შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

18-23 ივნისს თბილისში ლგბტქ პრაიდის კვირეული ჩატარდება

კულტურა
 19 თებერვალი 2019

18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" გაუწევს. 

 

ივნისი მთელ მსოფლიოში ლგბტ სიამაყის თვეა.

"თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ კვირეულის ფარგლებში 4 ღონისძიება გაიმართება: სოციალური თეატრი, რომელიც ფრანც კაფკას მეტამორფოზას წარმოადგენს, საერთაშორისო კონფერენცია, ღირსების მარში და პრაიდ-ფართი

თაბაგარი ტაბულასთან იმ რისკებზეც საუბრობს, რომელიც შესაძლოა ღონისძიების ჩატარებას ახლდეს. მისი თქმით, ღონისძიება მშვიდობისკენ და თანასწორობისკენ იქნება მოწოდებული. 

"ის საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ არის მარტივი, რისკებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ჩვენი ღონისძიება მშვიდობისკენ და თანასწორობისკენ არის მოწოდებული. ეს არ არის ვინმეს პროვოკაციის წამოგების ან საზოგადოების გაღიზიანების მცდელობა. 

პრაიდისთვის მზადება დავიწყეთ იმით, რომ გავაანალიზეთ ის რისკები, რომელიც აღნიშნული ღონისძიების გამართვას თან ახლავს. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო, შს სამინისტრო და სხვა შესაბამისი ორგანოები. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ. ჩვენ ჩვენი მხრივ უბრალოდ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ იყოს ორგანიზებული, ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებებსა და პროცესებზე", - ამბობს თაბაგარი. 

მისივე თქმით, თბილისი პრაიდის ჩატარება არ გამორიცხავს 17 მაისის - ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რომელსაც ორგანიზებას სხვა სათემო ორგანიზაცია გაუწევს. 

თბილისი პრაიდის ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ; 

"ჩვენ ვართ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარადამიანები. 

ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, სკოლაში, ქუჩასა და სამსახურში. გვივარდებიან სახლებშიც, გვაგდებენ ოჯახებიდან. ჩვენ გვკლავენ!

ჩვენი დები და ძმები საზოგადოებაში არსებული სიძულვილისა და აგრესიის გამო სხვა ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს. ჩვენ არ გვინდა გაქცევა, გვინდა ღირსეულად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში!

ჩვენ გვეხება და გვაწუხებს ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია და სოციალური უთანასწორობა.

ჩვენ გვიყენებენ მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად, რაც ყველას თანაბრად გვაზიანებს! 

ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები და გვინდა ვიცხოვროთ არაძალადობრივ საზოგადოებაში.

ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოება შემდგარია მაშინ, როდესაც მისი თითოეული წევრის უფლებები აღიარებული და დაცულია.

ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას, რადგან გაუსაძლისია ასე ცხოვრება და არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა ღირსებისთვის ბრძოლისა!

ჩვენ არ ვართ ცოტა და არავის დავტოვებთ მარტოს

ჩვენ ვართ სტუდენტები, მიმტანები, მუსიკოსები, დიზაინერები, არტისტები, მწერლები, სპორტსმენები, ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, მეშახტეები, ტაქსის მძღოლები, სოციალური მუშაკები, პოლიტიკოსები, მღვდელმსახურები.

ჩვენ ვართ თქვენი შვილები, მშობლები, დები, ძმები, მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები და მეზობლები.

ჩვენ ვართ თქვენ!

18-23 ივნისს, თბილისი პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონსიძიება გაიმართება. 

პრაიდის კვირეულს დაასრულებს - ღირსების მარში, რომლის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ქვიარებს არ გვეზეიმება. 

შემოგვიერთდით და მხარი დაგვიჭირეთ. ერთად დგომა გვჭირდება!". 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია