შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართული პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენცია გამართა

პოლიტიკა
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61941 
 12 მარტი 2019

ქართული პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენცია გამართა

- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს ქართული პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილეს ულოცავს და აცხადებს, რომ აღნიშნული თარიღი მართლაც გამორჩეული თარიღია, დიდი ისტორიითა და მნიშვნელოვანი ფაქტორებით, -  საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა გააცნო.

 

,,100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, 12:00 საათსა და 12 წუთზე, დღევანდელი მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ქალები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ 100 წლის წინ არჩევნებში, ისინი მონაწილეობას იღებდნენ პირველი კონსტიტუციის შემუშავებაში და რაც მთავარია, თავად იყვნენ დამფუძნებელი კრების არჩეული წევრები. კიდევ ერთხელ, ამ დარბაზიდან გვინდა გავაჟღეროთ დამფუძნებელი კრების წევრი ქალების სახელები: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ ბარსეგოვა-მახვილაძისა. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ მარიამ ჩხეიძეც, სწორედ ის გახლავთ პირველი ქართველი ქალი, რომელიც პირველი ქართული კონსტიტუციის შემუშავებაში მონაწილეობდა. ეს იმდენად შთამბეჭდავი ფაქტია დღემდე საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის, რომ გასულ კვირას, 8 მარტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში ქართველი მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, დამფუძნებელი კრების წევრი ქალების შესახებ, შეიძლება ითქვას, ყველაზე გაზიარებადი ინფორმაცია იყო უცხოელი მომხმარებლების მიერ”, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა სომხეთში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დააანონსა, რომელიც 13 მარტს ერევანში შედგება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, არარატ მირზოიანს.

 

ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზიტის არსებითი შედეგი, ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის გაფორმებაა. ,,სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი და შედეგებზე ორიენტირებული ვიზიტი საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში.

 

ვიზიტის არსებითი შედეგი, ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის გაფორმება გახლავთ. განზრახულობათა დეკლარაცია თავის მხრივ, ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს. ლიეტუვას ამ მხრივ დიდი გამოცდილება გააჩნია. აქვს კიბერუსაფრთხოების ძლიერი ცენტრი. შესაბამისად, მეგობარი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებით, საქართველო შეძლებს საკუთარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერშეტევებისგან დაცვას - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ვიზიტის შედეგებს”, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია