შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თბილისის 6 ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ქალების სახელები მიენიჭება

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61973 
 09 აპრილი 2019

9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეცაა და - დამოუკიდებლობის მოპოვების; 1989 წელს რუსთაველზე დაღვრილი სისხლიდან ორი წლისთავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ და პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. 

დღეს კი ამ სისხლიანი თარიღიდან 30 წლისთავზე თბილისის საკრებულომ თბილისის ქუჩებისთვის 9 აპრილს დაღუპული ქალების სახელების მინიჭებაზე იმსჯელა.

 

 სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირა ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანში, 6 ქუჩისთვის, 9 აპრილს დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას. 

 

თბილისის 6 ქუჩას მზია ჯინჭარაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მანანა ლოლაძის, ელისო ჭიპაშვილის და თამარ მამულაშვილის სახელები მიენიჭება.

როგორც თბილისის საკრებულოში განაცხადეს, 9 აპრილის ღამით, 21 დაღუპულიდან ოთხი მათგანის სახელობის ქუჩა თბილისში უკვე არსებობს.  მომავალ წელს  კიდევ 6 დაღუპულის სახელი მიენიჭება თბილისის ქუჩებს. დარჩენილი 5 დაღუპულის შემთხვევაში, ვინაიდან ისინი რეგიონებიდან არიან, თბილისის საკრებულო იშუამდგომლებს ადგილობრივ საკრებულოებთან, რომ მათი სახელდება მოხდეს საცხოვრებელი ტერიტორიების მიხედვით.

 

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ქუჩისთვის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სახელის მინიჭების თაობაზე თბილისის საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებას 2-3 კვირაში მიიღებს.

 

„სახელდება უკვე მინიჭებული აქვს ექვს ქუჩას, ხოლო შემდეგ დანარჩენი ქუჩები იქნება სახელდებული. კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენ პროცედურების გავლის შემდგომ, დაახლოებით ორ-სამ კვირაში გვექნება საშუალება, რომ საკრებულოს სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

განხილვას კომისიის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მსხვერპლთა ოჯახის წევრები, 1990 წლის 20 იანვარს, ბაქოში, მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია