შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში ბოლო ერთ წელიწადში გარდაცვლილთა შესახებ ჯანდაცვის ცენტრმა ანგარიში მოამზადა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 10 იანვარი 2019
გორის სამედიცინო ჯანდაცვის ცენტრში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გორსა და გორის რაიონში უცნობი დიაგნოზით გარდაცვლილ 282 მოქალაქის შესახებ, ანგარიში მოამზადეს. ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს აცნობა. წერილში მარინა გიუნაშვილი აღნიშნავს, რომ გარდაცვალების მიახლოებით მიზეზის დადგენის მიზნით, ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები გარდაცვლილების ოჯახებში კარდაკარ დადიან. მონაცემებს, გარდაცვალების შესახებ, უბნის ან სოფლის ექიმს, ან გარდაცვალების ადგილზე გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლები ავსებენ. ,,1 წლის განმავლობაში 0-5 წლის ასაკის ბავშვთა და 15-49 წლის (რეპროდუქციული) ასაკის ქალთა სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. ვერბალური აუტოფსია ჩატარდა 282 უცნობი დიაგნოზით გარდაცვლილ მოქალაქეზე, კარდაკარ შემოვლის პრინციპით მათი მიახლოებითი დიაგნოზის გამოსატანად." - აღნიშნავს მარინა გიუნაშვილი. 1 წლის ანგარიშს გორის საკრებულოს სხდომაზე ხვალ 11 იანვარს განიხილავენ. მარინა გიუნაშვილი ამბობს, რომ ეს იმ გარდაცვლილ ადამიანების ჩამონათვალია, რომლებიც ბინაზე გარდაიცვალნენ და არა სტაციონარში: ,,ჩვენი ცენტრის წარმომადგენლებმა გამოკითხეს როგორც ოჯახის წევრები, ასევე, მათი მეზობლები. დაახლოებით 70% გარდაიცვალა, ზეპირი გამოკითხვით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. ამ მონაცემებში შედის, მაგალითად, ისეთი ადამიანები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოძახებისას მოქალაქე ბინაზე გარდაცვლილი დახვდა. ბუნებრივია, სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები ვერ დაადგენდნენ ადგილზე გარდაცვალების მიზეზს. იყო შემთხვევები, მაგალითად, ადამიანი რუსეთიდან ჩამოასვენეს გარდაცვლილი და არავინ იცოდა მიზეზი. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მითითებულ მისამართზე არავინ დაგხვდა. ყველა ეს მონაცემი იგზავნება ჯანდაცვის სამინისტროში სწორედ დაავადებათა კონტროლისა და შემდგომი სტრატეგიის მიზნით" - განმარტავს მარინა გიუნაშვილი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია