შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამეგრელოში ხაჭაპურის პირველი ფესტივალი გაიმართა

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62095 
 20 ოქტომბერი 2019

19 ოქტომბერს სამეგრელოში ხაჭაპურის პირველი ფესტივალი გაიმართა. ამ დღეს რუხში მთელი საქართველოდან ჩავიდნენ სტუმრები თუ კონკურსის მონაწილეები.

 

ფესტივალი გახსნეს და სტუმრებს მიესალმნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი და სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO)ხელმძღვანელი ლევან წულაია.

 

ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონული ტურიზმის მხარდაჭერას, ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციას და ტურიზმში ჩართული მხარეების/ადგილობრივი მეწარმეებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ღონისძიების მიზანია ასევე საქართველოსა და ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტის - ხაჭაპურის - პოპულარიზაცია.

ქართული გასტრონომიის ეს დღესასწაული სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოში USAID-ის „ზრდა“ პროექტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ამ შთამბეჭდავი ღონისძიების „ხაჭაპურის კონკურსში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები, მათ შორის, გურამ ბაღდოშვილის მესხური ხაჭაპური, ესმა კუნჭულიას გურული ღვეზელის საიდუმლო და ისტორია, დალი ცატავას და გასტრონომიის ასოციაციის კვლევა საქართველოს გასტრონომიული კულტურის შესახებ, ხაჭაპურის გზა  UNESCO-მდე და ყველის ასოციაციის ხელმძღვანელის ანა მიქაძის ყველის ამოყვანის მასტერ-კლასი.

ფესტივალი ასევე მოიცავდა რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსს, ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო - ბელა კუპრავა

ხაჭაპურის საუკეთესო ვარიაცია - რესტორანი „მენძელი“

ყველაზე სწრაფი მცხობელი - დარეჯან ყოლანდარია (გარდენ პალასი)

საუკეთესო მცხობელი - ნელი ბოჭორიშვილი

ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური - „ოკო“ საცხობი ქუთაისიდან

მომავალის ხაჭაპური - კოლეჯი ,,ახალი ტალღა“; საუკეთესო ხაჭაპური - რესტორანი „შინ და გორი“

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია