შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 01 იანვარი 2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური მოსახლეობას ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს და უსურვებს ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებას. სოციალური სამსახური მუდმივად ჩართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თითოეული მოქალაქის მდგომარეობას ეცნობა და აქვს უშუალო კონტაქტი მათთან. „ჩვენს თანამშრომლებს კარგად აქვთ გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე და მათი ღირებულებები, სწორედ ამიტომ, მუდმივად მიმდინარეობს პროგრამებზე მუშაობა, რომ ბიუჯეტში გათვლილი თითოეული თეთრი ზუსტად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე. ჩვენი სამსახური მუდმივად ცდილობს დანერგოს სიახლეები სოციალური კუთხით, სწორედ ამიტომ, არაერთ სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც სოციალურ ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ახორციელებენ არაერთ პროექტს. რაც შეეხება წლიური მუშაობის გეგმას, უშუალოდ წარმოგიდგენთ ყველა იმ საქმის შეჯამებას, რომლის შესრულებისთვისაც მუდმივ მზადყოფნაში ვართ. 33 შშმ პირს გადაეცა ეტლი, მუნიციპალური ყოველთვიური პენსიით სარგებლობს 76 გაუარესებული მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი (100 ლარი), 18-26 წლამდე 7 შშმ პირი (რომლებიც ვერ გადაადგილდებიან და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს – 150 ლარი), 63 შშმ ბავშვი (რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მომვლელს – 150 ლარი), 20 ყრუ-მუნჯი შშმ (50 ლარი), 38 დიალეზით მოსარგებლე ბენეფიციარი (50 ლარი), რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართული 3 ბავშვი (100 ლარი), მინდობით აღზრდის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ დახმარების საჭიროების მქონე 2 ბენეფიციარი (150 ლარი). ზამთრის სეზონზე გასათბობად 214 ოჯახს გაეწია მატერიალური დახმარება, თითოეულს 250 ლარის ოდენობით. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეუქცევადი დაავადებებით დაავადებულ ყველა ბენეფიციარს ყოველთვიურად ვუფინანსებთ მედიკამენტებს (ბრონქიალური ასთმა, ეპილეფსია, პარკინსონი, ფილტვის ოფსტრუქცია, ონკოლოგიური დაავადებები), მიმდინარე წელს ამ პროგრამით ისარგებლა 202-მა ბენეფიციარმა, 214 სტუდენტი ჩართულია მუნიციპალური სტიპენდიის პროგრამაში. გვაქვს სათნოების სახლი, სადაც 15 ხანდაზმული ცხოვრობს, ხოლო იმ ხანდაზმულებს, ვისაც მომვლელი არ ჰყავს, უზრუნველვყოფთ შინ მოვლის სერვისით (ჩართულია 30 ბენეფიციარი), 350 ბენეფიციარს უზრუნველვყოფთ უფასო კვებით (შაბათ-კვირის გარდა). ეს მცირედი ჩამონათვალია იმ საქმეებისა, რომელსაც ყოველწლიურად გადის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური, გარდა პროგრამით გათვალისწინებული დახმარებებისა, განსაკუთრებული საჭიროებების განსახილველად შექმნილია კომისიები, სადაც განიხილება თითოეული მოქალაქის საჭიროება და ხდება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ოჯახი, სადაც თითოეული ბენეფიციარი თავს გრძნობს დაცულად და რაც მთავარია მუდამ მზად ვართ ვიზრუნოთ მათზე“.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია