შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამ სპექტაკლისათვის "ზეციური მუსიკა" დაგვჭირდა - გოგი ჩლაიძე

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/am-speqtaklisatvis-zecjuri-musika-dagvwirda---gogi-chlaidze 
 26 ოქტომბერი 2019

მრავალი კინოფილმის და სპექტაკლის მუსიკის ავტორი გიორგი (გოგი) ჩლაიძე ქუთაისში იმყოფება. ქუთაისის ოპერის თეატრისათვის შექმნილი პირველი ოპერის  "დარისპანის გასაჭირი" ავტორმა  ქუთაისის ოპერისათვის კიდევ ერთი ნაწარმოები შექმნა, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ჯერ არ იცის.  ამჟამად  ცნობილი  კომპოზიტორი მესხიშვილის თეატრში ვოდევილზე  "ჭკუისა მჭირს"  მუშაობს. 

კომპოზიტორ გოგი ჩლაიძეს "ნიუპრესი" ესაუბრა.

-  ქუთაისის ოპერის თეატრთან განსაკუთრებული თანამშრომლობა გაქვთ, გვიამბეთ ამის შესახებ...

- წლების წინ პირველი ქართული კამერული ოპერის "დარისპანის გასაჭირი" დაწერა მე მომანდეს. ვარლამ ნიკოლაძე იყო ლიბრეტოს ავტორი.  1977 წელს შედგა ამ ოპერის პრემიერა, ოპერის თეატრმა  40 წლს შემდეგ აღადგინა ეს სპექტაკლი. პრემიერაზე  ვარლამ ნიკოლაძეც იყო ჩამოსული,  მას დაებადა იდეა, რომ ისევ გაგვეკეთებინა ოპერა.  შეიქმნა ძალიან ორიგინალური ნაწარმოები, რომელიც დაიწერა ერთი სოლისტისთვის, ტენორისთვის.  ბატონმა ვარლამმა შემომთავაზა,  რომ ორკესტრის ნაცვლად იყოს გუნდი, რამაც დამაინტერესა, რადგან გუნდის დიდი მოყვარული ვარ.  მუშაობის დროს არ მეყო ფერები, ამიტომ შემოვიყვანე ერთი ვიოლინო, ვიოლენჩელო, ფლეიტა და დასარტყამი ინსტრუმენტები.  ძალიან საინტერესო გამოვიდა ნაწარმოები.  ოპერას ქვია "მახინჯი", ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის" პერსონაჟის კვაზიმოდოს მოტივებზე. სიყვარულის თემაა და კაცის განცდები. ისევე როგორც "დარისპანის გასაჭირი", "მახინჯიც" ქუთაისის ოპერის თეატრისათვის დაიწერა.  ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლი,  ირინე ლომინაძე, ამასთანავე ბრწყინვალე ქორმეისტერია. მშვიდად ჩამოვიტან მასთან პარტიტურას და შევუდგებით მუშობას. 

-რაც შეეხება დრამატულ თეატრთან თქვენს თანამშრომლობას?

-მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან კოტე აბაშიძესთან ერთად რამდენიმე სპექტაკლზე მაქვს ნამუშევარი. ბოლოს იყო "მიუნჰაუზენი". ამჟამად ვმუშაობ ახალგაზრდა რეჟისორთან გიგი ლორიასთთან.  ახალგაზრდებთან მუშაობა ძალიან მიყვარს, მე კი ვარ ხნიერი,  მაგრამ არ ვიმჩნევ, შემიძლია დილიდან ღამემდე ვიმუშავო.

-მუსიკალური თვალსაზრისით, რა სიახლეს უნდა ველოდოთ? 

- ეს იქნება ვოდევილი, ოღონდ გათანამედროვებული. ჩემი სტილისტიკა მივუსადაგე ვოდევილს, ცოტა განსხვავებული გავხადე. სპექტაკლი იქნება ცოცხალი მუსიკის თანხლებით, რომელსაც ბენდი შეასრულებს. გამოვიყენებთ ელექტროპიანინოს,  ვიოლინოს, დასარტყამ ინსტრუმენტს და გარმონს, შეიძლება, აკუსტიკური გიტარა დავამატო. ამას გარდა, არის სიზმრის სცენა პანტომიმის ელემენტებით, აქ "ზეციური მუსიკა" დაგვჭირდა, რის მიღწევას ვცდილობთ ჩვენი მწირი ინსტრუმენტებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამოვა. ეს ჩემთვის დრამატულ თეატრში 153-ე სპექტაკლი იქნება, გიგისათვის კი პირველი სპექტაკლია. მას ვიცნობ პანტომიმის სახელმწიფო თეატრიდან,  სადაც წარმატებული მსახიობია,  როგორც რეჟისორს კი წარმატებულ დებიუტს ვუსურვებ. 

 რაც შეეხება ბენდს - ელექტროპიანინოზე ბეგი ნიკოლეიშვილი უკრავს, რომელიც ასევე ვოკალისტია, ვიოლიონოზე -  თამთა თევზაძე, კოტე რობაქიძე - გარმონზე, დრამერია ბექა არსენიძე. რეჟისორის თქმით, ბოლო ნაწილში განსაკუთრებული, მისტიური ეფექტის შესაქმნელად გამოყენებული იქნება მიხაილოს მუსიკა. 

სპექტაკლის პრემიერა ნოემბერშია დაგეგმილი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია