შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქალბატონი კოსტავა არ ქმნის კონტრასტულ სურათს საკრებულოს უმრავლესობასთან"

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 04 ივნისი 2019

ქალბატონი კოსტავა არ ქმნის კონტრასტულ სურათს საკრებულოს უმრავლესობასთან მიმართებაში - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია". 

ორგანიზაციის წარმომადგენლები ნანა კოსტავას საკითხთან დაკავშირებულ პროცესებს ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან.

"ქუთაისში  სამოქალაქო აქტივისტებთან საკრებულოს დეპუტატთა ნაწილის შეხვედრაზე გაირკვა, რომ მათ მომავალში ნანა კოსტავასთან მუშაობის დისკომფორტი არ ექნებათ, ისინი ვერ ხედავენ სხვა გზას კოსტავას მიერ გაკეთებულის განცხადების გამიჯვნის და ფრაქციის ნომინალური თავმჯდომარეობიდან მისი გადაყენების გარდა და ამას საკმარისად მიიჩნევენ. დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა ის, რაზეც „ევროპა ჩვენი სახლია“ აქამდეც საუბრობდა. გამიჯვნის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებები იყო პოლიტიკური ზიანის მინიმიზებით ნაკარნახევი, თბილისიდან გამოგზავნილი მესიჯბოქსის გაჟღერება, რაც მათი მხრიდან გადახდილ საკმარის პოლიტიკურ ფასად აღიქმება. სინამდვილეში ქუთაისის მერმაც, მისმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატთა უმრავლესობამ კარგად იციან იმ რიტორიკის და აქამდე გაკეთებული მავნებლური განცხადებების შესახებ, რაც კოსტავას ხელწერაა, თუმცა უმნიშვნელო და არაფრისმომცემი რეაგირება მხოლოდ ბოლო შემთხვევას, საკითხის რეზონანსულობას და სიმწვავეს მოყვა. დღესაც დადასტურდა, რომ ქალბატონი კოსტავა არ ქმნის კონტრასტულ სურათს საკრებულოს უმრავლესობასთან მიმართებაში. მისი ზოგადი ღირებულებების და დამოკიდებულებების გამზიარებლები წარმომადგენლობით ორგანოში საკმარისად არიან იმისთვის, რომ დეპუტატი, რომელიც პერიოდულად რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის, ძალადობის წახალისების და სხვა მავნებლური შინაარსის განცხადებებს აკეთებს, მმართველი გუნდის წევრობას და დეპუტატის მანდატს ინარჩუნებდეს. „ევროპა ჩვენი სახლია“ მიიჩნევს, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ კონსოლიდაცია „ქართული ოცნების“ ყველა დეპიტატს აყენებს იმ პასუხისმგებლობოს წინაშე და არჩევინებს წყალგამყოფის ერთ მხარეს, რისი ზიდვაც და საიდანაც სუფთად გამოსვლა შეუძლებელია",  -აცხადებენ ორგანიზაციის წამომადგენლები.

შეგახსენებთ, დღეს საკრებულოს წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის ნანა კოსტავას საკითხთან დაკავშირებით  შეხვედრა შედგა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დეპუტატებს პოზიციის დაფიქსირება თხოვეს კოსტავას მიერ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით. საკრებულოს წევრების განცხადებით, ისინი იზიარებენ საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებას. ნანა კოსტავას პოზიციის დაცვას შეეცადა უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ახალაძე, რის გამოც შეხვედრა ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია