შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისელი ანა კულდონაშვილი საუკეთესო ფეხბურთელის რანგში დააჯილდოვეს – ახალ წელს ანა იტალიიდან გვილოცავს

სპორტი
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 05 იანვარი 2019

ახალ წელს ქვეყნიდან შორს, იტალიაში შეხვდება, განიცდის ახლობელი ადამიანების გარეშე, მისთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულის მობრძანებას, თუმცა სევდას და ნოსტალგიას დიდი სიამაყით, წარმატებებით და ქვეყნის გარეთ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულით უმკლავდება. „მადლობა უფალს ამ დიდი ჯილდოსთვის, ვთვლი, რომ მიზანს ნაწილობრივად მივაღწიე, ეს წარმატება და ღმერთის წყალობა კიდევ უფრო მამხნევებს, მიძლიერებს ადრენალინს და მმატებს ჟინს, უფრო ბევრის მისაღწევად, რომ ჩემს ოცნებებს და მიზნებს ფრთები შევასხა“. ეს სიტყვები ბოლნისელ ანა კულდონაშვილს ეკუთვნის, რომელიც ქალთა საფეხბურთო კლუბ თბილისის „თბილისი“-ს ფეხბურთელია. ანაზე, გაზეთ „ბოლნისმა“ რუბრიკა „წარმატებული“ გასულ წელსაც მოამზადა, მაშინ ის სხვა ქვეყანაში თამაშზე ოცნებობდა, რაც ახალგაზრდა, შრომისმოყვარე,  მიზანდასახულ გოგონას აუხდა,   ქვეყნის სახელი საზღვრებს იქით გაიტანა და იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელის რანგში დაჯილდოვდა. იყო კონკურენცია, სინჯები, წვრთნები, უცხო მოედანზე ძლიერ ფეხბურთელებთან თამაში, ანამ კონკურენტუნარიან გარემოში გაიტანა გოლი, იგი საუკეთესოთა შორის შეირჩა და ერთწლიანი კონტრაქტიც გაფორმდა. „29 ოქტომბერს დავტოვე საქართველო, მანამდე კი რამდენიმე თვით ადრე ჩამოგვიყვანეს ფეხბურთელები და შეგვარჩიეს. მქონდა რთული პერიოდი, იყო დიდი კონკურენცია, რაღაც განსაკუთრებული უნდა გაგეკეთებინა, რომ  დაგემკვიდრებინა თავი, მიზანს ნაწილობრივ მივაღწიე და კონტრაქტი საფეხბურთო გუნდ „კაპრერა“-ში გავაფორმე“.

ანა თვლის, რომ ცხოვრების ეს ეტაპი გადალახა, მოიპოვა საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, თუმცა მას არ სჯერდება, იბრძოლებს, იშრომებს და ღმერთის რწმენითა და წყალობით, იმ მწვერვალებს დაიპყრობს, რომელზედაც ყველა დამწყები თუ შემდგარი სპორტსმენი ოცნებობს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი დარდობს, რომ ახალ წელს შინ არ ხვდება, თუმცა იტალიიდან დიდი სიყვარულით უერთდება და ულოცავს მისთვის განსაკუთრებულ ადამიანებს.

„მთელ საქართველოს ვულოცავ ახალ 2019 წელს, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ ჩემს ქვეყანას. ეს წელი მშვიდობის, ბედნიერების, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს. ადამიანები ბედნიერი და სიკეთით სავსენი დადიოდნენ. მინდა რომ აღარასოდეს მენახოს სევდიანი და მოწყენილი თვალები. „თბილისის“ გუნდს კი  წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ. იშრომონ ბევრი, იბრძოლონ და არ დაკარგონ საკუთარი პიროვნება. შემდგარ ფეხბურთელად ვერ ჩამოყალიბდები, თუ კარგი ადამიანი არ ხარ“.

პ.ს. ჩვენ კი ანას ბევრ წარმატებებს და კარიერულ ზრდას ვუსურვებთ.

მარინა გავაშელი


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია