შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით შერაზადიშვილი – მჯერა, ერთად შევქმნით მომავლის მუნიციპალიტეტს!

პოლიტიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 30 დეკემბერი 2018

ძვირფასო ბოლნისელებო, მალე 2019 წელი შემობრძანდება და ვიდრე 2018 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს შევაჯამებ, მინდა ბოლნისის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო. ბედნიერების, სიხარულისა და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს 2019 წელი, დოვლათსა და ბარაქას ვუსურვებ თითოეული თქვენგანის ოჯახს!

2018 წელი შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული და ნაყოფიერი იყო განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. განხორციელდა არაერთი მასშტაბური პროექტი, რომლებმაც მოსახლეობას უკეთესი ინფრასტრუქტურული გარემო შეუქმნა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მზარდი დინამიკა წელსაც შენარჩუნდა და უფრო მეტი და მოცულობითი პროექტის განხორციელება შევძელით.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2018 წელს 10 მილიონამდე ლარის ღირებულების 90-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, პროექტების უმრავლესობა 100 %-ით არის შესრულებული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პროექტს, რომელიც გარდამავალია და 2019 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. 
გთავაზობთ მოკლე ანგარიშს 2018 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.
 გზები და სანიაღვრე სისტემები

საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებისთვის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 20 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ადგილობრივი ბაზალტით, ბოლნისის ისტორიულ უბანში, კერძოდ: წისქვილის, მერაბ კოსტავას, ლადო ასათიანის, ფარნავაზ მეფისა და შოთა რუსთაველის ქუჩებზე 1360 გრძივ მეტრზე ქვაფენილი დაიგო საერთო ღირებულებით 1 701 382 ლარი.
4875 გრძივი მეტრის ახალი ასფალტო-ბეტონის გზების მშენებლობა განხორციელდა სოფლებში: რაჭისუბანი , ძველი ქვეში, მამხუტი, ტალავერი საერთო ღირებულებით 2 383 630 ლარი;
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით წელს ბოლნისის სიონის მონასტრიდან წუღრუღაშენის მონასტრამდე არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტი სულ მალე დასრულდება, რომლის ფარგლებში დაიგება 1700 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზა, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, საგზაო ნიშნები , შემოფარგვლა და მონიშვნა.
სანიაღვრე სისტემების მშენებლობა განხორციელდა ქალაქ ბოლნისის 4 ქუჩაზე საერთო ღირებულებით 325 591 ლარი.
 საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა

საკანალიზაციო ქსელი მოეწყო სოფელ ტანძიაში ღირებულებით 12 737 ლარი, დაბა კაზრეთში 156 945 ლარი, და დაბა თამარისის N13 და N15 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ღირებულებით 45 690 ლარი.
 რიტუალების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 10 სოფელში: ზემო ბოლნისი, მამხუტი, ჭაპალა, ძველი ქვეში, ზვარეთი, სამწევრისი, ქვემო ბოლნისი, ტანძია, აკაურთა, ჯავშანიანი-საერთო ღირებულებით 248 899 ლარი.
გარდა ამისა უკვე დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რიტუალების მშენებლობა სოფელ ძეძვნარიანში, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 სასმელი წყლის სისტემები
2018 წელს დასრულდა ქალაქ ბოლნისის სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები . ქალაქ ბოლნისის სასმელი წყლის 2500 ტონიანი რეზერვუარის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა , ევროპის განვითარების ბანკის დაფინანსებით განახორციელა.

პროექტის ფარგლებში ასევე აშენდა ახალი საქლორატორო ნაგებობა, რომელიც თანამედროვე ტიპის საქლორე მოწყობილობებით აღიჭურვება.
პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი გაუუმჯობესდა.
 საცხოვრებელი სახლების გადახურვა
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 2018 წელს მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ 37 ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავები გადაუხურა. 
პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შეიმუშავა, მომავალ წელსაც გაგრძელდება.

 მელიორაცია
წელს სოფელ რაჭისუბანში ყოფილი სარწყავი სატუმბო სადგურისა და ქსელის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა 184 948 ლარის ღირებულების, რითაც სოფელში არსებული სარწყავი წყლის საკითხი მოგვარდა.
 2018 წელს სოფელ კიანეთისა და ჯავშანიანის 3 700 მეტრის მოცულობის სარწყავი არხი მოპირკეთდა, რითაც წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა აღნიშნულ სოფლებში.
 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასა და სავანეთის 2600 ჰექტარ სავარგულზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.


 ახალი ლიფტის შახტები
დაბა კაზრეთში არსებული კორპუსების ლიფტის შახტების რეაბილიტაცია წელსაც განხორციელდა.
დამონტაჟდა 16 ახალი ლიფტი. დაბაში არსებული 68 ლიფტის შახტიდან რეაბილიტაციას 26 საჭიროებს, რომელიც 2019 წელს შეიცვლება.

 ევროკავშირის გრანტი
2018 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში პირველად არის წამყვანი პარტნიორის პოზიციაზე. პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ საერთო ბიუჯეტი არის 380 000 ევრო, აქედან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენს 60 000 ევროს. პროექტი განხორციელდება 3 წლის განმავლობაში (2018-2021წწ), რომლის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარება და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების სტიმულირება, მყარ ინფრასტრუქტურასა და მეწარმეთა ბიზნეს ადმინისტრირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში თანხების ინვესტირებით. 
პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო აგროცენტრის მშენებლობა, რომელიც ღვინის ჩამოსასხმელით, ყველისა და ბოსტნეულის შესაფუთი დანადგარებით იქნება აღჭურვილი. პროექტის ფარგლებში ასევე „კატერინენფელდის ტერიტორიაზე“ თ.სტეფანიას ქუჩის კეთილმოწყობა და ბიზნეს კლასტერების ჩამოყალიბებაა გათვალისწინებული.

 სპორტული მოედნები
2018 წელს თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე სამხრეთ ტრიბუნისა და შემოღობვის დემონტაჟი განხორციელდა . პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 700 000 ლარი, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით კი მოხდა მინდვრის საფარისა და სადრენაჟე სისტემების მოწყობა. რეაბილიტაციის შემდეგ, სტადიონს მიენიჭება II კატეგორია და კლუბი შეძლებს სტადიონზე ჩაატაროს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო გათამაშების 2 ეტაპი, ამასთანავე, აღნიშნულ სტადიონზე შესაძლებელი იქნება ამხანაგური და ოფიციალური მატჩები გამართონ საქართველოს ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივმა გუნდებმა. 
 ქალაქ ბოლნისში, ჯანსუღ კახიძის ქუჩაზე მდებარე N6 საბავშვო ბაღის მიმდებარედ ახალი მინი სტადიონი და სკვერი აშენდება. სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, უკვე დაწყებულია და 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 ქ. ბოლნისში, პეტრე იბერის ქუჩა N3-ში 2018 და 2019 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში კიდევ ერთი ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყობა.

 სკოლები
2018 წელს, მცირეკონტიგენტიანი სკოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ქვემო ბოლნისის N1 (ფოლადაურის) თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაწყებითი სკოლის ახალი შენობა აშენდა. მშენებლობა სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2018 წლის სამოქმედო გეგმით განხორციელდა.
 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2018-2019 სასწავლო წელი ორ რეაბილიტირებულ სკოლაში განახლდა. ქალაქ ბოლნისის N5 და სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლებს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.

 ბაღები
2018 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სრულად რეაბილიტირდა N2 საბავშვო ბაღი. ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა საერთო ღირებულებით 458 293 ლარი. პროექტის ფარგლებში შენობას სრულად ჩაუტარდა ყველა საჭირო გარე და შიდა სარემონტო სამუშაო, შეიცვალა კომუნიკაციები, წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა, გადაიხურა თანამედროვე ტიპის სახურავით, ასევე კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა გასართობი ატრაქციონები. არსებული 12 ბაღიდან 10 სრულად რეაბილიტირებულია,რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს.

 სოციალური პროგრამები
ბოლნისს აქვს მთელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული სოციალური მუნიციპალური პროგრამა, რომელიც საზოგადოების ყველა ფენაზეა გათვლილი. პროგრამა უზრუნველყოფს: ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების, სოციალურად დაუცველი, შშმ. პირების,დევნილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანთა სამედიცინო დახმარებას (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა და რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარების ყოველთვიურ უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფას (ეპილეფსია, პარკინსონი, ონკოლოგიური და ბრონქიალური ასთმით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა), ფსორიაზით დაავადებული პირების დახმარებას (700 ლარის ოდენობით), ლეიშმანიოზით დაავადებულთა დახმარებას, რეინტეგრირებული, ასევე შშმ ბავშვების ყოველთვიურ ფულად დახმარებას, სოციალურად დაუცველი 1 წლამდე ბავშვების ყოველთვიურ ფულად დახმარებას, მხედველობა დაქვეითებული და უსინათლო შშმ პირების ყოველთვიურ დახმარებას, არასრულწლოვანთა ლოგოპედის მომსახურებით უზრუნველყოფას,სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების ყოველთვიური ბინის ქირით უზრუნველყოფას, ზამთრის სეზონისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერად ფულად (250 ლარი) დახმარებას. 
ბოლნისი ერთადერთი თუ არა ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებს შორის, რომელიც სტუდენტებს ყოველთვიურ სტიპენდიებს ურიცხავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა წელს 300-მდე სტუდენტის სტიპენდიით უზრუნველყოფა შეძლო, ახალგაზრდები ყოველთვიურად 50 ლარიდან 100 ლარის ოდენობით ფინანსდებიან. ყოველთვიურად ფინანსდება 71 სპორტსმენიც (50-100-150 ლარის ოდენობით). 
წელს პროგრამის ფარგლებში 3100-ზე მეტ ბენეფიციარს გაეწია დახმარება. სოციალური მიმართულებით 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 966 800 ლარი დაიხარჯა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში არის 3 სოციალური საცხოვრისი, სადაც 38 ოჯახი უზრუნველყოფილია ბინით, პირველადი საჭიროების ნივთებითა და ავეჯით. გარდა ამისა ყველა ოჯახს ყოველთვიურად მუნიციპალიტეტი უფასოდ უზრუნველყოფს ელექტრო ენერგიითა და ბუნებრივი აირით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 24 საათიანი მომსახურებით სათნოების სახლი, სადაც განთავსებულია 12 მობინადრე. შინ მოვლის სერვისით სარგებლობს 30 ბენეფიციარი, ხანდაზმულთა დღის ცენტრით ქ. ბოლნისში (50 ბენეფიციარი), პროექტის „ღირსეული სიბერე“ ფარგლებში დაბა კაზრეთში ხანდაზმულთა დღის ცენტრის ფარგლებში გვყავს 130 ბენეფიციარი.
მუნიციპალიტეტი ასევე უზრუნველყოფს – 350 ბენეფიციარის უფასო კვებას. 
ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა შესწავლილ იქნეს თითოეული ხანდაზმულის პრობლემა, რაც გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში.
 ჯანდაცვა
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ბოლნისში ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდა. თანამედრო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

 ტურიზმი
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ტურიზმის განვითარება. ბოლნისის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნია ღვინის ტურიზმის განვითარების კუთხით. ბოლნისში წარმოებული ქვევრის ღვინო დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და ღვინით ისეთი ცნობილი სომელიეები ინტერესდებიან, როგორიც ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკია. წელს ლიზა ბოლნისს რამდენჯერმე ესტუმრა. იგი ქართული ღვინის წარმოებისა და ტრადიციების შესახებ წიგნს წერს, სადაც მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლნურ ღვინოებს დაეთმობა. ბოლნისური ღვინით წელს იტალიელი პროფესიონალი მეღვინეები და სომელიეები დაინტერესდნენ, ბოლნისს ესტუმრნენ და ქვევრის ღვინოები დააგემოვნეს. 
2018 წელს ბოლნისის მცირე საოჯახო მარნების მიერ წარმოებულმა ღვინოებმა რამდენიმე მნიშვნელოვან ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და მაღალი სინჯის მედლებითაც დაჯილდოვდა. 
წელსვე, ქართული ვაზისა და ბოლნური ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ბოლნისის მუნიციაპლიტეტმა, კომპანია ,,არემჯიმ“ და მეღვინეთა გაერთიანებამ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სამმხრივი მემორანდუმი გააფორმა.
ბოლნისი მიკროზონის სტატუსს ელოდება. საქპატენტმა გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკასა” და გაზეთ ,,ბოლნისში“ გამოაქვეყნა საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ განაცხადის მასალები.სავარაუდოდ მომავალი წლის თებერვალში ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ,,ბოლნისი” დაემატება. 
წელსვე მუნიციპალიტეტმა ჩაატარა ღონისძიება ,,აღმოაჩინე ბოლნისი-კატარინენფელდი“, რომელიც ტურიზმის განვითარებას ემსახურებოდა. სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ ბოლნისის ისტორიული ძეგლები, შემდეგ მონაწილეობა მიეღოთ ელიას მთაზე ახლადგაჭრილ ტერასებზე ვაზის დარგვის ცერემონიალში და ბოლოს დაეგემოვნებინათ და შეეფასებინათ ბოლნისში საოჯახო მარნების მიერ წარმოებული ღვინო.
ტურიზმის განვითზარებასა და ბოლნისის პოპულარიზაციას ემსახურებოდა ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია“, რომელიც წელს სოფელ ფოლადაურში ჩატარდა. ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში ბოლნისმა საუკეთესო მუსიკოსებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან და სხვა ქვეყნებიდან უმასპინძლა.

 მიმდინარეობს ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობა, რომელიც 2019 წელს გაიხსნება. ბოლნისის ახალი მუზეუმი იქნება საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოეწყობა დროებითი გამოფენები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება. მუზეუმი შეასრულებს მუნიციპალიტეტში კულტურის, არაფორმალური განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ფუნქციას, სადაც იმუშავებს მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი.

 გაზიფიცირება
მიმდინარე წელს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები განხორციელდა 11 სოფელში , ქსელის მოწყობა უკვე დასრულდა დისველში, ტანძიაში, აკაურთაში, ძეძვნარიანში, ფოცხვერიანსა და იწრიაში. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ სოფლებში: (გეტა, ზემო არქევანი, ქვემო არქევანი, მამხუტი და ხატავეთი.

მინდა რამდენიმე სიტყვით კულტურასა და სპორტსაც შევეხო. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორივე სფერო სათანადოდ მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი, მაგრამ გამოვარჩევდი წლის კულტურულ მოვლენას, ,,ბოლნისქალაქობას“ , რომელიც დატვირთული იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული, ფართომასშტაბიანი კულტურული აქტივობებით , რომელმაც წარმოუდგენელი წარმატებით ჩაიარა. პირველად ჩვენი ქალაქის სახელობითი დღესასწაული შარშან ჩავატარეთ, სადაც ჩაეყარა საფუძველი ბოლნისის საპატიო მოქალაქეების არჩევასაც. 
რაც შეეხება სპორტს, სხვადასხვა სფეროში ჩვენმა სპორტსმენებმა არაერთ წარმატებებას მიაღწიეს. 
მინდა გამოვყო ჩვენი თანამოქალაქე ვახტანგ ლაბაძე, რომელიც წელს ევროპისა და საქართველოს ჩემპიონი გახდა მკლავჭიდში.
გამოვარჩევდი ასევე 22 წლის ბოლნისელ ახალგაზრდა სპორტსმენს ნოდარ ბერიანს, რომელმაც პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში ევროპის სტუდენტურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა და ძიუდოში, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში , ევროპის უნივერსიადა მოიგო.
საფეხბურთო კლუბ სიონმა კი ეროვნულ ლიგაში ასპარეზობის საგზური წელსაც მოიპოვა. იმედი გვაქვს ,,სიონი“ თავის გულშემატკივარს კიდევ არაერთხელ გაახარებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 22 მილიონ 231 ათასი ლარით განისაზღვრა. ადგილობრივი ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 4 მილიონი ლარითაა გაზრდილი. სამომავლოდ რა თქმა უნდა გაგრძელდება ინრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

 2019 წელს ბოლნისისა და მარნეულის წყალარინების სისტემის მშენებლობა დაიწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყებს, რომელსაც აზერბაიჯანული კომპანია ‘’Akelik Group“ შეასრულებს. ბოლნისის წყალარინების ამჟამინდელი ინფრასტრუქტურა არაეფექტიანია და არ ასახავს მოთხოვნილებებს მზარდი მოსახლეობის პირობებში. პროექტის დასრულების შემდეგ, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით სრულად ისარგებლებს ქალაქი ბოლნისი, დასავლეთ ნაწილში კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება.

 2019 წელს ბოლნისში იუსტიციის სახლი აშენდება. სამშენებლო სამუშაოები იანვარში დაიწყება. ბოლნისის მოსახლეობას საშუალება ექნება ერთ სივრცეში 400-მდე სახელმწიფო სერვისი მიიღოს.

 2019 წელს ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების ახალი პოლიციის შენობის გახსნაც იგეგმება. სამშენებლო სამუშაოები ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს.

 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდში ბოლნისში უამრავი რამ გაკეთდა, ვიცით, რომ ბევრი პრობლემაც არსებობს. ჩვენს გუნდს აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი რამდენიმე წლიანი სამოქმედო გეგმა , რომელიც ეტაპობრივად, რეალურად განხორციელებულ პროექტებში აისახება.

მჯერა, ერთად შევქმნით მომავლის მუნიციპალიტეტს!


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია