საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ყოფილი მერი შოთა მურღულია ეხმიანება

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 27 დეკემბერი 2018

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია ეხმიანება.  შოთა მურღულია მიესალმება გაზრდილ ბიუჯეტს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ 2015-2016 წლებში ბიუჯეტის წლიურმა მოცულობამ 72 მილიონ ლარს გადააჭარბა. ყოფილი მერი სოციალურ ხარჯებსაც ეხება და აღნიშნავს, რომ მის პერიოდში სოციალური სფეროს დაფინანსებისათვის უპრეცედენტო ოდენობა- 5,3 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. შოთა მურღულია მხარს უჭერს ხელფასების ზრდას, რაც მისი თქმით, ოპოზიციის არასწორი კრიტიკის ობიექტი გახდა. ის ასევე დაგეგმილ რეორგანიზაციასაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საბინაო სამსახურის თანამშრომლებს გამჭვირვალე კონკურსი აქვთ გავლილი და სურვილს გამოთქვამს, რომ მათი პროფესიონალიზმი დაფასებული იყოს.  

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ 2019 წლის წლის დამტკიცებული ბიუჯეტი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტებზე მეტია. ეს კანონზომიერებაა (ბოლო ათწლეულებია მომდევნო წლის ბიუჯეტი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე მეტია) და კარგია, რომ არც ახლა ირღვევა. ვიმედოვნებ, რომ არამხოლოდ დამტკიცებული, არამედ დაზუსტებული ბიუჯეტიც გამორჩეული იქნება სხვა წლის ბიუჯეტებთან შედარებით. დაზუსტებული ბიუჯეტის მხრივ, განსაკუთრებული იყო 2015-2016 წლები, სადაც ბიუჯეტის წლიურმა მოცულობამ 72 მილიონ ლარს გადააჭარბა. ძალიან დიდი მუშაობა მოუწევს ქალაქის ხელმძღვანელობას, რომ ამ მაჩვენებლამდე გაზარდონ ბიუჯეტი. თუმცა დიდი შრომით და ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ეს შესაძლებელია.

2019 წლის ბიუჯეტში სადაო გახდა ხელფასებზე გამოყოფილი თანხების მოცულობა და ბევრი სპეკულაციური განცხადება წავიკითხე მედიაში. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, კომენტარი გავაკეთო აღნიშნულ საკითხზე. დღევანდელი სოციალური ფონიდან გამომდინარე, მე მგონი, უზნეობაა გააკრიტიკო მეეზოვეების, ბაღის და მუსიკალურის მასწავლებლების, სპორტის მწვრთნელების ხელფასების ზრდა და ამაზე ააწყო ოპოზიციური პიარ-კამპანია.. ზუსტად ამ ადამიანების სახელფასო ფონდი შეადგენს ოპოზიციის კრიტიკის საგანს. 2015-2016 წლებში, როდესაც ჩვენ შევძელით ამ ადამიანებისთვის გაგვეზარდა ხელფასი, ზუსტად იგივე რეაქცია მივიღეთ იგივე პარტიისგან. ამის დასადასტურებლად კმარა ვნახოთ ბიუჯეტში გათვალისწინებული სახელფასო ფონდიდან ადმინისტრაციაზე რამდენია გამოყოფილი და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. შესაძლებელია სადაო გახადო ბიუროკრატიის შენახვის ხარჯები, რაც არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს მეეზოვეების და მასწავლებლების ხელფასებს. 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ჩვენ შევძელით ადმინისტრაციული ხარჯების ბიუჯეტის მოცულობასთან შედარებით მნიშვნელოვანი შემცირება და იგი ბიუჯეტის 10 პროცენტიან ნიშნულზე დავიყვანეთ, არამგონია, ეს მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად იყოს გაზრდილი.

მივესალმები 2018 წელთან შედარებით სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდას, რაც კვლავ ძალიან აქტუალურია. 2017 წლის ბიუჯეტით ჩვენ სოციალური სფეროს დაფინანსებაზე 5,3 მილიონი ლარი გამოვყავით, რაც დაახლოებით 2-ჯერ აღემატებოდა წინა წლების მონაცემებს. რა თქმა უნდა, ამ მაჩვენებლის ყოველწლიურად გამეორება ძალიან რთულია, თუმცა ვისურვებდი, რომ აღნიშნულამდე გაიზარდოს სოციალური სფეროს დაფინანსება.

ასევე მინდა შევეხო საბინაო სამსახურის თემას. რა თქმა უნდა, მენეჯერული ხედვის საკითხია, თუ როგორ გაიმართება სამსახურები და როგორ მოხდება ფუნქციების გადანაწილება. 2014-2017 წლებში საბინაო სამსახური იყო მერიის ერთ-ერთი გამორჩეული სტრუქტურა ყველა მიმართულებით. 4 წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული იქნა 2800 საბინაო-ინფრასტრუქტურის პროექტი (წლიურად 700 პროექტი). აღნიშნული პროექტების განხორციელებამდე პროგრამების შემუშავება და ამხანაგობებთან ურთიერთობაა მნიშვნელოვანი, ხოლო შემდგომ ამდენი პროექტის მენეჯმენტი. ამასთანავე, ეს ადამინები ყოველდღიურ რეჟიმში ქუთაისის 12 ტერიტორიულ ერთეულში ემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს. ეს ყველაფერი დაახლოებით 100 თანამშრომლით ხორციელდებოდა. ამასთანავე, ამ სამსახურის ძლიერი მხარე იყო ერთად შეკრული გუნდის პრინციპით მუშაობა და ეგრეთწოდებული „კორპორატიული“ ხედვის ქონა. თანამშრომლების აბსოლუტურ უმრავლესობას 2014 წელს ყველაზე გამჭვირვალე კონკურსში (ტესტირება ჩატარდა ეროვნული ცენტრის მიერ) საუკეთესო შედეგები აქვს ნაჩვენები. მე მინდა, მათ, ისევე როგორც მერიის ყველა თანამშრომელს, კიდე ერთხელ უღრმესი მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, მათი ესოდენ დიდი ჯაფა დაფასებული იქნება ნებისმიერი ადმინისტრაციის დროს. წარმატებულ 2019 წელს გისურვებთ!", -აცხადებს შოთა მურღულია.

შეგახსენებთ, ქალაქის ყოფილი მერი, მიუხედავად იმისა, რომ  ქუთაისში აღარ საქმიანობს, აქტიურად ადევნებს თვალს ქალაქში მიდინარე პროცესებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ის ქუთაისში ჩამოვიდა და სათავეში ჩაუდგა "არა მიშას" ერთ-ერთ ოფისს. 

 

"ეს არის ჩვენი წარმატება, ამხელა ბიუჯეტი ქუთაისს არ ქონია" - გიორგი ჭიღვარია

  

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია