შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მარიამი პატარა ასაკშივე მიხვდა, რომ მომავალში აუცილებლად დაეხმარებოდა ბავშვებს და მათ ცხოვრებას ფერადს გახდიდა

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 02 თებერვალი 2019

    სოფელ რატევანში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, მხიარული და ენერგიული მარიამის ლაღი და ოცნებით სავსე ბავშვობა უფროსი ძმის გარდაცვალებამ შეცვალა, დაიწყო რთული პერიოდი, უემოციო დღეები და სიმარტოვე, გაუცხოვდა ყველასგან და ყველაფრისგან, რაც მის ცხოვრებას დიდხანს გაჰყვა, პატარა ასაკშივე მიხვდა, რომ დაიკარგა, სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ მომავალში აუცილებლად მასავით დაკარგულ პატარებს დაეხმარებოდა და მათ ცხოვრებას ფერადს გახდიდა. დღეს ბედნიერია, იპოვა საქმე, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს, მუდამ სიახლეების ძიებაში მყოფი ცდილობს გაიზარდოს და საკუთარი ცოდნა სხვებს მოახმაროს. „გაზეთი ბოლნისის“ სტუმარი პროფესიით ფსიქოლოგი მარიამ ტატუაშვილია.

  ძალიან მიყვარს ბუნება და მასთან დაკავშირებული ყველაფერი.  სოფლის განაპირა სახლში ვცხოვრობდი, სადაც  წიწვოვანი ხეებით ხელოვნურად გაშენებული პატარა გორა იყო – ჩვენი თავგადასავლების ადგილი. ჩვენში ვგულისხმობ  იმ ბავშვებს, რომლებიც  უბანში გაიზარდნენ. ისინი ჩემზე დიდები იყვნენ და მალევე თბილისში წავიდნენ სასწავლებლად.  მარტო მე და ჩემი ძმა დავრჩით, რომელიც მუდამ მეგობარ ბიჭებთან იყო ხოლმე.   ეს პაწაწინა ტყე  ჩემი თავშესაქცევი გახდა და ხშირად ვსტუმრობდი მას. სწორედ აქ დავწერე  პირველი ლექსი კურდღელზე, რომელიც საკუთარი ცხოვრების თავგადასავალზე ყვება.

-მარიამ, გვიამბე შენს ბავშვობაზე, ოჯახზე.

    – როცა ჩემ ბავშვობაზე ვყვები,  ვიწყებ იმით, რომ ერთი წლის 21 კილო ვიყავი,   სურათიც თუ თან მაქვს, დიდი სიყვარულით ვაჩვენებ ხოლმე მსმენელს. არ ვიცი ასე ძლიერ რატომ მიყვარს ჩემი ცხოვრების ეს პატარა დეტალი, მაგრამ…

        სოფელ რატევანში დავიბადე, ერთ დიდ, მოსიყვარულე ოჯახში ვცხოვრობდით ხუთი დედმამიშვილი, დედ-მამა და პაპა-ბებია.

       დედაჩემი შესანიშნავად მღეროდა, ძალიან მიყვარს მასზე ლაპარაკი. სწორედ მან მასწავლა სიმღერა, რასაც ბავშვობიდან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. კალთაში დამისვამდა ხოლმე და ასე მასწავლიდა სიმღერას.დედა ლექსებს წერს და ძალიან ვამაყობ მისით. მამა ასევე შესანიშნავი ადამიანია, გულკეთილი, მშრომელი და კაცთმოყვარე. დედა მეუბნება მამას გავხარო.

 პაპა-ბებია ისე გვიყვარდა მე და ჩემ ძმას, დიდი პაექრობა გვქონდა,  თუ ვინ  დაიძინებდა  მათთან. პაპა ხელოსანი იყო და ძალიან მიყვარდა მის სახელოსნოში ჩხირკედელაობა, ის  პატარ- პატარა საგნების  კეთებას მასწავლიდა. განტვირთვისთვის ახლაც მიყვარს   სახელოსნოში რაღაცეების კეთება. ბებიაჩემი მედეა,  საოცარი ქალბატონი, დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია და მისი ყველა რჩევა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „საყურესავით“ მაქვს გაყრილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება