შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მესაქონლეობის ექსპო"-ს ყოველწლიურად გამართვის ინიციატივა დარგში არსებულ გამოწვევებზე რეაგირებაა!

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62098 
 24 ოქტომბერი 2019

 

26 ოქტომბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად, თბილისის იპოდრომზე, არც მეტი, არც ნაკლები, 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო ხალხმრავალ პოდიუმზე წარსდგება და ერთმანეთს შეეჯიბრება. დიახ, ამ დღეს სტარტს აიღებს „მესაქონლეობის ექსპო“, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება და მისი მიზანი იქნება საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა. 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია“ და „საქართველოს მერძევეობის ასოციაცია“.  ღონისძიების პარტნიორია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებენ Land O’lakes -ი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.


PSNEWS.GE-ს რედაქცია ამ მასშტაბური ღონისძიების მნიშვნელობის, მესაქონლეობის დარგში დღეს არსებული გამოწვევების, პრობლემებისა თუ მათი გადაჭრის გზების შესახებ ესაუბრა კომპეტენტურ პირებს:  საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ნინო ზამბახიძეს, პროექტის “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - საქართველო“ ტექნიკურ დირექტორს, „მესაქონლეობის ექსპო - 2019“ -ის საორგანიზაციო ჯგუფის წევრს, ლაშა ავალიანს, ორგანიზაცია „მომავლის ფერმერი“-ს ხელმძღვანელს, რუსუდან გიგაშვილს და საქართველოს მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარეს, ერთადერთ ბიოსერთიფიცირებულ მეცხოველე ფერმერს, ნიკოლოზ ბენიაიძეს. ასეევე, ვესაუბრეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თეა შველიძეს, იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომელიც დღესდღეობით ხორციელდება საქართველოში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით.

***

-სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ახორციელებს ცხოველების უფასო ვაქცინაციას სხვდასხვა საშიში დაავდების საწინააღმდეგოდ: ცოფი,ჯილეხი,თურქული, ბრუცელოზი,ტუბერკულოზი, ცხვრისა და თხის ყვავილი,ნოდურალური დერმატიტი, ღორის აფრიკული ცხელება, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. მიმდინარეობს ასევე  აქტიური ზედამხედველობის კამპანია - განაცხადა ჩვენთან საუბრისას თეა შველიძემ.  მისივე თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც დაავდებების მოცვა, ასევე - ვაქცინაციის მასშტაბიც. ამავე დროს, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა, რაც ხელს უწყობს მიკვლევადობას და ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფას. 

გარდა ამისა, დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ, ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების მშენებლობა. ქვემო ქართლსა და კახეთში გადასარეკ ტრასებზე ფუნქციონირებს 5 ასეთი პუნქტი, სადაც სეზონური გადარეკვისას სააგენტოს ვეტერინარების ზედამხედველობით  ხდება პირუტყვის დამუშავება, პარაზიტების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, ფერმერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მიმდინარეობს მათთან პირდაპირი კომუნიკაცია, იბეჭდება საინფორმაციო მასალები დაავადებების შესახებ და ასევე, სააგენტოს ვეტერინარების მიერ ტარდება სარეკომენდაციო-საკონსულტაციო სამუშაოები. 

ისეთი სახის ღონისძიებები კი, როგორიცაა "მესაქონლეობის ექსპო 2019", დამატებით ხელს შეუწყობს მესაქონლეობის დარგის პოპულარიზაციას და ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდას -აცხადებს თეა შველიძე.


როგორც ხედავთ,მიუხედავად რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამისა, რეალობაა, რომ მესაქონლეობის დარგში დღესდღეობით კვლავ მრავალი პრობლემაა, მათ შორის, ფერმერთა ინფორმირებულობისა თუ განათლების კუთხით. შესაბამისად, გამოწვევებიც მრავალფეროვანია.

-მაინც რატომ გადაწყდა საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“-ს ჩატარება და შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს ეს მასშტაბური ღონისძიება სწორედ არსებულ გამოწვევებზე რეაგირებად? - ამ საკითხზე ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ გვიპასუხა, რომ ყოველწლიურად მესაქონლეობის ექსპოს განხორციელების ეს ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს მესაქონლეობაში დღეისათვის არსებულ გამოწვევებზე რეაგირებას. კერძოდ, ქვეყანაში მკვეთრადაა შემცირებული მესაქონლეობის დარგთან დაკავშირებული პროფესიონალების რაოდენობა და მათი განათლების დონე. კერძოდ, ცხოველთა მომშენებლები, ვეტერინარები, ცხოველთა საკვების სპეციალისტები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტის გადამამუშავებელი ტექნიკოსები და სხვა.

მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში იგრძნობა პოზიტიური ტენდენცია, ქვეყანაში რეგისტრირდება ახალი, უფრო ეფექტური ვეტერინარული პრეპარატები, ცხოველთა მოვლის საშუალებები. ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის, ასევე - სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად. ვითარდება ცხოველთა კვების, რძის შემგროვებელი და გადამამუშავებელი საწარმოები. სწორედ ასეთი წარმატებული კომპანიები და ექსპერტები იქნებიან წარმოდგენილი მესაქონლეობის ექსპოზე, რათა მათ შეძლონ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. აღსანიშნავია ისიც, რომ  „მესაქონლეობის ექსპო“-ში მონაწილე ფერმერებისათვის, ღონისძიების მეორე დღეს გაიმართება კონფერენცია მსხვილფეხა საქონლის ფერმის მართვის საკითხებზე, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ უნდა იმართებოდეს თანამედროვე ფერმა. უცხოელი და ქართველი ექსპერტები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა  თანამედროვე ფერმის დიზაინი და სტანდარტები, ცხოველთა კვება, ცხოველთა მომშენებლობა და ხელოვნური განაყოფიერება. ფერმერებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მსოფლიოში არსებული თანამედროვე მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშების შესახებ - გვითხრა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ.  

 

პროექტის “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - საქართველო“ ტექნიკური დირექტორი, „მესაქონლეობის ექსპო - 2019“ -ის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, ლაშა ავალიანი, მიიჩნევს, რომ მესაქონელობის ექსპო და მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ფერმერთა ცნობიერების შეცვლას.  

-საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში საქართველოში არსებული მესაქონლეობის ინტენსიური შენახვის სისტემა ფაქტიურად სრულად გარდაიქმნა ექსტენციურ, წვრილი მეურნეობებით წარმოდგენილ სისტემად. ამ ყველაფრის პარალელურად შესუსტდა ფერმერთა ცნობიერებისა და ცოდნის დონე, თანამედროვე მიდგომებთან მათი მიღწევადობა და ბაზართან წვდომა. რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა ის, რომ ადგილობრივ წარმოებას აქვს მაღალი დანახარჯები, ხშირ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს ცხოველთა ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის სტანდარტებს და შესაბამისად, უჭირს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში მაინც შეიმჩნევა მესაქონლეობის სისტემის მოდერნიზაცია, იქმნება ახალი, თანამედროვე სტანდარტების ფერმები, შემოდის მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე საქონელი და ხდება მათი შეგუება ადგილობრივ გარემოსთან.

თუმცა ქვეყანაში ჯერ კიდევ მწვავედ დგას თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტი, რის შევსებასაც ცდილობს მესაქონლეობის ექსპოს ინიციატივა. ყოველწლიურ ღონიძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან წარმატებული ფერმერები, ცხოველთა იმპორტიორები, მესაქონლეობის სფეროში ძირითადი საშუალებების მომწოდებლები, რძისა და ხორცის გადამამუშავებლები, ფინანსური ინსტიტუციები, სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები, სხვადასხვა სერვისების მომწოდებლები და სფეროში ჩართული სხვა ექსპერტები, რითაც მესაქონლეობის ექსპოს მონაწილეებს და დამსწრეებს საშუალება ექნებათ ერთ სფეროში მოიძიონ საჭირო კონტაქტები, დაამყარონ კავშირები და განავითარონ საკუთარი წარმოება - აცხადებს ლაშა ავალიანი.


ასევე მნიშვნელოვანი მოლოდინები აქვს „მესაქონლეობის ექსპო“-სგან მის ერთ-ერთ ინიციატორს, საქართველოს მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარეს, ერთადერთ ბიოსერთიფიცირებულ მეცხოველე ფერმერს, ნიკოლოზ ბენიაიძეს. მისი თქმით, საქართველოში მაღალხარისხიანი რძის დეფიციტია. მაღალი ხარისხი და რაოდენობა დამოკიდებულია მაღალპროდუქტიულ პირუტყვზე, რომლის მოვლა და შენახვა საკმაოდ ძვირია და  საქართველოში რამდენიმე პრობლემასთან ასოცირდება:- რთული ტექნოლოგიების არცოდნა, ინფორმაციული სიმწირე, კადრების ნაკლებობა და დაბალი განათლების დონე სფეროში. ამ გამოფენით გვინდა, ერთის მხრივ, გავწიოთ ნედლი რძის პოპულარიზაცია და, მეორეს მხრივ, ვანახოთ მომხმარებელს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მაღალპროდუქტიულ პირუტყვს და ორგანიზებულ, ინტენსიურ ფერმებს რძის წარმოების ინდუსტრიის განვითარებაში. ანუ როგორ უნდა შევძლოთ, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ მაღალი ხარისხის რძე მთელი წლის მანძილზე, სეზონურობის გამორიცხვით.

ნიკოლოზ ბენიაიძე ჩვენთან საუბარში დარგში არსებულ მძიმე პრობლემებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ძალიან გაძვირდა საკვები მარცვლეული, საწვავი და სათესლე მასალები, რის გამოც ფერმერს თვითღირებულების ამოღებაც კი უჭირს დღეს.  ამას აძვირებს უცხოელი სპეციალისტების მომსახურეობის საფასური, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, სხვადასვა ჯიშების გამოცდა და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ სახელმწიფო არ დაეხმარა ახალგახსნილ ფერმებს გრანტებით, არ მოუხსნა დღგ რძემჟავა პროდუქტებს ან არ მოხდა რძის სუფსიდირება, ძალიან ბევრი ფერმა ვეღარ შეძლებს არსებობას.

 

ორგანიზაცია „მომავლის ფერმერი“-ს ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებას განსაზღვრავს, სწორედ მესაქონლეობაა. მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში დაახლოებით 1 000 000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია, თუმცა, დარგის ეფექტურობის მხრივ პრობლემები ბევრია. დაბალი პროდუქტიულობა და ჯიშები, ინფორმაციაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა, ახალი ტექნოლოგიების სიმწირე, საკვები ბაზის არარსებობა, საძოვრების არასწორი მენეჯმენტი, მუშახელის სიმწირე, ვეტერინარების და ტექნოლოგების დეფიციტი, ახალგაზრდებში ნაკლები მოტივაცია, პროფესიული განათლების სისტემის გაუმართაობა ამ დარგში,  ბიზნესისა და მეცნიერების სინთეზის არარსებობა, რგოლებს შორის კოორდინაცია - არასრული ჩამონათვალია ამ ყველაფრისა - ამბობს რუსუდან გიგაშვილი,  თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, იგრძნობა გარკვეული დადებით დინამიკაც. „ზოგადად, ვფიქრობ, რომ კარგი სტრატეგიის, დროისა და ინვესტიციების ეფექტური გამოყენებით, ჩვენ შევძლებთ მთლიან შიდა პროდუქტში მეცხოველეობის მაჩვენებლების ზრდას. მთავარია, კარგად გვქონდეს გააზრდებული, რომ თუკი ვამბობთ - მეცხოველეობის პრიორიტეტულობაზე, სამოქმედო გეგმებიც შესაბამისი უნდა მივაყოლოთ, ფერმერს უნდა ვუსმინოთ, ქვემოდან ზემოთ წამოსულ ინიციატივებს მხარი დავუჭიროთ. ამ მხრივ გარკვეული მხარდაჭერები თითქოს არის, სახელმწიფო მოწადინებულია რეფორმებისკენ, დაიწყო ცხოველთა რეგისტრაციის პროგრამა, რომლის გარეშე ვერცერთი რეფორმა ვერ გამოვა. იმედია, ამას, მიწის რეფორმაც მოყვება და თითოეული ფერმერის, შუამავალი რგოლის, კერძო და სახელმწიფო სექტორის კოორდინირებული მუშაობით ჩვენ უნდა დავდოთ კონკრეტული შედეგი" - აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.

მას მიაჩნია, რომ დღეს ფერმერი უფრო გაიზარდა, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო. დღეს უკვე მეტად ესმის, რომ ახალი ტექნოლოგიების გარეშე ფონს ვერ გავა. ცხადია, ბევრია სამუშაო და გასაკეთბელი. ფერმერმა გაიგო, რომ დაავადების მართვის გარეშე შედეგს ვერ მიიღებს და ისწავლა გარკვეული თანხების დახარჯვაც. ისიც მიხვდა, რომ მასტიტით დაავადებული პირუტყვით მიღებული რძე საშიშია და არ უნდა გამოიყენოს, ისწავლა პრევენციული ზომების მიღება, ისიც ისწავლა, რომ თუკი მცირედი თანხა მაინც აქვს, უნდა გაიმარტივოს საქმიანობა და შეიძინოს საწველი აპარატი, ისწავლა, რომ ძროხა უნდა კვებოს, ისე ვერ მიიღებს ხარისხიან და მეტ რძეს. მოკლედ, რაღაცეებში გაიზარდა, თუმცა, ასეთი ფერმერი ბევრი არაა, რაც საერთო სურათში მნიშვნელოვან ფონს ვერ ქმნის, ამინდს ვერ ცვლის. ამ მხრივ სამუშო ბევრია. აქ ისევ და ისევ დგას ექსტენციის სამასხურების მაღალი საჭიროება რეგიონებში და რადგანაც უკვე დაიდო სტრატეგია, ვფიქრობთ, ამას სამოქმედო გეგმებიც მოყვება და საბოლოოდ გვეცოდინება, როგორია სოფლის მეურნეობაში ექსტენციის მოდელი, ვინ რას აკეთბს და ვინ რაზეა პასუხისმგებელი, ვის უნდა მიმართოს ფერმერმა და როდის და ასე შემდეგ. ეს არის დღეს ჩვენი აქილევსის ქუსლი.ყოველივე ამის ფონზე, ვფიქრობ, რომ „მესაქონლეობის ექსპო“-ს ყოველწლიურად გამართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდისათვის - ასე ფიქრობს „მომავლის ფერმერი“-ს ხელმძღვანელი და თან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს პირველი პრეცენდენტია, როცა სახელმიწფო, კერძო სექტორი და დონორი ერთად დადგა და ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების ჩატარებისთვის. მეწარმეები, აგროკომპანიებმა გაიაზრეს, რომ მათაც საკუთარი წილი აგური აქვთ დასადები ამ დარგის პოპულარიზაციაში და ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, რაც კი აქამდე დადებულა. 

***

26 ოქტომბრამდე რამდენიმე დღე დარჩა და ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით პირველი „მესაქონლეობის ექსპო“-ს თვითმხილველები და გულშემატკივრებიც იმ დიდი საქმის, რასაც მესაქონლეობა-მერძევეობის დარგის განვითარება ჰქვია და რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება.



 






 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია