტანა. მალევე, 33-ე წუთზე კი, დუბლი სიმი საიოტიმ გაიფორმა. საბოლოო ანგარიში 39-ე წუთზე გერმანიის ნაკრებმა დააფიქსირა, საკუთარი გუნდის რამდენიმე სვლიანი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით ჰაკან ერდემმა დაასრულა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია